დილემა

მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი ბლოგის მკითხველებო

მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მინდოდა რომ მყოლოდა ძაღლი. დღესაც მინდა და ეს სურვილი ამჟამად ისე მაქვს მოზღვავებული, რომ აღარ ვიცი რა ვქნა. იკითხავთ, ასე თუ გინდა, რატომ არ ყიდულობ და მოგყავს სახლშიო. საქმე იმაშია, რომ მარტო ვცხოვრობ პატარა ბინაში, თან ვმუშაობ და მთელი დღით გასული ვარ სახლიდან. მცალია მხოლოდ შაბათს 2 საათის შემდეგ, რადგან შაბათსაც ვმუშაობ და კვირა დღეს. ასეთ პირობებში სრული უაზრობაა ძაღლის ყოლა, თუმცა მაინც რომ მინდა, რა ვქნა? 😦 ყველაფერზე მაქვს ნაფიქრი: ის, რომ მარტო იქნება მთელი დღე და ცოდოა და მეც ცოდო ვარ, რომ უნდა ვინერვიულო, რომ ლეკვს 5-ჯერ უნდა დღეში ჭამა, რომ სახლს დამისვრის აცრების დასრულებამდე თავისი ფეკალიებით, რომ ავეჯიც შეიძლება გამიფუჭოს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვფიქრობ ლეკვის აყვანაზე 🙂

სხვა საკითხია ჯიშის შერჩევა. ბავშვობაში ძალიან მომწონდა კოკერ სპანიელი, თან ინგლისური და თანაც ჩალისფერი. ვამბობდი, აუცილებლად ეს ჯიში მეყოლება თქო, თუმცა მას შემდეგ, რაც ძაღლის ჯიშებს უფრო ახლოს გავეცანი და ბევრი გავიგე ამა თუ იმ ჯიშის თავისებურებაზე, შემიყვარდა ძალიან ფრანგული ბულდოგი. ბევრს არ მოსწონს ეს ძაღლი, თუმცა მე ძალიან მესაყვარლება 🙂 თუნდაც ის ყურები რომ აქვს ღამურისებრი, რომ ხვრინავს და ხრუტუნებს და ჰაერსაც კი რომ აფუჭებს, ეს ყველაფერი ამ ჯიშს რაღაცნაირად გამორჩეულს ხდის სხვებისგან. ამავდროულად არის საკმაოდ ჯიუტი და შემტევი ხასიათის. როგორც მას უწოდებენ, ესაა დიდი ძაღლი პატარა შეფუთვაში 🙂 თუმცა რამდენადაც მოსიყვარულე, თბილი და ღრუტუნაა, იმდენად აქვს სუსტი ჯანმრთელობა. როგორც ამბობენ და წერენ, ეს ჯიში ვეტების ხშირი სტუმარია ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის გამო. ამას ემატება ისიც, რომ ლეკვი ამჟამად ღირს 600 ლარი (მაიმარკეტზე განთავსებული განცხადებების საფუძველზე მომყავს ეს ფასი), რაც საკმაოდ ძვირია იმასთან შეფარდებით, რომ ჰასკისა და ლაბრადორის ლეკვებს, რომლებიც ზომით ლამის სამი ფრანგული ბულდოგის ხელები არიან, უკვე 300-400 ლარში ყიდიან. ვინაიდან ფარ-ხმალს არ ვყრი და მაინც მინდა ლეკვის მოყვანა, სერიოზულად დავფიქრდი ფრანგულის ყიდვაზე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და აგერ უკვე მერამდენე დღეა, ლამის მაიმარკეტზე ვცხოვრობ 🙂 თვალს ვავლებ განცხადებებს ყველა პატარა ჯიშზე, ვადარებ ერთმანეთს და მაინც ვერ ჩამოვყალიბდი, რომელი ჯიში მინდა 😦

იქნებ დამეხმაროთ ლეკვის შერჩევაში ჩემი ბლოგის მკითხველები, ისეთები, ვისაც გყავთ სახლში ძაღლი და კარგად იცნობთ ამა თუ იმ ჯიშის თავისებურებებს და მირჩიოთ, რომელი ჯიში იქნება ჩემთვის შესაფერისი.

ჩემი მოთხოვნები ასეთია:

  1. უნდა იყოს პატარა ზომის; ისეთი, რომ პატარა, 1 ოთახიან ბინაში ასე თუ ისე ნორმალურად იგრძნოს თავი. გასეირნებით გავასეირნებ დილაობით, სანამ სამსახურში წავალ და საღამოს, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ;
  2. ბეწვი სასურველია ჰქონდეს დაბალი. დიდ ბეწვს უფრო მეტი მოვლა და ვარცხნა უნდა, თუმცა პატარასაც რათქმაუნდა სჭირდება მოვლა;
  3. უნდა იყოს თბილი, მოსიყვარულე, უაგრესიო; სხვა ცხოველებისადმი, ადამიანებისა და ფრინველებისადმი ტოლერანტული 🙂 ვითვალისწინებ იმას, რომ მყავს სახლში თუთიყუში და არ მინდა, ერთხელაც სახლში მოვიდე და პირში თუთიყუშის ბუმბულგაჩრილი ძაღლი ვნახო 🙂 ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან ძაღლში გენეტიკურად მონადირის ინსტინქტები არის ჩადებული და იჩენს თავს შესაბამისი გარემოების დადგომისას;
  4. რაც მთავარია, ფასი! მხედველობაში ვიღებ რა იმ ფაქტს, რომ ძაღლს მოყვანისას მინიმუმ რამოდენიმე და მაქსიმუმ ბევრი 🙂 სხვადასხვა ნივთი სჭირდება მოვლისათვის (პატარა რბილი საწოლი, სადაც დაიძინებს და დაისვენებს, საკვებურები, საჭმელი, სავარცხლები, საყელური და საბელი, საბანაო შამპუნი, სათამაშოები, წამლები და ა.შ) და ამ ყველაფრისთვის მინიმუმ 100 ლარი მაინც დამჭირდება, ლეკვში ბევრს ვერ გადავიხდი სამწუხაროდ 😦 მაქსიმუმ 300 ლარი, მეტს ფიზიკურად ვერ შევწვდები 😦 შესაბამისად, ამ ფარგლებში ვეძებ ლეკვებს. ამ ეტაპზე დავუბრუნდი ისეც ჩემი ბავშვობის ძაღლზე ფიქრს და ვფიქრობ არა ინგლისურ, არამედ ამერიკულ კოკერ სპანიელზე, რომელიც ინგლისელზე მეტად მესიმპატიურება თვალში 🙂 მართალია დიდი ბეწვი აქვს, მაგრამ თუ ვიყიდი, მეყოლება სულ დაბალ “სტრიჟკაზე” და ბეწვის ვარცხნის თემაც ასე თუ ისე მოგვარდება. ამ ჯიშს ყურების ინფექციაც ახასიათებს დაყრილი ყურების გამო, რადგან არ ნიავდება ყურები და ხდება ანთებითი პროცესები. ამასაც ეშველება, თუკი მივაქცევ ყურადღებას.

მოკლედ, მირჩიეთ რამე ! 🙂 ველი თქვენს გამოხმაურებას.

ბიშონ ფრიზე

გამარჯობათ მკითხველებო…

სამ წელზე მეტი ხნის დაგვიანების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდი ჩემს ბლოგს…

მინდა ისევ მადლიერების გამოხატვით დავიწყო პოსტი. მთელი ამ ხნის განმავლობაში პერიოდულად ვადევნებდი თვალყურს ბლოგზე მიმდინარე ამბებს. მახარებს ძალიან თქვენი აქტიურობა, სხვადასხვა პოსტების ნახვები, კომენტარები და კითხვები. აქვე მინდა მცირედი დაზუსტება გავაკეთო: მხვდება ხოლმე სხვადასხვა სახის კითხვები ძაღლებთან დაკავშირებით, რაც წმინდად ვეტერინარული და კინოლოგიური ხასიათისაა და მათზე სამწუხაროდ ვერ გპასუხობთ და იმედია არც მიწყენთ, რადგან მე არ ვარ არც კინოლოგი და არც ვეტერინარი. გახლავართ ასე რომ ვთქვათ დილეტანტი, მოხალისე ამ საქმეში. უბრალოდ ძალიან მიყვარს ძაღლები და ვდებ პოსტებს სხვადასხვა ჯიშის შესახებ. სულ ესაა..

რაც შეეხება დღევანდელ პოსტს, იგი ეხება ძალიან საყვარელ, თეთრ და ღუნღულა ძაღლის ჯიშს, უსაყვარლეს ბიშონ ფრიზეს 🙂

162493-849x565r1-bichon-frise

ბიშონ ფრიზე

ძაღლის ჯიში:                                     ბიშონ ფრიზე

სხვა სახელი:                                       Bichón Tenerife                                                                                                                                                                  Bichon à poil frisé

წარმომავლობა:                                 კანარის კუნძულები (ესპანეთი) / ბელგია

ფერი:                                                  მთლიანად თეთრი

ბეწვის ტიპი:                                      საშუალო სიგრძის. რბილი, აბრეშუმისებრი                                                                                                               ტექსტურის, ხვეულებით

სიმაღლე:                                              23 – 28 სმ

წონა:                                                   5-10 კგ

ლეკვების რაოდენობა:                    4 – 6 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა:         12 – 20 წელი

 

წარმოშობის ისტორია:

ბიშონ ფრიზე წარმოიშვა ბარბეტის, ანუ წყლის სპანიელისა და სტანდარტული პუდელისაგან. სიტყვა “ბიშონი” მომდინარეობს შუა საუკუნეების ფრანგული სიტყვა “bichon”-საგან (“პატარა გრძელბეწვიანი ძაღლი”), რომელიც წარმოადგენს ძველფრანგული სიტყვა “biche”-ს, ძველინგლისური “bicce”-სა და გერმანული “Betze”-ს კნინობით ვარიანტს, რაც სამივე ენაზე ნიშნავს “მდედრობითი სქესის (ძუ) ძაღლს). ჯიშის სახელწოდება “Bichon Frise” კი მომდინარეობს ფრანგული “Bichon à poil frisé”-დან, რაც “ხუჭუჭა კალთის ძაღლს” ნიშნავს.

ბიშონ ფრიზე მიეკუთვნება ბიშონის ტიპის ძაღლს, რომელიც თავის მხრივ 4 კატეგორიად იყოფა: ბიშონ მალტესი, ბიშონ ბოლონიეზი, ჰავანური ბიშონი და ბიშონ ტენერიფე (ეს ჯიში). ზემოთ მოყვანილი ყველა ჯიში წარმოიშვა ხმელთაშუა ზღვისპირეთში. თავიანთი მხიარული ხასიათის გამო, ისინი ბევრს მოგზაურობდნენ და ხშირად ბარტერადაც კი იყენებდნენ მეზღვაურები ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადასვლისას. მოგზაურობის შედეგად, ძაღლები მოხვდნენ ესპანეთში და სარწმუნოა ის ფაქტი, რომ ესპანელმა ზღვაოსნებმა მოახდინეს ამ ჯიშის შეყვანა კანარის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულ ტენერიფეზე. მე-14 საუკუნეში იტალიელმა მეზღვაურებმა თავიანთი მოგზაურობისას ხელახლა აღმოაჩინეს ძაღლის ეს ჯიში და დაუბრუნეს კონტინენტს, სადაც ისინი იტალიელი დიდგვაროვნების საყვარელ ძაღლებად გადაიქცნენ, რომელთაც ბეწვს უკრეჭდნენ “ლომის სტილში”, როგორც ეს მიღებული იყო იმ დროისათვის სამეფო კარზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბიშონი არ არის რეტრივერი ან წყლის ძაღლი, მას, როგორც მეზღვაურის ძაღლის წარმომავლობის მქონეს, ძალიან უყვარს წყალი და წყლიდან ნივთების გამოტანა, თუმცაღა გემებზე ამ ჯიშის ძაღლის დანიშნულება მხოლოდ ადამიანისათვის კომპანიონობის გაწევა იყო.

ბიშონ ტენერიფე საკმაოდ პოპულარული იყო საფრანგეთში, რენესანსის პერიოდში ფრანსუა I-სა (1515-1547 წწ) და ჰენრი III-ის (1574-1589 წწ) მეფობის პერიოდში. ძაღლის ამ ჯიშმა სახელი გაითქვა ესპანეთშიც, სადაც ისინი მეფისწულებისა და მეფის ასულების ნებიერებად იქცნენ. ბიშონებს ესპანური სკოლის მხატვრებიც ხშირად იყენებდნენ თავიანთ ნამუშევრებში, მაგალითად ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა – ფრანსისკო დე გოიამ ბიშონ ფრიზე თავის რამოდენიმე ნამუშევარში უკვდავყო.

ბიშონებისადმი ინტერესი განახლდა ნაპოლეონ III-ის მმართველობის პერიოდში, თუმცა მინელდა მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა იგი იქცა “ჩვეულებრივ ძაღლად”, რომელიც ქუჩებში დარბოდა არღნის დამკვრელებთან ერთად, უწევდა დახმარებას მხედველობის არმქონე ადამიანებს და ასრულებდა სხვადასხვა ტრიუკებს ცირკებსა და ბაზრობებზე.

1933 წლის 5 მარტს, ჯიშის ოფიციალური სტანდარტის მიღება მოხდა საფრანგეთის ეროვნული კენელ კლუბის – Société Centrale Canine-ის მიერ, რაც მეწილად განპირობებული იყო ბელგიელი კომიქსების მხატვრის – ერჟეს “ტინ-ტინის თავგადასავლები”-ს პოპულარობით, რომლის ერთ-ერთ პერსონაჟს წარმოადგენდა პატარა, ფუმფულა და თეთრი ფოქსტერიერი, სახელად მილოუ. ვინაიდან იმ პერიოდში, ძაღლის ამ ჯიშს ორი სახელით – “Tenerife” და “Bichon” მოიხსენიებდნენ, საერთაშორისო კინოლოგიურო ფედერაციის –  Fédération Cynologique Internationale პრეზიდენტმა წამოაყენა ტერმინი “Bichon Frisé” ძაღლის ვიზუალიდან გამომდინარე (Frisé ფრანგულად ნიშნავს “ხვეულს”, “ხუჭუჭას” ძაღლის ბეწვთან მიმართებაში). 1934 წლის 18 ოქტომბერს კი ბიშონ ფრიზე, როგორც ძაღლის ჯიში ოფიციალურად დარეგისტრირდა საფრანგეთის ეროვნულ კენელ კლუბში – Société Centrale Canine.

ქცევა და ხასიათი:

ბიშონ ფრიზე ითვლება მხიარულ, მგრძნობიარე, ჭკვიან, რბილი ხასიათის მქონე მოსიყვარულე ძაღლად. ბიშონებს, როგორც კომპანიონ ძაღლებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და დიდ ყურადღებასაც ითხოვენ. ზოგადად, ძაღლის ეს ჯიში საკმაოდ კონტაქტურია და სიხარულით დაყვება პატრონს სასეირნოდ. ბიშონი კარგად ეწყობა ბავშვებს, რადგან ძალიან უყვარს თამაში და ბევრი ენერგია აქვს. იგი ასევე კარგად ეგუება სხვა ცხოველებსაც. ბიშონი საკმაოდ დამჯერი ჯიშია, თუკი მისი გაწვრთნა დაიწყება ადრეული ასაკიდან და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

მოვლა:

ბიშონის ბეწვს დიდი მოვლა სჭირდება. მისი ორმაგი, ხუჭუჭა ბეწვი სახლის პირობებში  ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც უნდა დაივარცხნოს, რათა მოშორდეს ჩახვეული და გათელილი თმა. აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალ გრუმერს თვეში ერთხელ, თქვენი ბიშონის ბეწვის დაბანის, დავარცხნისა და გაკრეჭვისათვის მითუფრო, რომ მისი ბეწვი თეთრია, რაც კიდევ უფრო მეტ სისუფთავეს მოითხოვს. ბიშონს ხშირად მაკრატლით კრეჭენ ტანის კონტურების გაყოლებაზე და ვარცხნიან ისე, რომ ღრუბელს დაემსგავსოს :). ძაღლის ეს ჯიში მიდრეკილია ყურის დაავადებებისაკენ, ამიტომ საჭიროა ყურების გულმოდგინედ გასუფთავებაც.

ბიშონ ფრიზე ითვლება ჰიპოალერგიულ ჯიშად, რადგან არ სცვივა ბალანი და ამიტომ შესაფერისია ისეთი ადამიანებისათვის, ვისაც ცხოველის ბეწვზე, ქერტლზე (მტვერზე) და  ნერწყვზე ალერგია აქვს. ბიშონის სწორი გრუმინგი ხელს უწყობს მოშვებული თმის მოშორებას, ხოლო ბეწვის ხვეულები ხელს უშლის მკვდარი თმისა და ქერტლის გარემოში გავრცელებას.

ჯანმრთელობა:

ბიშონ ფრიზესათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია – ანემია, გამოწვეული ადამიანის სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების საწინააღმდეგო ანტისხეულების ფორმირებით, რომლებიც “თავს ესხმიან” ერითროციტებს და იწვევენ მათ გასკდომას, რის შედეგადაც მცირდება ჟანგბადის მატარებელი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა სისხლის მიმოქცევაში. ამ დაავადების სიმპტომებია: სისუსტე, ენერგიის დაკარგვა, მადის ნაკლებობა, ღებინება, დიარეა, აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა, მუქი ფერის შარდი და მკრთალი ან ყვითელი ფერის ღრძილები.

იმუნური თრომბოციტოპენია – მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში არის თრომბოციტების ნაკლებობა. თრომბოციტები არიან უფერული უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლდენის შეჩერებაში – შედედებაში თრომბის წარმოქმნის გზით. თრომბოციტოპენიის ყველაზე გავრცელებული კლინიკური ნიშანია კანისა და ლორწოვანი გარსის სისხლჩაქცევები.

სიმსივნეები

ღვიძლის უკმარისობა

ბიშონ ფრიზეს ხშირად აღენიშნება კატარაქტა ან ცხვირ-საცრემლე არხების დახშობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალიდან სითხის დენა და დაულაქაოს თეთრი ბეწვი.

Bichon_Frise_Linares_head.jpg

სამწუხაროდ, ბიშონ ფრიზეს ლეკვების ყიდვა-გაყიდვის განცხადებები ჯერ-ჯერობით ვერ იძებნება საქართველოში 😦

გიტოვებთ ვიდეოს Youtube-ზე ბიშონების შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია