შარ-პეი

სალამი ყველას 🙂

აგერ უკვე თითქმის ერთი თვე ხდება, რაც ახალი პოსტი არ დამიწერია და არც ახალი წელი მიმილოცია ჩემი ბლოგის მკითხველებისათვის.

დაგვიანებით გილოცავთ ყველას ახალ, 2014 წელს. ყველას წარმატებებს, ხვავს, ბარაქას და ქვეყანაში მშვიდობას გისურვებთ 🙂

რაც შეეხება ჩემს პასიურობას: საქმე იმაშია, რომ სამსახური დავიწყე და ვეღარ ვიცლი ხოლმე ვეღარაფრისთვის, არათუ ბლოგისთვის. შაბათ-კვირას ვისვენებ და მაქსიმალურად შევეცდები, ამ დღეებში მაინც შემოგთავაზოთ ახალი პოსტები. დღეს გადავხედე ჩემს მიტოვებულ ბლოგს და ძალიან გამეხარდა, რომ ბლოგის სტატისტიკა სულ უფრო და უფრო სასიხარულო მონაცემებს მახვედრებს 🙂 ასევე ხმების მომატებული რაოდენობა დამხვდა ჩემს მიერ ბლოგზე განთავსებულ გამოკითხვებში და დიდ მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც შემოდის ჩემს ბლოგზე, ინტერესდება მასზე განთავსებული მასალით და გამოკითხვებშიც იღებს მონაწილეობას. დიდი მადლობა ყველას! 🙂 ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

დღევანდელი ჩემი პოსტი ძაღლის ისეთ ჯიშს ეხება, რომელიც მართლაც რომ გამორჩეული და უცნაური გარეგნობითაა დაჯილდოებული. კერძოდ კი, თავიც და ტანიც ნაოჭებით აქვს დაფარული და ასევე მოლურჯო-მოშავო ფერის ენა აქვს. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ჩინური შარ-პეი, ან უბრალოდ შარ-პეი:

ჩინური შარ-პეი

ჩინური შარ-პეი

ძაღლის ჯიში:                                    შარ-პეი

სხვა სახელი:                             ჩინური შარ-პეი

წარმომავლობა:                                ჩინეთი

ფერი:                                           წითური, ჩალისფერი, შავი, კრემისფერი, ყავისფერი, მოლურჯო,                                                                                გარგრისფერი, შოკოლადისფერი, იასამნისფერი

ბეწვის ტიპი:                              ცხენისებრი; ე.წ. “ჰორსი” (უხეში და ზედმეტად მჩხვლეტავი)                                                                                       ჯაგრისისებრი; ე.წ. “ბრაში” (1 ინჩამდე სიგრძის და შედარებით                                                                                   რბილი)                                                                                                                                                                                                         დათვისებრი (იშვიათია – 1 ინჩზე მეტი სიგრძის ბეწვით)

სიმაღლე:                                                  46 – 56 სმ

წონა:                                             ხვადი – 25 – 29 კგ;  ძუ – 18 – 25 კგ

ლეკვების რაოდენობა:                   4 – 6 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა:      10 წელი

წარმოშობის ისტორია:

შარ-პეის ჯიში მომდინარეობს გუანდუნის პროვინციიდან, რომელიც სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთში მდებარეობს. პირველი ჩინური შარ-პეი ძალიან განსხვავდებოდა ძაღლის იმ ჯიშისაგან, რომელიც დღეს ასე პოპულარულია დასავლეთში. სამხრეთ ჩინეთში -ჰონკონგსა და მაკაოში დასავლური და თავდაპირველი ტიპის შარ-პეის ერთმანეთისაგან განასხვავებენ ორი სხვადასხვა სახელით: “meat-mouth” და “bone-mouth”. ეს უკანასკნელი ტრადიციული ჩინური შარ-პეია, რომელსაც ნაკლები ნაოჭები, აპრეხილი კუდი, ცხენისებრი ბეწვი და ბეჰემოთისებრი დრუნჩი აქვს. სიტყვა “შარ-პეი” ითარგმნება, როგორც “ზუმფარისებრი ბეწვი” და აღნიშნავს ძაღლის ამ ჯიშის მოკლე და უხეშ ბეწვს.

შარ-პეის წინაპარი უცნობია. ის შესაძლებელია ოყოს ჩაუ-ჩაუს შთამომავალი, თუმცა ერთადერთი აშკარა კავშირი ძაღლის ამ ორ ჯიშს შორის მათი მოლურჯო-მოშავო ფერის ენაა. ჩინურ კერამიკულ ნაკეთობებზე არსებული ძველი სურათები კი ამტკიცებს, რომ ძაღლის ეს ჯიში ჯერ კიდევ ხანის დინასტიის დროს არსებობდა (206 წელი ჩვ.წ.აღ-მდე). ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცული ქანდაკება, რომელიც ჩვ.წ.აღ-ით 2 საუკუნით თარიღდება, გამოსახავს ძაღლს, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე შარ-პეის. დიდი ხნის განმავლობაში შარ-პეი მიიჩნეოდა ზოგადი გამოყენების ფერმის ძაღლად ჩინურ სოფლებში, რომელსაც იყენებდნენ სანადიროდ, საქონლის სამწყემსად და დასაცავად და სახლისა და ოჯახის სადარაჯოდ. იმ დროისათვის, შარ-პეის გამოყვანა ხდებოდა ინტელექტის, ძალისა და მკაცრი, მოღუშული იერის გამო.

ბოლო დროის გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ შარ-პეი ძაღლის ერთ-ერთ უძველესი ჯიშია, რომელიც უფრო ადრე გამოეყო საერთო წინაპრებს, ვიდრე ძაღლის სხვა ჯიშები. 2004 წელს გამოქვეყნებულმა ძაღლის სუფთა სისხლის ჯიშების გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მგლების შემდეგ, მხოლოდ ოთხი ჯგუფი იყო ფუნდამენტური:  აზიიდან – შარ-პეი შიბა ინუს, აკიტასა და ჩაუ-ჩაუსთან ერთად; ცენტრალური აფრიკიდან – ბასენჯი; არქტიკიდან – მალამუტი ციმბირულ ჰასკისთან და სამოედთან ერთად და შუა აღმოსავლეთიდან – ავღანური მწევარი და სალუკი.

მოგვიანებით, შარ-პეის ძაღლების ჩხუბებში იყენებდნენ. მოშვებული კანი და უკიდურესად მჩხვლეტავი ბეწვი მას თავდაპირველად განუვითარდა გარეული ტახის მოსაგერიებლად, როდესაც მას სანადიროდ იყენებდნენ. ძაღლების მაჩხუბრები შარ-პეის ამ თავისებურებას იყენებდნენ იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეს ადვილად ვერ ჩაევლო კბილები შარ-პეის უხეში კანისათვის და თუკი იგი მაინც შეძლებდა შარ-პეისათვის პირის ჩავლებას, ეს უკანასკნელი მაინც შეძლებდა მანევრირებასა და მეტოქის კბენას.

კომუნისტური რევოლუციის დროს, როდესაც შარ-პეის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ძაღლები გადაარჩინა ჰონგ-კონგელმა ბიზნესმენმა მატგო ლაუმ (Matgo Law), რომელმაც 1973 წელს მიმართა ამერიკელებს ძაღლების ჟურნალის მეშვეობით, რათა გადაერჩინათ ძაღლის ეს ჯიში. დაახლოებით 200 შარ-პეი კონტრაბანდული გზით გადაიყვანეს ამერიკაში. ეხლანდელი ამერიკული შარ-პეის ჯიშის ძაღლები სწორედ იმ 200 გადარჩენილი ძაღლის შთამომავლები არიან.

ქცევა და ხასიათი:

შარ-პეის ლეკვობიდანვე სჭირდება სოციალიზაცია ბავშვებთან, უცხოებთან და სხვა ცხოველებთან. სხვა მოჩხუბარი ჯიშების მსგავსად, ძაღლის ეს ჯიშიც შეიძლება იყოს ჯიუტი, მტკიცე ნებისყოფის და ძალიან ტერიტორიულიც. ადრეული ასაკიდანვე მკაცრი და თანამიმდევრული წვრთნა შველის ამ თვისებების აღმოფხვრას, სანამ ისინი პრობლემად ჩამოყალიბდება.

შარ-პეი ხშირად ეჭვის თვალით უყურებს და უნდობლობით ხვდება ხოლმე უცხოებს, რასაც მისი, როგორც მოდარაჯე ძაღლის წარსულამდე მივყავართ. ძაღლის ეს ჯიში ძალიან დამოუკიდებელი და ჩაკეტილია. ამის მიუხედავად, შარ-პეი ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია თავისი ოჯახისადმი და უცხოებსაც კარგად იღებს, თუკი ადრეული ასაკიდანვე მოხდება მისი სათანადო გაცნობა სხვა ადამიანებისადმი. შარ-პეი წყნარი ჯიშია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ყეფს, როცა რაიმე აწუხებს ან თამაშობს. იგი შემგუებელია და ბრძანებებს სწრაფად სწავლობს. აქვს კარგი ყნოსვა; ბოლო დროს ხშირად მონაწილეობს შეჯიბრებებში მორჩილებასა და დაბრკოლებათა გადალახვაში.

მოვლა:

შარ-პეის ბეწვი ადვილი მოსავლელია, თუმცა საჭიროა დანაოჭებული კანის ნაკეცების გასინჯვა და გასუფთავება, რათა ინფექცია არ შეიჭრას. ასევე ყოველკვირეულად უნდა შემოწმდეს შარ-პეის ყურებიც, რადგან ისინი შესაძლოა ბაქტერიებისა და ყურის პარაზიტების ბუდედ იქცეს იმის გამო, რომ არ ხდება მათი სათანადო დაჰაერება. შარ-პეის სწრაფად ეზრდება ფრჩხილები თათებზე, ამიტომ აუცილებელია მათი დაჭრაც.

ბეწვის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად საკმარისია ჯაგრისით მსუბუქად ვარცხნა. შარ-პეის არ უყვარს ბანაობა, ამიტომ დაბანეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ან მშრალი შამპუნით გაასუფთავეთ. მოაცილეთ მიკრული ტკიპები.

ძაღლის ეს ჯიში ენერგიული ჯიშია და ესაჭიროება რეგულარული ვარჯიში, მაგრამ საზოგადოებაში საბლის გარეშე მისი გაყვანა არ შეიძლება უცხო ადამიანებისადმი შესაძლო აგრესიის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად.

ჯანმრთელობა:

შარ-პეისათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

ალერგიით გამოწვეული კანის ინფექციები

მემკვიდრეობითი შარ-პეის ცხელება – სერიოზული, თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც იწვევს ხანმოკლე, მაგრამ განმეორებით ცხელებას, რომელიც 24 საათამდე გრძელდება და თან სდევს სითხის დაგროვება ფეხის კოჭებს ირგვლივ და მათი გასიება.

ამილოიდოზი –  ამ დაავადების დროს, ანომალიური ცილა ამილოიდი სრულიად სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში ლაგდება, მათ შორის – კუნთებში, შემაერთებელ ქსოვილში, პერიფერიულ ნერვებში. ცილა ამილოიდი ხშირად თირკმელებსა და ღვიძლშიც ჩნდება, რასაც საბოლოოდ თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ.

ენტროპიონი – ქუთუთოს შიგნით შებრუნება თვალის ბროლისაკენ, რაც თვალის გაღიზიანებას იწვევს და უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა სიბრმავით დასრულდეს. ენტროპიონის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

ყურის ინფექციები

ვიტამინ B-12-ის ნაკლებობა – ეს დააადება შარ-პეის ჯიშის ძაღლებისათვის საზოგადო პრობლემას წარმოადგენს და მას მემკვიდრულად მიიჩნევენ.

shar pei puppy in gardenშარ-პეი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 350 – 400 დოლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე შარ-პეის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

დღეს გადავწყვიტე, კიდევ ერთი ახალი პოსტი დამეწერა. ზოგადად არ მახასიათებს ხოლმე პოსტების ხშირი წერა და მითუმეტეს ყოველდღიური ხასიათის მიცემა ამ ყველაფრისთვის, რადგან ყოველი ახალი პოსტის შექმნა შრომატევადი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მე მსიამოვნებს ამ საქმის კეთება, რადგან  მიყვარს ძაღლები და მინდა თქვენც შეგაყვაროთ ისინი. 🙂

დღეს ძაღლის ისეთ ჯიშზე ვაპირებ პოსტის გამოცხობას, რომელზეც ინტერნეტში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა დადებული. თუმცა შევეცდები, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გამოვიყენო და ახალი პოსტის სახით შემოგთავაზოთ. მაშ ასე, მიესალმეთ აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს (ე.წ. ”ვასტოჩნიკს”):

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

ძაღლის ჯიში:                                    აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

სხვა სახელი:                              ბელარუსული ავჩარკა; აღმოსავლეთ ევროპული ავჩარკა;                                                                                                   Owczarek Wschodnioeuropejski

წარმომავლობა:                                რუსეთი; ბელარუსი

ფერი:                                           შავ-ყავისფერი, შავ-წითური, შავი, ყავისფერი, წითური, თეთრი

ბეწვის ტიპი:                              დაბალი, ხშირი და სქელი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  66 – 76 სმ;  ძუ – 61 – 71 სმ

წონა:                                            ხვადი – 35 – 60 კგ;  ძუ – 30 – 50 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 14 წელი

 

წარმოშობის ისტორია:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი (ე.წ. ავჩარკა) წარმოიშვა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანული ნაგაზების (მეცხვარული ძაღლების) და რუსული წარმოშობის ჰასკის ტიპის ძაღლებთან შეჯვარების შედეგად, რათა შეჯვარების შედეგად მიღებულ ნაყარს ჰქონოდა უკიდურესი სიცივისადმი გამძლეობა. ეს ჯიში თავდაპირველად გამოიყვანეს, როგორც სამუშაო ძაღლი სამხედრო და საპოლიციო დანიშნულებისათვის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში სამუშაოდ და გამორჩეულად კი მისი ინტელექტის გამო. თანამედროვე ბელარუსული ავჩარკის დნმ-ში აღმოჩენილია აღმოსავლეთ ციმბირული ლაიკების, ისევე, როგორც გერმანული ნაგაზების კვალი. ეს უკანასკნელნი კი რუსული არმიის მიერ იქნა მემკვიდრეობით მიღებული გერმანიის ტერიტორიიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლოს.  

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის ჯიშის პირველი სტანდარტის დამტკიცება მოხდა 1964 წელს სსრკ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კინოლოგიური საბჭოს მიერ. ძაღლის ეს ჯიში აღიარებულია რუსული კინოლოგიური ფედერაციის, კონტინენტური კენელ კლუბისა და ამერიკის ძაღლთა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. 

ქცევა და ხასიათი:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი მარდი, მგრძნობიარე, ერთგული და თავდადებულია პატრონის მიმართ. ეს ძაღლი გაწონასწორებული, თავდაჯერებული, ჭკვიანი და თამაშის მოყვარულია, თუმცა არ ენდობა უცხოებს. ძაღლის ეს ჯიში შესაძლოა იყოს აგრესიული, რაც მას შესანიშნავ მოდარაჯე ძაღლად აქცევს. მიუხედავად თავისი რბილი ხასიათისა, აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი შეიძლება არ იყოს შესაფერისი ოჯახის ძაღლი, განსაკუთრებით კი ისეთი ოჯახებისათვის შესაფერისი, სადაც პატარა ბავშვები არიან, რადგან იგი ცნობს მხოლოდ ერთ პატრონს და ამჯობინებს ერთ, მისთვის გამორჩეულ ადამიანთან თამაშს.

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზები სამუშაო ძაღლები არიან და ამიტომ ესაჭიროებათ რეგულარული, ყოველდღიური ვარჯიში. თავიანთი ინტელექტის წყალობით, მათ გააჩნიათ ნასწავლის სწრაფად ათვისების უნარი. ამ ძაღლს მისი სხვადასხვაგვარი კლიმატისადმი გამძლეობის გამო შეუძლია იცხოვროს გარეთ (ეზოში), ისევე როგორც სახლში. იგი გამოიყენება ასევე, როგორც მონადირე და ურმის გამწევი ძაღლი.

მოვლა:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის ხშირ და უხეშ ბეწვს კვალიფიციური მოვლა არ სჭირდება. საჭიროა დროდადრო ბეწვის ჯაგრისით დავარცხნა, ხოლო განგურის დროს თივთიკის გულდასმით გამოხშირვა.

ჯანმრთელობა:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია –  ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

იდაყვის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც იდაყვის სახსრის შემადგენელი ნაწილები (მხრის, სხივისა და იდაყვის ძვლები)  სათანადოდ არ ვითარდება. იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

დისკის დეგენერაციული დაავადება – ხერხემლის მალთაშუა დისკის დეგენერაცია (გადაგვარება).

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

ენტროპიონი – ქუთუთოს შიგნით შებრუნება თვალის ბროლისაკენ.

ექტროპიონი – ქუთუთოს შიდა ზედაპირის გარეთ ამობრუნება.

შებერილობა

two-lovely-east-european-shepherd-dogs-photo

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250 – 350 დოლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ ვიდეოს Youtube-ზე აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის წვრთნის შესახებ რუსულ ენაზე.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Породы Собак (გუგლ ფლეიდან)

                               ლინკი

როტვეილერი

ძაღლის შემდეგი ჯიში, რომელზეც პოსტის დაწერას ვაპირებ, რატომღაც აგრესიულ ჯიშადაა მიჩნეული ხალხის მიერ. მე პირადად ძალიან გამიკვირდა, როცა იუთუბზე ისევ და ისევ სეზარ მილანის ”Dog Whisperer”-ის ერთ-ერთ ეპიზოდს ვუყურე და გავიგე, რომ ძაღლის ეს ჯიში ამერიკაში რიგით მესამე ყველაზე აგრესიულ ჯიშად დასახელდა გამოკითხვის მიხედვით 😦 მეორე ადგილზე გერმანული ნაგაზი (ავჩარკა) გავიდა, ხოლო პირველი ადგილი ამერიკულ პიტბულტერიერს ხვდა წილად. ვისაც დააინტერესებს ნახვა, აქვე გიტოვებთ ვიდეოს 🙂

სიმართლე რომ ვთქვა, არასოდეს მქონია შეხება ძაღლის ამ ჯიშთან, თუმცა ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერები და ენერგიულები არიან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არ არიან ეს ძაღლები ისეთი აგრესიულები, როგორც ამას ხალხი აღიქვამს. ყველაფერი ხომ მაინც ძაღლის პატრონზეა დამოკიდებული და მის მიერ ძაღლის სწორად აღზრდაზე. მაშ ასე, თქვენს წინაშეა როტვეილერი:

როტვეილერი

როტვეილერი

ძაღლის ჯიში:                                    როტვეილერი

მეტსახელი:                                           როტ ; როტი

წარმომავლობა:                                გერმანია

ფერი:                                           შავ-ყავისფერი ან შავ-მუქი წითელი

ბეწვის ტიპი:                              ორმაგი ბეწვი – მოკლე, მაგარი და სქელი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  61 – 69 სმ;  ძუ – 56 – 63 სმ

წონა:                                            ხვადი – 50 – 60 კგ;  ძუ – 35 – 48 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  საშუალოდ 8 – 12 ლეკვი (შეიძლება მეტიც)

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     9 – 10 წელი

წარმოშობის ისტორია:

მიუხედავად იმისა, რომ როტვეილერი ბოლო ხანებში მრავალმხრივ ჯიშად ითვლება და მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისათვის, იგი არის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) უძველესი ჯიში მწყემს ძაღლთა ჯიშებს შორის. ეს მრავალწახნაგოვანი ძაღლი საქონლის მწყემსი და დამცველია. მას ასევე შეუძლია ყველა სახის შინაური პირუტყვთან მუშაობა გარკვეულ პირობებში.

ძაღლის ამ ჯიშის ისტორია სათავეს იღებს რომაული იმპერიიდან. შესაძლებელია, რომ როტვეილერი იყოს ძველრომაული მენახირე ძაღლების შთამომავალი, რომლებიც მასტიფის ტიპის ძაღლები იყვნენ და საიმედო, ძლიერ და ჭკვიან ძაღლებს წარმოადგენდნენ, რომელთაც გააჩნდათ მოდარაჯის ინსტინქტი. ევროპის დაპყრობის მიზნით წასული რომაული ლეგიონი ბევრს მოგზაურობდა მთელს კონტინენტზე. გასაცივებელი მოწყობილობის არარსებობის გამო, რომაელებს უწევდათ თავიანთი საქონლის ჯოგის თან წაყვანა და საკვებად გამოყენება. მენახირე ძაღლებს არა მხოლოდ საქონლის ჯოგის მწყემსვა, არამედ ღამით სურსათ-სანოვაგის დაცვაც ევალებოდათ. ჩვენი წელთ აღრიცხვით 74 წელს, რომაულმა არმიამ იმოგზაურა ალპების გასწვრივ და ასევე თანამედროვე გერმანიის სამხრეთ ნაწილში. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში, რომაული მენახირე ძაღლების გამოყენება ხდებოდა საქონლის ჯოგების მწყემსვისა და მათი სავაჭროდ გარეკვის მიზნით მას შემდეგაც კი, როდესაც მოხდა რომაელების გამოდევნა შვაბების მიერ თავიანთი ტერიტორიიდან.

ამ რეგიონს საბოლოოდ ეწოდა როტვაილი. იგი გადაიქცა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად და რომაული მენახირე ძაღლები კვლავინდებურად ემსახურებოდნენ თავიანთ საქმეს: მიჰყავდათ ნახირი ბაზარში და იცავდნენ მათ ქურდებისა და გარეული ცხოველებისაგან. ამბობენ, რომ შუა საუკუნეებში, ამ ძაღლებს ბაზრობებზე იყენებდნენ მოგზაური ყასბებიც ყელზე შემოხვეული ფულის ქისების დასაცავად. საბოლოოდ კი ამ ძაღლებს ეწოდათ ყასაბი ძაღლები (გერმ: Rottweiler Metzgerhunds; ინგ: butcher dogs). რკინიგზის, როგორც ცოცხალი პირუტყვის ბაზარში გადაყვანის მთავარ მეთოდად ქცევამ, ძაღლის ამ ჯიშის საჭიროება შეამცირა და შესაბამისად შემცირდა როტვეილერების რიცხვიც. მათმა რიცხვმა ისე სწრაფად განიცადა კლება, რომ 1882 წელს, ჰაილბრონში გამართული ძაღლების შოუს დროს, ძაღლის ამ ჯიშის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იყო წარმოდგენილი.

პირველი მსოფლიო ომის განვითარებამ მოიტანა საპოლიციო ძაღლების საჭიროება და სწორედ ამან შეუწყო ხელი როტვეილერების მიმართ ინტერესის ხელახალ გაღვივებას. პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როტვეილერების გამოყენება ხდებოდა შიკრიკებად და ასევე სასწრაფო დახმარების, ურმების გამწევ და მოდარაჯე ძაღლებად.

ქცევა და ხასიათი:

როტვეილერი ძლიერი, თვითდაჯერებული, მამაცი, უშიშარი და გონიერი ძაღლია. ამავდროულად არის ძალიან თავდადებული პატრონის მიმართ, მშვიდი, დამჯერი და მუშაობისთვის მზადმყოფი. იგი ძალიან დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით აკვირდება მის ირგვლივ შექმნილ გარემოს და მალევე არ ამყარებს მეგობრობას ადამიანებთან. როტვეილერს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი სურვილი, დაიცვას ოჯახი და სახლი; უყვარს თავისი ოჯახი და მეგობრები და ზოგჯერ ჯამბაზივით იქცევა, თუმცა იგი ასევე თავისი ტერიტორიის დამცველიცაა და არ ენდობა უცხოებს, სანამ წესიერად არ გაიცნობს.

როტვეილერი ძლიერი ჯიშია კარგად განვითარებული, მემკვიდრეობითი მწყემსვისა და დაცვის ინსტინქტებით. მისი პოტენციურად საშიში ქცევა ჩვეულებრივ გამოწვეულია პატრონის ძაღლისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, შეურაცხყოფით, უარყოფით ან სოციალიზაციისა და წვრთნის ნაკლებობით. შეუგნებელი პატრონები ძაღლის ამ ჯიშის ბუნების  აგრესიულ მხარეს ბოროტად იყენებენ. სწორედ ამის გამო ჯიშის ექსპერტები აცხადებენ, რომ როტვეილერისათვის აუცილებელია მორჩილებაზე წვრთნა და ფართო სოციალიზაცია. მასთან მუშაობა დიდ მოთმინებას და ნებისყოფას მოითხოვს, ამიტომ ესაჭიროება ადრეული, თანამიმდევრული წვრთნა გამოცდილი მწვრთნელის მიერ, რომელიც მის მართვას შეძლებს.

სწორად გაწვრთნილი როტვეილერი შესანიშნავი კომპანიონი დგება. მისი ყოლა მიზანშეუწონელია სახლში, სადაც უმცროსი ასაკის ბავშვები არიან. ვინც ძაღლს გააღიზიანებს ან რამეს დაუშავებს, აგრესიულ პასუხსაც მიიღებს. თავისი სიძლიერის გამო, როტვეილერს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ საბელმობმულმა არ გაიწიოს. ხალხმრავალ ადგილებში საჭიროა მისი საბლით ყოლა.

მოვლა:

როტვეილერის მოკლე, გლუვი და პრიალა ბეწვი ადვილი მოსავლელია. მას ბეწვი ძალიან არ ცვივა და კარგია მისი მაგარი ჯაგრისით დავარცხნა ზედმეტი თივთიკის მოსაშორებლად, რათა ბეწვს უფრო მეტი ბზინვარება ჰქონდეს. დაბანეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. გაწმინდეთ ზამშით, რომ მისმა ბეწვმა იბზინოს.

ძაღლის ამ ჯიშისათვის საჭიროა ბევრი ვარჯიში და სირბილი და ეს მას ახარებს. როტვეილერს ვარჯიში და მუშაობა არ ღლის. მისთვის შესანიშნავი იქნება ცურვა და სირბილი, როდესაც ატარებთ ველოსოპედს. როტვეილერს უყვარს ასევე ბურთით თამაში და გადაგდებული ბურთის მოტანა.

როტვეილერი არაა წუნია მჭამელი, თუმცა მიდრეკილია გასუქებისაკენ, ამიტომ მოარიდეთ ზედმეტ საკვებს და აკონტროლეთ ძაღლის წონა.

ჯანმრთელობა:

როტვეილერი შედარებით ჯანმრთელი ძაღლის ჯიშია, თუმცა როგორც ძაღლის სხვა დიდ ჯიშებს, მასაც შეიძლება დაემართოს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. 

ზრდის სწრაფი ტემპის გამო, როტვეილერს შეიძლება განუვითარდეს ოსტეოქონდრიტი, რაც გავლენას ახდენს მხრის სახსარზე. ესაა სახსრის დაავადება, როდესაც ბზარები ჩნდება სასახსრე ხრტილსა და მის ქვეშ მოთავსებულ ხრტილქვეშა ძვალში.

ენტროპიონი – ქუთუთოს შიგნით შებრუნება თვალის ბროლისაკენ.

ექტროპიონი – ქუთუთოს შიდა ზედაპირის გარეთ ამობრუნება.

როტვეილერი ასევე მიდრეკილია სიმსივნისაკენ, რაც მისი ადრეულ ასაკში სიკვდილის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.

ზედმეტი კვების ან ვარჯიშის ნაკლებობის შედეგად როტვეილერს შეიძლება ჩამოუყალიბდეს სიმსუქნე. მისი შედეგები კი საკმაოდ სერიოზულია და იწვევს ართრიტს, სუნთქვის გაძნელებას, დიაბეტს, გულის უკმარისობას, რეპროდუქციულ პრობლემებს, კანის დაავადებებს, ორგანიზმის შემცირებულ წინააღმდეგობას დაავადებებისადმი და გადახურებას კანქვეშ მდებარე ცხიმის სქელი ფენის გამო.

Beautiful-Rottweiler-rottweiler-13378967-1280-800

როტვეილერი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი საშუალოდ 400-დან 600 დოლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე როტვეილერის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი