ჩიხუახუა

სალამი…

თითქმის სამი თვეა, ახალი პოსტი არ დამიწერია და მივატოვე ჩემი ბლოგი, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ბლოგის სტატისტიკას და მიხარია, რომ სულ უფრო მეტი ნახვა აქვს ჩემს ბლოგს ძაღლებზე 🙂 ასევე მახარებს ისიც, რომ გამოკითხვებში ხმების მიცემისა და ბლოგის მიმდევრების რიცხვმაც იმატა. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ ყველას, ვინც კითხულობთ ჩემს პოსტებს. 🙂

დღეს მინდა ახალი პოსტი შემოგთავაზოთ ძაღლის იმ ჯიშზე, რომელიც ყველაზე პატარა ზომის ჯიშად ითვლება ძაღლებში და ბევრ ცნობილ სახეს კომპანიონად აურჩევია კიდეც თავისი მცირე ზომისა და საყვარელი იერის გამო. ალბათ მიხვდით, რომ ეს ძაღლი ჩიხუახუაა:

ჩიხუახუა

მოკლებეწვიანი ჩიხუახუა

ძაღლის ჯიში:                                     ჩიხუახუა

წარმომავლობა:                                მექსიკა

ფერი:                                          თეთრი, შავი, ჩალისფერი და ბევრი სხვა ფერი

ბეწვის ტიპი:                              მოკლე და გრძელბეწვიანი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  15 – 25 სმ;  ძუ – 15 – 25 სმ

წონა:                                            ხვადი – 1.8 – 2.7 კგ;  ძუ – 1.8 – 2.7 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  ჩვეულებრივ 2 – 5 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     12 – 20 წელი

 

წარმოშობის ისტორია:

ჩიხუახუას წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული და ბევრი თეორია არსებობს ძაღლის ამ ჯიშის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ფოლკლორული, ისევე, როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს იმას, რომ ჯიში წარმოიშვა მექსიკაში. ყველაზე მეტად სარწმუნო თეორია კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩიხუახუა წარმოიშვა ე.წ. ”ტეჩიჩი”-სგან (Techichi), რომელიც წარმოადგენდა მექსიკაში არსებული ტოლტეკების ცივილიზაციის მფარველობაში მყოფ კომპანიონ ძაღლს და ასე გამოიყურებოდა:

ტეჩიჩი

ტეჩიჩი

ჩანაწერები ტეჩიჩის შესახებ არაა შემონახული 9-ე საუკუნემდე, თუმცა მიიჩნევა, რომ მექსიკაში, კოლიმაში აღმოჩენილ ქოთნებზე, რომლებზეც ძაღლებია აღბეჭდილი და თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე 300 წლით, სწორედ ტეჩიჩია გამოსახული.

ქოთნები ძაღლის გამოსახულებით, რომლებიც აღმოაჩინეს აშშ-ში: ჯორჯიისა და ტენესის შტატებში, თარიღდება ჩვ.წ. აღ-ით 1325 წლით და ეკუთვნის ჩიხუახუას. ერნან კორტესი 1520 წელს დაწერილ წერილში წერდა, რომ აცტეკები აშენებდნენ და ყიდდნენ პატარა ძაღლებს, როგორც საკვებს. მე-19 საუკუნის დასაწყისის კოლონიური ჩანაწერები აღწერს პატარა, თითქმის უბეწვო ძაღლებს. ამ ჩანაწერებიდან ერთ-ერთი ადასტურებს, რომ მე-16 საუკუნის კონკისტადორებმა ასეთი ძაღლები საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს იმ რეგიონში, რომელსაც დღეს უკვე ჩიხუახუა ეწოდება.

მიჩნეულია, რომ ჩიხუახუას ჯიშის წინაპარი აღმოჩენილია 1850 წელს მექსიკის არქეოლოგიურ ძეგლ კასას გრანდეს-ის (ესპ. Casas Grandes) ნანგრევებში მექსიკის შტატ ჩიხუახუაში, რომლისგანაც ძაღლის ეს ჯიში იღებს სახელწოდებას. ქოთანი ე.წ. ”ირმის თავიანი” ჩიხუახუას გამოსახულებით, რომელიც აღმოჩენილია კასას გრანდესში და თარიღდება ჩვ.წ.აღ-ით 1100-1300 წლით, წარმოაჩენს ძაღლის ამ ჯიშის გრძელ ისტორიას ამ ტერიტორიაზე. ასევე არქეოლოგიურ ძეგლად აღიარებულ ტრეს საპოტეს-ში (ესპ. Tres Zapotes), რომელიც მექსიკაში, ვერაკრუზში მდებარეობს, აღმოჩენილია ბორბლებიანი ძაღლის სათამაშო, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-ით 100 წლით და თანამედროვე ჩიხუახუას გარეგნობისა და ზომის იდენტურია. ეს ფაქტი იმის არაპირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ჯიში მექსიკაში პირველი ევროპელების გამოჩენამდე 1400 წლით ადრე არსებობდა. ჩიხუახუა მუდმივად პოპულარული იყო, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ძაღლის ამ ჯიშის პირველი აღიარება მოხდა ამერიკული კენელ კლუბის მიერ 1904 წელს.

ქცევა და ხასიათი:

ზოგადად, ჩიხუახუა შესაძლოა ადვილად გაღიზიანდეს და გადავიდეს შეტევაზე, ამიტომ ისეთ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვები არიან, მათი ყოლა არაა მიზანშეწონილი. ძაღლის ამ ჯიშს ახასიათებს უსაშველო ერთგულება და შეჩვევა ერთი კონკრეტული პატრონისადმი და ზოგ შემთხვევებში შეიძლება ადამიანის მიმართ ზედმეტი მზრუნველობაც (დაცვაც) და ეჭვიანობაც კი გამოხატოს, განსაკუთრებით კი სხვა ადამიანებთან ან ცხოველებთან მიმართებაში. ჩიხუახუა ყოველთვის ვერ ეწყობა ძაღლის სხვა ჯიშებს და აქვს ე.წ. ”კლანური” ბუნება, იგი ჩიხუახუებთან ან მათ მეტისებთან ურთიერთობას ამჯობინებს სხვა ჯიშის ძაღლებთან ყოფნას.

ჩიხუახუა თავისი ზომის მიუხედავად, ძალიან ამაყი და ჯიუტია. ითხოვს ყურადღებასა და მოფერებას. გაბრაზების, აღელვებისა თუ შეციების დროს იწყებს კანკალს. ასევე არის ძალიან ხმაურიანი, ამიტომ ყეფას ნუ შეაჩვევთ.

მოვლა:

როგორც აღწერილობაშია მოცემული, არსებობს ორი ტიპის ჩიხუახუა: მოკლე და გრძელბეწვიანი. ბეწვი ადვილი მოსავლელია. გრძელბეწვიან ჩიხუახუას ბეწვი ყოველდღე უნდა დავარცხნოთ. მოკლებეწვიანს – უფრო იშვიათად. შეგიძლიათ, კარგად გაწურული ჩვრითაც გაწმინდოთ. აბანავეთ თვეში ერთხელ, გაუფრთხილდით, რომ წყალი არ ჩაუვიდეს ყურებში.

ძაღლის ეს ჯიში, განსაკუთრებით კი მოკლებეწვიანი ჩიხუახუა ცუდად იტანს სიცივეს,ამიტომ მისთვის აუცილებელია თბილად ჩაცმა. ამ ძაღლის ხელში აყვანილი ტარება ძალზედ სასიამოვნოა, თუმცა მისთვის უკეთესია, თუ სეირნობისა და გარემოს შესწავლის საშუალებას მისცემთ. გაასეირნეთ იგი პარკში და ავარჯიშეთ მოკლე მანძილზე სიარულში. საყელურის ნაცვლად, ჯობს ატაროთ სპეციალური შესაბმელით, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნება. როცა ეშინია, ჩიხუახუამ იცის გახტომა, ამიტომ ფრთხილად იყავით, როცა ხელში გიჭირავთ. მოერიდეთ ასევე მის ზედმეტად გამოკვებას, რადგან შედეგად ძაღლის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნით, რამაც მისი სიცოცხლის შემოკლებამდე და დიაბეტის განვითარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჯანმრთელობა:

ჩიხუახუასათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

ჰიდროცეფალია – სითხის დაგროვება თავის ტვინის ღრუებში, რის შედეგადაც თავი უჩვეულოდ სივდება.

ჩაღრმავებული უბანი თავის ქალაზე, ე.წ. ყიფლიბანდი – ზოგიერთ ჩიხუახუას თავზე ხელს თუ დააჭერთ, შეიგრძნობთ რბილ და მრგვალ ღრუს კანქვეშ, ნათხემზე. ასეთი აქვთ ახალშობილებს (ყიფლიბანდი), თუმცა მათი ძვლების კიდეები მალე ერთდება. მიუხედავად ამისა, ლეკვობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება და მოვლაა საჭირო, სანამ თავის ქალის სრული ფორმირება არ მოხდება.

ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცველობის დაწევა. ეს განსაკუთრებით საშიშია ლეკვებისათვის. უყურადღებობის შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: ძილიანობა, ლეთარგია (მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; შესაძლოა გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან დღეს), ენერგიის არქონა, არაკოორდინირებული სიარული, თვალების ფოკუსის უქონლობა, კისრის კუნთების სპაზმები, გულის წასვლა.

თვალის დაავადებები: მშრალი ჰაერის, მტვრისა და სხვადასხვა ალერგენების გამო შესაძლოა ჩიხუახუას თვალები გაუღიზიანდეს და სითხე წამოუვიდეს. თვალების ყოველდღიური წმენდა თავიდან აგაცილებთ და შეამცირებს დაავადებების რისკს.

კბილების მოვლა: ჩიხუახუებს ზოგჯერ აქვთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემებიც, რაც უკავშირდება მათ მიერ საკვების ამორჩევით მიღებას. ძაღლს კბილები რომ კარგ მდგომარეობაში ჰქონდეს, რეგულარულად გაუწმინდეთ.

გრძელბეწვიანი ჩიხუახუა

გრძელბეწვიანი ჩიხუახუა

ჩიხუახუა საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 300 – დან 700 დოლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე ჩიხუახუას შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                              დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

შარ-პეი

სალამი ყველას 🙂

აგერ უკვე თითქმის ერთი თვე ხდება, რაც ახალი პოსტი არ დამიწერია და არც ახალი წელი მიმილოცია ჩემი ბლოგის მკითხველებისათვის.

დაგვიანებით გილოცავთ ყველას ახალ, 2014 წელს. ყველას წარმატებებს, ხვავს, ბარაქას და ქვეყანაში მშვიდობას გისურვებთ 🙂

რაც შეეხება ჩემს პასიურობას: საქმე იმაშია, რომ სამსახური დავიწყე და ვეღარ ვიცლი ხოლმე ვეღარაფრისთვის, არათუ ბლოგისთვის. შაბათ-კვირას ვისვენებ და მაქსიმალურად შევეცდები, ამ დღეებში მაინც შემოგთავაზოთ ახალი პოსტები. დღეს გადავხედე ჩემს მიტოვებულ ბლოგს და ძალიან გამეხარდა, რომ ბლოგის სტატისტიკა სულ უფრო და უფრო სასიხარულო მონაცემებს მახვედრებს 🙂 ასევე ხმების მომატებული რაოდენობა დამხვდა ჩემს მიერ ბლოგზე განთავსებულ გამოკითხვებში და დიდ მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც შემოდის ჩემს ბლოგზე, ინტერესდება მასზე განთავსებული მასალით და გამოკითხვებშიც იღებს მონაწილეობას. დიდი მადლობა ყველას! 🙂 ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

დღევანდელი ჩემი პოსტი ძაღლის ისეთ ჯიშს ეხება, რომელიც მართლაც რომ გამორჩეული და უცნაური გარეგნობითაა დაჯილდოებული. კერძოდ კი, თავიც და ტანიც ნაოჭებით აქვს დაფარული და ასევე მოლურჯო-მოშავო ფერის ენა აქვს. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ჩინური შარ-პეი, ან უბრალოდ შარ-პეი:

ჩინური შარ-პეი

ჩინური შარ-პეი

ძაღლის ჯიში:                                    შარ-პეი

სხვა სახელი:                             ჩინური შარ-პეი

წარმომავლობა:                                ჩინეთი

ფერი:                                           წითური, ჩალისფერი, შავი, კრემისფერი, ყავისფერი, მოლურჯო,                                                                                გარგრისფერი, შოკოლადისფერი, იასამნისფერი

ბეწვის ტიპი:                              ცხენისებრი; ე.წ. “ჰორსი” (უხეში და ზედმეტად მჩხვლეტავი)                                                                                       ჯაგრისისებრი; ე.წ. “ბრაში” (1 ინჩამდე სიგრძის და შედარებით                                                                                   რბილი)                                                                                                                                                                                                         დათვისებრი (იშვიათია – 1 ინჩზე მეტი სიგრძის ბეწვით)

სიმაღლე:                                                  46 – 56 სმ

წონა:                                             ხვადი – 25 – 29 კგ;  ძუ – 18 – 25 კგ

ლეკვების რაოდენობა:                   4 – 6 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა:      10 წელი

წარმოშობის ისტორია:

შარ-პეის ჯიში მომდინარეობს გუანდუნის პროვინციიდან, რომელიც სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთში მდებარეობს. პირველი ჩინური შარ-პეი ძალიან განსხვავდებოდა ძაღლის იმ ჯიშისაგან, რომელიც დღეს ასე პოპულარულია დასავლეთში. სამხრეთ ჩინეთში -ჰონკონგსა და მაკაოში დასავლური და თავდაპირველი ტიპის შარ-პეის ერთმანეთისაგან განასხვავებენ ორი სხვადასხვა სახელით: “meat-mouth” და “bone-mouth”. ეს უკანასკნელი ტრადიციული ჩინური შარ-პეია, რომელსაც ნაკლები ნაოჭები, აპრეხილი კუდი, ცხენისებრი ბეწვი და ბეჰემოთისებრი დრუნჩი აქვს. სიტყვა “შარ-პეი” ითარგმნება, როგორც “ზუმფარისებრი ბეწვი” და აღნიშნავს ძაღლის ამ ჯიშის მოკლე და უხეშ ბეწვს.

შარ-პეის წინაპარი უცნობია. ის შესაძლებელია ოყოს ჩაუ-ჩაუს შთამომავალი, თუმცა ერთადერთი აშკარა კავშირი ძაღლის ამ ორ ჯიშს შორის მათი მოლურჯო-მოშავო ფერის ენაა. ჩინურ კერამიკულ ნაკეთობებზე არსებული ძველი სურათები კი ამტკიცებს, რომ ძაღლის ეს ჯიში ჯერ კიდევ ხანის დინასტიის დროს არსებობდა (206 წელი ჩვ.წ.აღ-მდე). ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცული ქანდაკება, რომელიც ჩვ.წ.აღ-ით 2 საუკუნით თარიღდება, გამოსახავს ძაღლს, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე შარ-პეის. დიდი ხნის განმავლობაში შარ-პეი მიიჩნეოდა ზოგადი გამოყენების ფერმის ძაღლად ჩინურ სოფლებში, რომელსაც იყენებდნენ სანადიროდ, საქონლის სამწყემსად და დასაცავად და სახლისა და ოჯახის სადარაჯოდ. იმ დროისათვის, შარ-პეის გამოყვანა ხდებოდა ინტელექტის, ძალისა და მკაცრი, მოღუშული იერის გამო.

ბოლო დროის გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ შარ-პეი ძაღლის ერთ-ერთ უძველესი ჯიშია, რომელიც უფრო ადრე გამოეყო საერთო წინაპრებს, ვიდრე ძაღლის სხვა ჯიშები. 2004 წელს გამოქვეყნებულმა ძაღლის სუფთა სისხლის ჯიშების გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მგლების შემდეგ, მხოლოდ ოთხი ჯგუფი იყო ფუნდამენტური:  აზიიდან – შარ-პეი შიბა ინუს, აკიტასა და ჩაუ-ჩაუსთან ერთად; ცენტრალური აფრიკიდან – ბასენჯი; არქტიკიდან – მალამუტი ციმბირულ ჰასკისთან და სამოედთან ერთად და შუა აღმოსავლეთიდან – ავღანური მწევარი და სალუკი.

მოგვიანებით, შარ-პეის ძაღლების ჩხუბებში იყენებდნენ. მოშვებული კანი და უკიდურესად მჩხვლეტავი ბეწვი მას თავდაპირველად განუვითარდა გარეული ტახის მოსაგერიებლად, როდესაც მას სანადიროდ იყენებდნენ. ძაღლების მაჩხუბრები შარ-პეის ამ თავისებურებას იყენებდნენ იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეს ადვილად ვერ ჩაევლო კბილები შარ-პეის უხეში კანისათვის და თუკი იგი მაინც შეძლებდა შარ-პეისათვის პირის ჩავლებას, ეს უკანასკნელი მაინც შეძლებდა მანევრირებასა და მეტოქის კბენას.

კომუნისტური რევოლუციის დროს, როდესაც შარ-პეის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ძაღლები გადაარჩინა ჰონგ-კონგელმა ბიზნესმენმა მატგო ლაუმ (Matgo Law), რომელმაც 1973 წელს მიმართა ამერიკელებს ძაღლების ჟურნალის მეშვეობით, რათა გადაერჩინათ ძაღლის ეს ჯიში. დაახლოებით 200 შარ-პეი კონტრაბანდული გზით გადაიყვანეს ამერიკაში. ეხლანდელი ამერიკული შარ-პეის ჯიშის ძაღლები სწორედ იმ 200 გადარჩენილი ძაღლის შთამომავლები არიან.

ქცევა და ხასიათი:

შარ-პეის ლეკვობიდანვე სჭირდება სოციალიზაცია ბავშვებთან, უცხოებთან და სხვა ცხოველებთან. სხვა მოჩხუბარი ჯიშების მსგავსად, ძაღლის ეს ჯიშიც შეიძლება იყოს ჯიუტი, მტკიცე ნებისყოფის და ძალიან ტერიტორიულიც. ადრეული ასაკიდანვე მკაცრი და თანამიმდევრული წვრთნა შველის ამ თვისებების აღმოფხვრას, სანამ ისინი პრობლემად ჩამოყალიბდება.

შარ-პეი ხშირად ეჭვის თვალით უყურებს და უნდობლობით ხვდება ხოლმე უცხოებს, რასაც მისი, როგორც მოდარაჯე ძაღლის წარსულამდე მივყავართ. ძაღლის ეს ჯიში ძალიან დამოუკიდებელი და ჩაკეტილია. ამის მიუხედავად, შარ-პეი ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია თავისი ოჯახისადმი და უცხოებსაც კარგად იღებს, თუკი ადრეული ასაკიდანვე მოხდება მისი სათანადო გაცნობა სხვა ადამიანებისადმი. შარ-პეი წყნარი ჯიშია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ყეფს, როცა რაიმე აწუხებს ან თამაშობს. იგი შემგუებელია და ბრძანებებს სწრაფად სწავლობს. აქვს კარგი ყნოსვა; ბოლო დროს ხშირად მონაწილეობს შეჯიბრებებში მორჩილებასა და დაბრკოლებათა გადალახვაში.

მოვლა:

შარ-პეის ბეწვი ადვილი მოსავლელია, თუმცა საჭიროა დანაოჭებული კანის ნაკეცების გასინჯვა და გასუფთავება, რათა ინფექცია არ შეიჭრას. ასევე ყოველკვირეულად უნდა შემოწმდეს შარ-პეის ყურებიც, რადგან ისინი შესაძლოა ბაქტერიებისა და ყურის პარაზიტების ბუდედ იქცეს იმის გამო, რომ არ ხდება მათი სათანადო დაჰაერება. შარ-პეის სწრაფად ეზრდება ფრჩხილები თათებზე, ამიტომ აუცილებელია მათი დაჭრაც.

ბეწვის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად საკმარისია ჯაგრისით მსუბუქად ვარცხნა. შარ-პეის არ უყვარს ბანაობა, ამიტომ დაბანეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ან მშრალი შამპუნით გაასუფთავეთ. მოაცილეთ მიკრული ტკიპები.

ძაღლის ეს ჯიში ენერგიული ჯიშია და ესაჭიროება რეგულარული ვარჯიში, მაგრამ საზოგადოებაში საბლის გარეშე მისი გაყვანა არ შეიძლება უცხო ადამიანებისადმი შესაძლო აგრესიის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად.

ჯანმრთელობა:

შარ-პეისათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

ალერგიით გამოწვეული კანის ინფექციები

მემკვიდრეობითი შარ-პეის ცხელება – სერიოზული, თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც იწვევს ხანმოკლე, მაგრამ განმეორებით ცხელებას, რომელიც 24 საათამდე გრძელდება და თან სდევს სითხის დაგროვება ფეხის კოჭებს ირგვლივ და მათი გასიება.

ამილოიდოზი –  ამ დაავადების დროს, ანომალიური ცილა ამილოიდი სრულიად სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში ლაგდება, მათ შორის – კუნთებში, შემაერთებელ ქსოვილში, პერიფერიულ ნერვებში. ცილა ამილოიდი ხშირად თირკმელებსა და ღვიძლშიც ჩნდება, რასაც საბოლოოდ თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ.

ენტროპიონი – ქუთუთოს შიგნით შებრუნება თვალის ბროლისაკენ, რაც თვალის გაღიზიანებას იწვევს და უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა სიბრმავით დასრულდეს. ენტროპიონის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

ყურის ინფექციები

ვიტამინ B-12-ის ნაკლებობა – ეს დააადება შარ-პეის ჯიშის ძაღლებისათვის საზოგადო პრობლემას წარმოადგენს და მას მემკვიდრულად მიიჩნევენ.

shar pei puppy in gardenშარ-პეი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 350 – 400 დოლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე შარ-პეის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

დღეს ახალი პოსტის დაწერას ძაღლის ისეთ ჯიშზე ვაპირებ, რომელთანაც შეხება და ურთიერთობა არასოდეს მქონია. საერთოდაც, ტერიერების ჯგუფის ძაღლის ჯიშებს არ ვიცნობ (თეორიულ ცოდნას თუ არ ჩავთვლით). თუმცა ისე, ზოგადად ვიცი, რომ ბულდოგებისა და ტერიერების შეჯვარების შედეგად გამოყვანილი ძაღლები აგრესიულები და თავისებური ხასიათის არიან. წარმოგიდგენთ სტაფორდშირულ ბულტერიერს, იგივე სტაფს:

სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

ძაღლის ჯიში:                                    სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

მეტსახელი:                                          სტაფი; სტაფ; SBT (Staffordshire Bull Terrier)                                                                                                                          სტაფორდი; სტაფი ბული

წარმომავლობა:                                ინგლისი

ფერი:                                           წითური, ჩალისფერი, ვეფხვისებრი, თეთრი,                                                                                                                          შავი ან მოლურჯო, ან ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი                                                                                                  ფერი თეთრით

ბეწვის ტიპი:                              გლუვი, მოკლე და კანზე მჭიდროდ მიკრული

სიმაღლე:                                                 ხვადი –  36 – 41 სმ;  ძუ – 33 – 38 სმ

წონა:                                            ხვადი – 13 – 17 კგ;  ძუ – 11 – 15 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 16 წელი

წარმოშობის ისტორია:

მე-19 საუკუნემდე, სისხლიანი სპორტის სახეობები, როგორებიც იყო ხარებთან და დათვებთან ძაღლების ორთაბრძოლები და მამლების ჩხუბი ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა. ძაღლები თავს ესხმოდნენ ბაზარში მოყვანილ ხარებს და ეს სანახაობა ერთის მხრივ საქონლის ხორცის დამუშავების, მეორეს მხრივ კი მაყურებლის გართობის საშუალება იყო. ძაღლების ორთაბრძოლა დათვებთან, ხარებთან თუ სხვა ცხოველებთან ხშირად ეწყობოდა როგორც დიდგვაროვნების, ასევე მდაბიოების გასართობად.

ადრინდელი ბულტერიერები იყვნენ გამოყვანილნი არა ისეთ კომპანიონ ცხოველებად, რომელთაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, არამედ ხასიათის იმ თავისებურების გამო, რასაც ”მოჩხუბარობა” ქვია და რომელიც გამოიხატებოდა ძაღლების თავდასხმაში დათვზე, ხარზე ან სხვა რომელიმე ეგზოტიკურ ცხოველზე. ამით კი ძაღლის ძალა და შესაძლებლობები ფასდებოდა. ამ ადრეულმა ”პროტო-სტაფორდებმა” შეუმზადეს მემკვიდრეობითი ნიადაგი ძაღლის ისეთ ჯიშებს, როგორებიცაა სტაფორდშირული ბულტერიერი, ბულტერიერი, ამერიკული პიტბულ ტერიერი და ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი. ამ ჯიშების საერთო წინაპარი ცნობილი იყო, როგორც ”ბულტერიერი”.

სისხლიანი სპორტის სახეობები ოფიციალურად გაუქმდა 1835 წელს, როდესაც ბრიტანეთმა დაიწყო კანონების გაცნობა ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ. მას შემდეგ ძაღლების ჩხუბების ორგანიზება გაცილებით იაფი ჯდებოდა და უფრო ადვილიც იყო ამის მიჩქმალვა კანონის წინაშე, ვიდრე ეს ხდებოდა ხარებთან და დათვებთან ორთაბრძოლების დროს. ამის სანაცვლოდ, სისხლიანი სპორტის დამცველებმა დაიწყეს ძაღლების ერთმანეთთან შერკინება. ძაღლების ჩხუბი ისევ ითვლებოდა სისხლიანი სპორტის სახეობად (რომელიც ხშირად გულისხმობდა აზარტულ თამაშებს) და ამასთანავე წარმოადგენდა ძაღლის შესაძლებლობებისა და ხარისხის შემოწმების საშუალებასაც. ათწლეულების შემდეგაც კი ძაღლების ორთაბრძოლები ფარულად ხდებოდა ბრიტანეთსა და ამერიკაში. ძაღლებს უშვებდნენ ე.წ. რინგზე და ბოლო მოჩხუბარი ძაღლი (დროდადრო კი ბოლო გადარჩენილი ძაღლი) ითვლებოდა გამარჯვებულად. ”მოჩხუბარობის” ხარისხი ჯერ კიდევ დიდად ფასობდა და ის ძაღლები, რომლებიც ნებდებოდნენ ჩხუბისას, ითვლებოდნენ ”ფინიებად”. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძაღლების წვრთნა ხდებოდა იმისათვის, რომ მათ უნდა ჰქონოდათ აგრესია სხვა ძაღლების მიმართ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ კარგი ხასიათისა ადამიანებთან მიმართებაში, რადგანაც მათ პატრონებს უნდა მოემზადებინათ ისინი თითოეული რაუნდისათვის. 

დროსთან ერთად, თანამედროვე ჯიში ჩამოყალიბდა შინაური ცხოველისა და კომპანიონისათვის შესაფერისი ხასიათით. მან მოიპოვა პატივისცემა, გახდა ისეთი ძაღლი, რომლის ჩვენებაც ღირდა და გაერთიანებული სამეფოს (ინგლისის) კენელ კლუბის მიერ მოხდა მისი სტაფორდშირულ ბულტერიერად აღიარება 1935 წელს; ზუსტად 40 წლის შემდეგ კი ძაღლის ეს ჯიში აღიარა ამერიკულმა კენელ კლუბმაც.

ქცევა და ხასიათი:

სტაფი გონიერი, ერთგული, უშიშარი, სანდო და მოალერსე ჯიშია, თუმცა აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ. იგი მართალია მომცრო ზომისაა, თუმცა საოცრად ძლიერი ძაღლია. თამაშის მოყვარული და უწყინარიც კი სჩანს, მაგრამ საჭიროა ადრეული ასაკიდანვე მისი მკაცრი გაწვრთნა ბუნებითი აგრესიულობის შესამცირებლად, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ზრდასრულ ასაკში და სირთულეები შექმნას. ასევე აუცილებელია მისი სოციალიზაცია სხვა ძაღლებთან ადრეული ასაკიდანვე , რადგან სტაფი ვერ ეგუება მათ, განსაკუთრებით კი თავისივე ჯიშის სხვა ინდივიდებს. სწორად გაწვრთნილი სტაფორდშირული ბულტერიერი საუკეთესო კომპანიონია, მაგრამ გახსოვდეთ – გარეთ სეირნობისას არასოდეს იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი ძაღლი უცხო ძაღლების მიმართ აგრესიას არ გამოავლენს. ყოველთვის გაითვალისწინეთ შესაძლო გართულებები – კარგი იქნება, თუ თქვენს ძაღლს ალიკაპის ტარებას მიაჩვევთ.

სტაფი კარგად ეპყრობა ბავშვებს და ხშირად მას ძიძა ძაღლსაც უწოდებენ, რადგან გასაოცარი ხასიათი და ამტანობა გააჩნია ბავშვებთან ყოფნისას. იგი შესანიშნავი მოდარაჯე ძაღლია, რომელიც დაუპატიჟებელ სტუმარს აფრთხობს. იგი კარგად ეგუება ოჯახში ცხოვრებას და მალევე ეჩვევა ახალ გარემოს. ყურადღების მისაქცევად იცის შეხტომა და საჭიროა გადაჩვევა.

მოვლა:

სტაფორდშირული ბულტერიერის გლუვი და მოკლე ბეწვი ადვილი მოსავლელია. ვარცხნეთ ყოველდღე ჯაგრისით. აბანავეთ ან გაასუფთავეთ მშრალი შამპუნით, თუკი აუცილებელი გახდა. რეგულარულად შეუმოწმეთ ყურები და ბრჭყალები.

ძაღლის ამ ჯიშს სჭირდება რეგულარული ვარჯიში და უსაბლოდ სიარული, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველთვის იყოლიეთ საბლით. ლეკვობაში მათ ჩვევად აქვთ ყველაფრის ღეჭვა, ამიტომ თუ გსურთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი გადაარჩინოთ, ეს ძაღლები უნდა მოამარაგოთ ბევრი სათამაშოთი.

ნუ მისცემთ სტაფს ზედმეტ საკვებს, რადგან სწრაფად სუქდება, განსაკუთრებით კი კასტრაციის შემდეგ (კასტრაციას ძაღლის ამ ჯიშს უკეთებენ აგრესიულობის შესამცირებლად).

ჯანმრთელობა:

სტაფორდშირულ ბულტერიერს (სტაფს) ახასიათებს ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები:

მემკვიდრეობითი კატარაქტა და L-2 ჰიდროქსი გლუტარის აციდურია, რომელიც წარმოადგენს ნევრომეტაბოლურ დარღვევას და იწვევს ქცევის ცვლილებებსა და დემენციის (ჭკუასუსტობის) მსგავს სიმპტომებს. ზემოაღნიშნული ორივე დაავადების გამოვლენა შესაძლებელია დნმ-ის ანალიზის შედეგად.

დისტიქიაზი – ასევე ცნობილი, როგორც ”ორმაგი წამწამი” წარმოადგენს წამწამების დამატებით მწკრივს, რომელიც თვალს ეხახუნება და აღიზიანებს.

მასტოციტომა კანის ან კანქვეშა უჯრედის კეთილთვისებიანი სიმსივნე.

Animals___Dogs_The_Brown_Staffordshire_Bull_Terrier_on_the_grass_048455_

გიტოვებთ ვიდეოს Youtube-ზე სტაფის შესახებ. ამ ვიდეოში, როგორც მასში მონაწილე ადამიანები ამბობენ, ჩანს სტაფორდშირული ბულტერიერის ნამდვილი ბუნება.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

კოკერ სპანიელი

ძაღლის ეს საყვარელი და ყურებპარტყუნა ჯიში დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანმა იცის. საქართველოში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრს ოჯახის ნებიერადაც ჰყავს. ადრე რატომღაც სულ მინდოდა, მყოლოდა ეს ძაღლი, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩალისფერი, სანამ ძაღლის სხვა ჯიშებს უფრო გულდასმით არ გავეცანი და საერთოდ განსხვავებული ჯიშის ყოლა არ გადავწყვიტე სამომავლოდ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ კოკერ სპანიელს:

ინგლისური კოკერ სპანიელი

ინგლისური კოკერ სპანიელი

ამერიკული კოკერ სპანიელი

ამერიკული კოკერ სპანიელი

ძაღლის ჯიში:                                         კოკერ სპანიელი

სხვა სახელი:                                           ამერიკული კოკერ სპანიელი                                                                                                                                                             ინგლისური კოკერ სპანიელი

მეტსახელი:                                  კოკერი

წარმომავლობა:                           ინგლისი; აშშ

ფერი:                                                          ამერიკული კოკერ სპანიელი: თეთრი, შავი, ყავისფერი,                                                                                            ჩალისფერი, ნაცრისფერი, წითური

                                                       ინგლისური კოკერ სპანიელი: ჩალისფერი, წითური,                                                                                                   შავ-ყავისფერი, შავ-თეთრი, ღვიძლისფერ-თეთრი,                                                                                                             ნარინჯისფერ-თეთრი, სამფეროვანი (ფერფლისფერი, თეთრი                                                                                       და შავი)

ბეწვის ტიპი:                                ამერიკული კოკერ სპანიელი: საშუალო სიგრძის, სქელი

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: გრძელი, მბზინვარე,                                                                                                     აბრეშუმისებრი

სიმაღლე:                                                 ამერიკული კოკერ სპანიელი: ხვადი – 37-39 სმ; ძუ – 34-37 სმ

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: ხვადი – 39-41 სმ; ძუ – 38-39 სმ

წონა:                                            ამერიკული კოკერ სპანიელი: 11 – 14 კგ

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: 13 – 15 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     12 – 15 წელი

ზოგადი ინფორმაცია კოკერ სპანიელზე:

კოკერ სპანიელი წარმოადგენს ძაღლს, რომელიც მიეკუთვნება სპანიელის ტიპის ძაღლის ორ ჯიშს: ამერიკულ კოკერ სპანიელსა და ინგლისურ კოკერ სპანიელს. თითოეულ მათგანს უბრალოდ კოკერ სპანიელს უწოდებენ თავიანთ სამშობლოში.

კოკერ სპანიელი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყვანეს, როგორც მონადირე ძაღლი. სიტყვა ”კოკერი” (ინგ: Cocker) მომდინარეობს ამ ძაღლის გამოყენებისაგან ტყის ქათამზე (ინგ: Euroasian Woodcock) სანადიროდ. როდესაც ძაღლის ეს ჯიში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს, მოხდა მისი ცალკე სტანდარტად ჩამოყალიბება, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ახლად ჩამოყალიბებული ჯიშის დახელოვნება ამერიკულ ტყის ქათამზე ნადირობაში. შემდგომი გარეგნული ცვლილებების განხორციელება კოკერზე ამერიკაში მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში.

სპანიელები პირველად ნახსენებია მე-14 საუკუნეში ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ თავის ნაშრომში Livre de Chasse”. ”კოკინგი” ან ”კოკერ სპანიელი” წარმოადგენდა მინდვრის (ფილდ) ან ლენდ (ხმელეთის) სპანიელის ტიპის ძაღლს მე-19 საუკუნეში. 1901 წლამდე, კოკერ სპანიელები მინდვრის (ფილდ) და სპრინგერ სპანიელებისაგან მხოლოდ წონით განსხვავდებოდნენ. კოკერ სპანიელის ორივე თანამედროვე ჯიშის წინაპრად მიიჩნევა ორი ძაღლი. ინგლისური კოკერ სპანიელი წარმოიშვა ძაღლისაგან, სახელად ”ობო”, რომელიც სასექს სპანიელისა და მინდვრის (ფილდ) სპანიელის შეჯვარების შედეგად გაჩნდა, ხოლო მისი ამერიკელი თანამოძმე კი – ობოს შვილისაგან, სახელად ”ობო II”, რომელიც ამერიკაში დაიბადა. აშშ-ში ინგლისური კოკერის, როგორც განცალკავებული ჯიშის აღიარება მოხდა 1946 წელს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ამერიკული კოკერის ცალკე ჯიშად ცნობა კი მოხდა 1970 წელს. ამასთანავე, არსებობს ინგლისური კოკერ სპანიელის ჯიშის მეორე ხაზიც, რომელიც გამოყვანილია არა სტანდარტის, არამედ სამუშაო მიზნებისათვის. ჯიშის ორივე ხაზს გააჩნია ბეწვის ერთნაირი შეფერილობა და ჯანმრთელობის პრობლემები მცირედი გამონაკლისებით.

წარმოშობის ისტორია:

მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომავლობა უცნობია, ”სპაინელები” (ინგ:”spaynels”) ნახსენებია მე-14 საუკუნის ნაწერებში. ზოგადად მიჩნეულია, რომ ძაღლის ეს ჯიში წარმოიშვა ესპანეთში და იორკის მეორე ჰერცოგი ედვარდი თავის მე-15 საუკუნის ნაშრომში ნადირობაზე “The Master of Game” ახდენს სპანიელების შემდეგნაირად წარდგენას :

 “Another kind of hound there is that be called hounds for the hawk and spaniels, for their kind cometh from Spain, notwithstanding that there are many in other countries.”

“The Master of Game” უმეტესად წარმოადგენდა ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ ადრეულ მე-14 საუკუნეში შექმნილი ძველ ფრანგული ნაშრომის  Livre de Chasse”- ს ინგლისურ თარგმანს.

1801 წელს, სიდენჰემ ედვარდსი Cynographia Britannica- ში წერდა, რომ ლენდ (ხმელეთის) სპანიელი იყოფა ორ ტიპად: ქორზე მონადირე, სპრინგერ და კოკერ სპანიელად. მე-19 საუკუნის განმავლობაში, ”კოკერ სპანიელი” პატარა მინდვრის (ფილდ) სპანიელის ტიპს მიეკუთვნებოდა. იმ დროისათვის, ეს ტერმინი ვრცელდებოდა სპანიელის ტიპის სხვა მონადირე ჯიშებზეც, მათ შორის ნორფოლკ სპანიელზე, სასექსის სპანიელსა და ქლამბერ სპანიელზე. მაშინ, როცა არ იყო სასექსისა და ქლამბერ კოკერები, არსებობდა ძაღლის ისეთი ჯიშები, როგორებიც იყო უელსური და დევონშირის კოკერები. ეს უკანასკნელნი კოკერებად ითვლებოდნენ 1903 წლამდე, როდესაც მათი აღიარება მოხდა უელსურ სპრინგერ სპანიელად კენელ კლუბის მიერ. 

1870-იან წლებამდე,  კოკერ სპანიელად ძაღლის კლასიფიკაციისათვის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო 11 კგ-ზე ნაკლები, თუმცა მომშენებლებმა მოახდინეს კოკერ სპანიელის განცალკავება კინგ ჩარლზ სპანიელისაგან, რომელიც დღემდე რჩება უფრო მცირე ზომის ჯიშის სპანიელად. კოკერ სპანიელისათვის მაქსიმალური წონის შეზღუდვა ძალაში იყო 1901 წლამდე, როცა უფრო დიდი ზომის ძაღლების კლასიფიცირება მოხდა სპრინგერ სპანიელებად. 1892 წელს, კენელ კლუბის მიერ მოხდა ინგლისური კოკერ სპანიელისა და ინგლისური სპრინგერ სპანიელის განცალკევებულ ჯიშებად ცნობა.

თანამედროვე ჯიშები:

არსებობს კოკერ სპანიელის ორი თანამედროვე ჯიში: ინგლისური კოკერ სპანიელი და ამერიკული კოკერ სპანიელი. მათი გამოყვანა მოხდა სამონადირეო ძაღლებად. თავიანთი ყნოსვის წყალობით მათ უნდა ევლოთ პატრონის ფეხდაფეხ და ჰაერში აეფრინათ ფრინველები, ხოლო შემდეგ კი თვალებისა და ცხვირის გამოყენებით დაედგინათ ჩამოვარდნილი ფრინველის ადგილსამყოფელი და თავიანთი რბილი პირით მიეტანათ ნანადირევი პატრონისათვის. ძირითადი განსხვავება ინგლისურ და ამერიკულ კოკერ სპანიელებს შორის არის ის, რომ ამერიკული კოკერი უფრო მომცრო ტანისაა პატარა ზურგით, გუმბათისებრი თავითა და პატარა დრუნჩით, ხოლო ინგლისური კოკერი კი უფრო მაღალია ვიწრო თავითა და მკერდით.

ქცევა და ხასიათი:

კოკერ სპანიელი ჭკვიანი, გულისხმიერი, ხალისიანი, ძალზე მეგობრული და მოსიყვარულე ძაღლია. იგი მოითხოვს ყურადღებას და იმაზე მეტად არაფერი მოსწონს, ვიდრე პატრონის ოჯახთან, თავის ლეკვებთან და საერთოდ, ადამიანებთან ერთად ყოფნა. მას ძალიან უყვარს ბავშვები და მათთან თამაში – გადაგდებული ბურთის მოტანა ან თუნდაც უბრალოდ ეზოში ხეტიალი. ძაღლის ეს ჯიში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაფერისი.

მოვლა:

კოკერ სპანიელი საკმაოდ აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური ვარჯიში. თავისი მცირე ზომის წყალობით, იგი კარგად ეგუება ქალაქისა და ბინაში ცხოვრების პირობებს, თუმცა სჭირდება სივრცე, სადაც ირბენს და ითამაშებს. სასურველია კოკერს ჰქონდეს პატარა ეზო, სადაც მიეცემა თამაშის საშუალება. მას ძალიან უყვარს სირბილი და გარემოს შესწავლა.

კოკერ სპანიელის ზოგიერთ პატრონს ურჩევნია მის სპანიელს გრძელი ბეწვი ჰქონდეს, ამიტომ ყოველდღე ვარცხნის და ხშირად ჰბანს, ზოგი კი საშუალო ზომამდე უტოვებს. ძაღლს რეგულარული მოვლა სჭირდება, როგორი სიგრძის ბეწვიც უნდა ჰქონდეს. ჯაგრისით ვარცხნისას ფრთხილად იყავით, რომ აბრეშუმივით ბეწვი არ დაუზიანოთ. გასეირნებისას კი მოარიდეთ ბუჩქნარს, რომ ბეწვი არ დაუზიანდეს და მოაშორეთ მიკრული ბალახი, გამხმარი ფოთლები და სხვა.

რეგულარულად უნდა მოხდეს ასევე კოკერ სპანიელისათვის თვალების წირპლებისაგან გასუფთავება და ასევე ყურების გაწმენდაც, რადგან თავიანთი დიდი, დაკიდებული ყურების გამო, არ ხდება მათი სათანადოდ განიავება და შესაძლოა ისინი პარაზიტების, კერძოდ კი ყურის ტკიპების ბუდედ იქცეს. 

ჯანმრთელობა:

კოკერ სპანიელისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:

სიმსივნე – კვლევის შედეგად დადგინდა, რომ როგორც ინგლისური, ასევე ამერიკული კოკერ სპანიელის გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიმსივნეა.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

ყურის ინფექციები

გარეთა ოტიტი – ყურის გარეთა სასმენი მილის ანთება. იგი შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა ფაქტორების მიერ, კერძოდ კი პარაზიტების, მიკროორგანიზმების, უცხო სხეულების, სიმსივნისა და კანის დაავადებებისაგან. გარეთა ოტიტის გამოწვევა შეუძლია ასევე ყურის პარაზიტებს, ჯღიბებსა და რწყილებს, რომლებიც ყურის მილში ბუდობენ.

თვალის დაავადებები

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

გლაუკომა – თვალის მომატებული წნევა, რომელმაც უყურადღებობისა და სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის საბოლოო დაკარგვა გამოიწვიოს.

კატარაქტა – თვალის ეს დაავადება კოკერ სპანიელის ორივე ჯიშს შეიძლება დაემართოს 4 წლამდე ასაკში. სიმპტომები გამოიხატება თვალის გუგის ფერის შეცვლაში. ქირურგიული ჩარევით კი შესაძლებელია კატარაქტის ამოკვეთა.

cocker_spaniel_puppy_wallpaper-1024x768კოკერ სპანიელი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 150 – 250 ლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე კოკერ სპანიელის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

დალმაციელი (დალმატინელი)

ძაღლის ამ ჯიშს ალბათ ყველა იცნობს თავისი გამორჩეული გარეგნობის, უფრო ზუსტად კი მისი კოპლებიანი ფიზიონომიის წყალობით 🙂 ჩემთვის ეს ძაღლი მაინც ბავშვობის დროინდელ მულტფილმთან ასოცირდება, სადაც ძალიან ბევრი და საყვარელი კოპლებიანი ლეკვები დარბიან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ დალმაციელს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ალბათ დალმატინელად იცნობს, თუმცა სწორი ქართული სახელი დალმაციელია და ამიტომ, მეც ამ სახელს გამოვიყენებ პოსტში:

დალმაციელი (დალმატინელი)

დალმაციელი (დალმატინელი)

ძაღლის ჯიში:                                    დალმაციელი (დალმატინელი)

სხვა სახელი:                             ეტლის ძაღლი
                                                                       კოპლებიანი ეტლის ძაღლი                                                                                                                                                                სახანძრო ძაღლი                                                                                                                                                                                      ქლიავის პუდინგის ძაღლი (Plum Pudding Dog)

მეტსახელი:                                          დალ; დალი

წარმომავლობა:                                ხორვატია

ფერი:                                           თეთრ ფონზე შავი ან ღვიძლისფერი ლაქებით 

ბეწვის ტიპი:                              გლუვი, მოკლე, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  53 – 66 სმ;  ძუ – 46 – 64 სმ

წონა:                                            ხვადი – 15 – 32 კგ;  ძუ – 16 – 24 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  6 – 13 ლეკვი (ზოგჯერ მეტიც)

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 13 წელი

წარმოშობის ისტორია:

საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია ხორვატიას, კერძოდ კი მის ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონს – დალმაციას მიიჩნევს დალმაციელის (დალმატინელის) წარმოშობის ადგილად და ამის დასასაბუთებლად მოჰყავს რამოდენიმე ისტორიული წყარო.

ამ ძაღლის პირველი ილუსტრაციები აღმოჩენილია ხორვატიაში. ესენია საკურთხევლის ნახატი დასავლეთ ხორვატიის ერთ-ერთ სოფელში – ველი ლოშინში (Veli Lošinj), რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება და ასევე ფრესკა სამხრეთ დალმაციის ქალაქ ზაოსტროგში. დალმაციელის პირველი დოკუმენტალური აღწერა ადრეული მე-18 საუკუნიდან, ჯიაკოვო-ოსიეკის არქიეპარქიის (Archdiocese of Đakovo-Osijek) არქივიდან იწყება, სადაც ეს ძაღლი მოხსენიებული და აღწერილია, როგორც Canis Dalmaticus ეპისკოპოს პეტარ ბაკიჩის მიერ ეკლესიის ქრონიკებში 1719 წლიდან და შემდგომ ანდრეას კეცზკემეტის მიერ კვლავ ეკლესიის ქრონიკებში 1739 წელს. 1771 წელს თომას პენანტმა დალმაციელი თავის წიგნში ”Synopsis of Quadrupeds” აღწერა, რომელშიც ძაღლის ამ ჯიშის წარმოშობის ადგილად დალმაცია, ხოლო ჯიშის სახელად კი – დალმაციელი განსაზღვრა.

დალმაციელის ჯიში უმთავრესად ინგლისში განვითარდა. ძაღლის ამ ჯიშის პირველი არაოფიციალური სტანდარტის წარდგენა 1882 წელს მოხდა ინგლისელ ვერო შოს მიერ. 1890 წელს კი ინგლისში დალმაციელების პირველი კლუბის დაარსებისთანავე, სტანდარტი ოფიციალური გახდა.

დალმაციელის მოვალეობები:

ძაღლის ამ უძველეს ჯიშს სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. დალმაციელები იყვნენ საომარი ძაღლები, რომლებიც დალმაციის საზღვრებს იცავდნენ. დღევანდელ დღემდე, დალმაციელს შერჩენილი აქვს მოდარაჯის ძლიერი ინსტინქტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი მეგობრული და ერთგულია იმათთან, ვისაც იცნობს და ენდობა, თავს შორს იჭერს უცხოებისა და სხვა ძაღლებისაგან. დალმაციელებს ასევე გააჩნიათ ძლიერი სამონადირეო ინსტინქტიც და ვირთხებისა და პარაზიტების შესანიშნავ გამანადგურებლებად ითვლებიან. სპორტში კი მათ იყენებენ ჩიტებზე, გარეულ ღორებზე და ხარირმებზე სანადიროდ და ასევე რეტრივერებად და კვალის ამღებ ძაღლებად. თავიანთი გამორჩეული ექსტერიერისა და ინტელექტის წყალობით, ეს ძაღლები წლების განმავლობაში ცირკშიც კი წარმატებით გამოდიან. დალმაციელები შესაძლოა ყველაზე მეტად ცნობილნი იყვნენ თავიანთი როლით სახანძრო აპარატის ესკორტში და აგრეთვე სახანძროს თილისმად. რადგანაც დალმაციელები და ცხენები შესანიშნავად ეთავსებიან ერთმანეთს, ამ ძაღლებს წვრთნიდნენ იმისათვის, რომ ცხენებშებმული ეტლისათვის გზა გაეთავისუფლებინათ და სწრაფად გაეწიათ მეგზურობა მეხანძრეებისათვის ცეცხლის ჩასაქრობად. ძაღლის ამ ჯიშს სახანძრო ბრიგადები სახანძროსა და მასში განთავსებული ინვენტარის სამეთვალყურეოდაც იყენებდნენ. სახანძრო ეტლების წაყვანა ხდებოდა სწრაფი და ძლიერი ცხენების მიერ, რომლებიც ქურდებისათვის მაცდურ სამიზნეს წარმოადგენდა, ამიტომაც დალმაციელები ჰყავდათ სახანძროში ქურდების შესაჩერებლად. 

101 დალმაციელი:

როგორც პოსტის შესავალში აღვნიშნე, ჩემთვის და ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც დალმაციელი იმ მულტფილმთან ასოცირდება, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის მიერ იქნა გადაღებული 1961 წელს; 1996 წელს კი შეიქმნა ამ მულტფილმის რიმეიქი ამჯერად კინოფილმის სახით. წიგნი 101 კოპლებიანი ლეკვის შესახებ, სახელად ”101 დალმაციელი” ეკუთვნის ბრიტანელ ავტორს – დოდი სმიტს, რომელიც დაიწერა 1956 წელს. სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა დალმაციელის ჯიშის მასიური პოპულარიზაცია.

”101 დალმაციელი”

”101 დალმაციელი”

აქვე გიტოვებთ ამ მულტფილმის, ისევე, როგორც ფილმის ლინკებს.

101 დალმაციელი (მულტფილმი)

101 დალმაციელი (ფილმი)

ქცევა და ხასიათი:

დალმაციელი აქტიური, ენერგიული, მხიარული, დამცველი, ერთგული, გონიერი და დამჯერი ძაღლია. იგი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მის სავარჯიშოდ და გასაწვრთნელად საკმარისი დრო აქვს. ხალისიან და ცელქ დალმაციელებს ბავშვები ძალიან უყვართ და მათგანაც იმავეს გრძნობენ. სიამოვნებთ ასევე პატრონებთან ერთად ყოფნაც. პატრონისაგან საკმარისი რაოდენობით ყურადღებისა და სითბოს მიუღებლობის შემთხვევაში, ისინი დეპრესიულები და შესაბამისად ნაკლებად აქტიურნი ხდებიან.

ეს ძაღლები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ამიტომ მათი წვრთნისას საჭიროა მოთმინება, დაყვავება, მაგრამ თანამიმდევრულობა.

მოვლა:

სანამ ძაღლის ამ ჯიშის მოვლაზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო შემდეგი რამ:

დალმაციელი ლაქებით დაფარული ძაღლის ერთადერთი ჯიშია. ამ ჯიშის ლეკვები კოპლების გარეშე, სულ თეთრები იბადებიან, ლაქები კი დაბადებიდან 3 კვირაში უჩნდებათ. ერთი თვის შემდეგ მათ უკვე თითქმის ყველა ლაქა აქვთ, თუმცა კოპლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობენ განვითარებას დალმაციელის ტანზე, ოღონდ უფრო ნაკლები ტემპით.

შავლაქებიან ძაღლებს აქვთ შავი ცხვირი, ხოლო ღვიძლისფერლაქებიანს კი – ყავისფერი.

დალმაციელს შეიძლება ჰქონდეს მუქი ყავისფერი, ქარვისფერი ან ცისფერი თვალები. ზოგიერთს კი შესაძლოა სხვადასხვა ფერის თვალებიც კი ჰქონდეს, მაგალითად ერთი თაფლისფერი და მეორე – ცისფერი. (თვალის ჰეტეროქრომია)

ძაღლის ამ ჯიშს ბეწვი მთელი წლის განმავლობაში ცვივა, თუმცა ეს განსაკუთრებით უხვად წელიწადში ორჯერ ხდება. დალმაციელის მოკლე ბეწვი ხშირად მჭიდროდ ეკრობა ხალიჩას, ტანსაცმელს ან თითქმის ნებისმიერი სახის ქსოვილს და ძნელი მოსაშორებელია. სწორედ ამიტომ, ხშირად საჭიროა მისი ჯაგრისით მსუბუქად დავარცხნა.

ბეწვში ზეთის მინიმალური რაოდენობით არსებობის გამო, დალმაციელს არ აქვს სუნი და საკმაოდ სუფთა ძაღლად ითვლება. ეს ძაღლი ცნობილია იმითაც, რომ სხვა ძაღლების მსგავსად, არ იცის ტალახში თათების ჩადგმა და დასვრა. ბანაობა საჭიროა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ძაღლის ამ ჯიშისათვის აუცილებელია ასევე თათებზე ფრჩხილების დაჭრაც. დალმაციელს ძალიან სწრაფად ეზრდება ფრჩხილები, ამიტომ რამოდენიმე კვირაში ერთხელ მისთვის ფრჩხილების დაჭრა ურიგო არ იქნება.

დალმაციელისათვის აუცილებელია ბევრი და ინტენსიური (ყოველდღიური) ვარჯიში. მისთვის საჭიროა უსაბელოდ დიდხანს სირბილი. ძაღლის ამ ჯიშს უნდა ჰქონდეს დიდი ეზო სარბენად და სათამაშოდ. ბინაში ცხოვრება დალმაციელისათვის შესაფერისი არაა.

ჯანმრთელობა:

დალმაციელი შედარებით ჯანმრთელი და ადვილად მოსავლელი ჯიშია, თუმცა მასაც ახასიათებს ჯიშისათვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა მაგალითად სიყრუე, ალერგია და კენჭები შარდის ბუშტშსა და თირკმელებში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, რომელიც მხოლოდ სუფთა ჯიშის დალმაციელების 4,6 %-ს ემართება, არ წარმოადგენს ამ ჯიშისათვის დამახასიათებელ სერიოზულ პრობლემას.

უკვე ხანშიშესულ ძუ და ხვად დალმაციელებს (ცამეტ წელზე ზევით) შესაძლოა დაემართოთ ოსტეოფიტი და ართრიტ.

ოსტეოფიტი – ძვლოვანი კორძი ძვლის სახსროვანი ზედაპირის კიდეებზე ართროზისას. ეს წანაზარდი იწვევს მოძრაობის შეზღუდვას და თან ახლავს ტკივილი.

ართრიტი – სახსრის დაავადება; ერთი ან მეტი სახსრის ანთება.

სიყრუე – გენეტიკური მიდრეკილება სიყრუისაკენ დალმაციელებში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ძაღლის ამ ჯიშის დაახლოებით 70 %-ს გააჩნია ნორმალური სმენა. ადრეული მომშენებლების მიერ სიყრუის აღიარება არ ხდებოდა და ამიტომ დალმაციელის ჯიში უჭკუოდ ითვლებოდა. მას შემდეგაც კი, როდესაც მოხდა ამ პრობლემის გენეტიკურ ნაკლად აღიარება, მომშენებლებმა მაინც ვერ გაიგეს ძაღლის ბუნება და სიყრუე დალმაციელებში კვლავაც ითვლება ხშირ პრობლემად.

ცისფერთვალება დალმაციელებს უფრო მეტი შემთხვევითობით უვითარდებათ სიყრუე, ვიდრე თაფლისფერთვალა ინდივიდებს, თუმცა კავშირი ამ ორ თავისებურებას შორის ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული. 

ჰიპერურიკემია – დალმაციელებს, ადამიანების მსგავსად შეიძლება დაემართოთ ჰიპერურიკემია. ეს არის ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება. იგი ვლინდება შარდმჟავის მომატებული შემცველობით შარდში და იწვევს პოდაგრას. შარდმჟავა შესაძლოა მაღალი კონცენტრაციით გამოიყოს შარდში, რაც იწვევს კენჭებს თირკმელსა და შარდის ბუშტში. ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება შუახნის ხვად დალმაციელებში. 10 წელზე მეტი ხნის ხვადი ინდივიდები მიდრეკილნი არიან თირკმლის კენჭებისაკენ, ამიტომ უნდა მოხდეს მათთვის კალციუმის მიღების შემცირება ან შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის ჩატარება.

Dalmatian-dog6

დალმაციელი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250-300 ლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე დალმაციელის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

გამოკითხვა 3

პეკინესი

დღეს გადავწყვიტე, ძაღლის იმ ჯიშზე დამეწერა პოსტი, რომელიც ძალიან ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და ბევრს უყვარს და ჰყავს კიდეც. ვაღიარებ, სკოლის პერიოდში ვფიქრობდი ამ ძაღლის ყოლაზე, თუმცა მისი გრძელი და ფუმფულა ბეწვის მოვლა საკმაოდ შრომატევადი და რთულია. თან გამიგია, ეს ძაღლი თავისებური ხასიათით გამოირჩევა და მხოლოდ ერთი ადამიანის ამორჩევა და შეყვარება იცისო. მოკლედ, წარმოგიდგენთ პეკინესს:

პეკინესი

პეკინესი

ძაღლის ჯიში:                                    პეკინესი

სხვა სახელი:                              pekingese-lion dog                                                                                                                                                                                  ლომისებრი ძაღლი                                                                                                                                                                                ჩინური სპანიელი                                                                                                                                                                                  Pelchie Dog                                                                                                                                                                                                Peking Palasthund                                                                                                                                                                                 北京犬                                                                                                                                                                                                            宮廷獅子狗                                                                                                                                                                                                  京巴

მეტსახელი:                                           პეკი

წარმომავლობა:                                ჩინეთი

ფერი:                                          ოქროსფერი, წითური, შავ-ყავისფერი,                                                                                                                                         კრემისფერი, რუხი, შავი, თეთრი

ბეწვის ტიპი:                             ორმაგიგრძელი, უხეში, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                                15 – 23 სმ

წონა:                                           3,2 კგ – 6,4 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:    12 – 15 წელი

წარმოშობის ისტორია:

პეკინესი 2000 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა ჩინეთში, ანტიკურ ეპოქაში და მთელი ამ წლების განმავლობაში დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. როგორც ბოლო ხანების დნმ-ის ანალიზი ცხადყოფს, პეკინესი ძაღლის ერთ-ერთ უძველეს ჯიშს მიეკუთვნება და მგლისაგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ გენეტიკურად დაშორებულ ჯიშს წარმოადგენს.

საუკუნეების განმავლობაში, ამ პატარა ცხოველებს მხოლოდ ჩინეთის იმპერატორის სასახლეში ჰქონდათ დადებული ბინა და დიდგვაროვნების საყვარელი კალთის ძაღლები იყვნენ. მათ სპეციალურად მათთვის განწესებული საჭურისები უვლიდნენ, ხოლო პეკინესის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა.

ძაღლის ამ ჯიშის სახელი ჩინეთის დედაქალაქს – პეკინს (აწ უკვე ბეიჯინგს) უკავშირდება, სადაც აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინ.: 禁城; ნიშნავს “მეწამულ აკრძალულ ქალაქს”) არის განთავსებული. იგი მდებარეობს ბეიჯინგის ცენტრში და მინის და ცინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

მეორე ოპიუმის ომის (The Second Opium War) დროს (ინგლის-საფრანგეთის ომი ჩინეთის წინააღმდეგ, 1856 – 1860 წწ), 1860 წელს, ბეიჯინგის ძველი საზაფხულო სასახლე ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალების კონტიგენტმა დაიკავა. იმპერატორი სიანფენი (Xianfeng) მთელი თავისი სამეფო კარითურთ ჩენდეში (Chengde) გაიქცა, თუმცა მისი მოხუცი დეიდა ქალაქში დარჩა. როდესაც ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები სასახლეში შევიდნენ, მან თავი მოიკლა. მისი ცხედარი 5 პეკინესთან ერთად აღმოაჩინეს, რომლებიც პატრონის სიკვდილს გლოვობდნენ. ისინი მოკავშირეებმა სასახლიდან გაიყვანეს მანამ, სანამ ძველი საზაფხულო სასახლე დაიწვებოდა და მიწასთან გასწორდებოდა. 

ლორდმა ჯონ ჰეიმ წაიყვანა პეკინესების ერთი წყვილი და აჩუქა თავის დას, ველინგტონის ჰერცოგინიას. სერ ჯონ ფიცროიმ წაიყვანა პეკინესების მეორე წყვილი და აჩუქა თავის ბიძაშვილებს – რიჩმონდისა და გორდონის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას. ლეიტენანტმა დანმა კი მეხუთე პეკინესი  ინგლისის დედოფალ ვიქტორიას უსახსოვრა, რომელმაც ძაღლს ლუთი დაარქვა. 

ცინების დინასტიის იმპერატორმა ქალმა – დოვაგერ ცისიმ პეკინესები აჩუქა რამოდენიმე ამერიკელს, მათ შორის ჯონ პირპოინტ მორგანსა და ელის ლი რუზველტ ლონგვორტს – თეოდორ რუზველტის ქალიშვილს, რომელმაც ძაღლს მანჩუ დაარქვა.

პეკინესი ცნობილია ასევე, როგორც ”სახელოს ძაღლი”, რადგან თავისი პატარა ზომის გამო მისი დამალვა თავისუფლად შეიძლებოდა ჩინელი დიდგვაროვნის ფართო სახელოში. ძველად ამ ჯიშს ერქვა ლომისებრი ძაღლი, რაც სახის გარშემო შემოვლებული ხშირი ფაფრის გამო ეწოდა.

ლეგენდები პეკინესზე:

პეკინესზე არსებობს ორი ისტორია. პირველი და ყველაზე ცნობილი არის ამბავი ლომსა და ანთარზე (ერთგვარი მაიმუნი):

ლომსა და მაიმუნს (ანთარს) ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ლომი ძალიან დიდი იყო, ამიტომ იგი წავიდა ბუდასთან და თავის გასაჭირზე შესჩივლა. ბუდამ ნება დართო ლომს, დაპატარავებულიყო მაიმუნის ზომამდე და შედეგად გაჩნდა პეკინესი. ლეგენდის თანახმად, პეკინესმა თავისი დიდებულება და ბეწვი ლომისაგან, ხოლო მოუქნელი სიარული მაიმუნისაგან მიიღო.

მეორე, ნაკლებად ცნობილი ისტორია ლომზე და პეპელაზეა:

ლომს შეუყვარდა პეპელა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ სხვაობა თავიანთ ზომებს შორის ძალიან დიდი იყო, ამიტომ ორივენი წავიდნენ ბუდას სანახავად, რომელმაც ამ ორი არსების ზომები შეუსაბამა ერთმანეთს და გაასაშუალოა. აქედან გაჩნდა პეკინესი.

ქცევა და ხასიათი:

პეკინესი გულადი, გაბედული და ერთგული, მაგრამ ჯიუტი და თავნება ძაღლია. იგი შესანიშნავი კომპანიონია უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, თუმცა შეუფერებელია ისეთი სახლისათვის, სადაც უმცროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ. ძაღლის ეს ჯიში შესაძლოა აგრესიული იყოს სხვა ცხოველებისა და მასზე დიდი ძაღლების მიმართ, თუმცა პატრონის მტკიცე ხელის შემთხვევაში, იგი ისწავლის ვინაა უფროსი. პეკინესი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გასაწვრთნელი ჯიშია, თუმცა შესაძლებელია მისი გაწვრთნა, თუკი იგი ძალიან გიყვართ და მასაც უყვარხართ. ეს ძაღლი თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს , თუ საჭირო იქნება სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი თქვენთვის იბრძოლებს. პეკინესი დიდი ძაღლია პატარა ზომაში. მას ძალიან უყვარს, როდესაც პატივისცემით ექცევიან და ყურადღებას აქცევენ და მისდამი სხვაგვარ მოპყრობას არ მიიღებს.

მოვლა:

პეკინესს თავისი გრძელი და ფუმფულა ბეწვის გამო ხანგრძლივი და გულმოდგინე მოვლა სჭირდება. ძაღლის ამ ჯიშს ბეწვი უხვად სცვივა, ამიტომ საჭიროა მისი ორმაგი ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა. საჭიროა ასევე გრუმერთან ვიზიტი 2-3 თვეში ერთხელ. ადვილი მოსავლელი რომ იყოს, ხშირად პეკინესს ბეწვს კრეჭენ და ე.წ. ”ლეკვის ვარცხნილობას” (ინგ: Puppy Cut) უკეთებენ.

დამატებით ზრუნვას მოითხოვს ძაღლის უკანა კიდურების ბეწვი, რომელიც ხშირად ჭუჭყიანდება და ითელება. ბეწვი რეგულარულად გაასუფთავეთ შამპუნით; ყოველდღე გაუწმინდეთ სახე და თვალები წკირზე დახვეული ბამბის ტამპონით; შეუმოწმეთ თათები და მოაცილეთ მიკრული ბირკები ან წკირები. 

პეკინესს ხანგრძლივი სიარული და ბევრი ვარჯიში არ სჭირდება. მისთვის რეგულარული ხანმოკლე გასეირნებაც საკმარისია. ნუ ავარჯიშებთ სიცხეში, რადგან შეიძლება მზის დაკვრა მიიღოს. ნუ შეაჩვევთ შეხტომას, რადგან ეს იწვევს მალათაშუა დისკების თიაქარს.

ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე პეკინესის წონასაც. წონაში მომატება მასზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ მოერიდეთ მისთვის ზედმეტი საკვების მიცემას.

ჯანმრთელობა:

პეკინესს ახასიათებს შემდეგი დაავადებები:

გულის კონგესტიური უკმარისობა – მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით შეასრულოს გადატუმბვის მოქმედება, რათა შენარჩუნდეს სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში. მას შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის შემოკლება, ფეხების გასივება და ფიზიკური ვარჯიშების შესრულების უუნარობა. 

თვალის დაავადებები

ძაღლის ამ ჯიშს თავისი ამომჯდარი, დიდი თვალების გამო ხშირად მექანიკური დაზიანებები აღენიშნება; რქოვანაზე წყლული უჩნდება, რაც მხედველობის დაზიანებას იწვევს.

მშრალი კერატოკონიუქტივიტი (თვალის სიმშრალე) – მდგომარეობა, რომლის დროსაც რქოვანაზე არსებული ცრემლის აპკი არ არის საკმარისი რაოდენობით, რათა მოხდეს რქოვანას სრულფასოვანი დატენიანება.

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

კანის ალერგია (და დერმატიტი)

ძაღლის ეს ჯიში ბრაქიცეფალურია და გააჩნია ასევე სუნთქვის პრობლემები თავისი გაბრტყელებული, მოკლე ცხვირის გამო. ამიტომ არ უნდა მოხდეს პეკინესის გარეთ დატოვება, რადგან მისთვის ძნელია სხეულის ტემპერატურის დარეგულირება ზედმეტად ცხელ ან ცივ ამინდში.

თავისი გრძელი ზურგის გამო, პეკინესს შესაძლოა აღენიშნებოდეს ზურგის დაზიანებები. აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის ხელში აყვანის წესს, რათა მოხდეს ზურგისათვის საყრდენის შექმნა: ერთი ხელი ძაღლს მკერდქვეშ უნდა მოვკიდოთ, ხოლო მეორე კი – მუცელზე.

DSC_0111

პეკინესი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250-დან 400 ლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე პეკინესის შესახებ და ასევე პეკინესის, სახელად ჯორჯიას გაკეთებულ სასაცილო ილეთებს.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი