სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

დღეს ახალი პოსტის დაწერას ძაღლის ისეთ ჯიშზე ვაპირებ, რომელთანაც შეხება და ურთიერთობა არასოდეს მქონია. საერთოდაც, ტერიერების ჯგუფის ძაღლის ჯიშებს არ ვიცნობ (თეორიულ ცოდნას თუ არ ჩავთვლით). თუმცა ისე, ზოგადად ვიცი, რომ ბულდოგებისა და ტერიერების შეჯვარების შედეგად გამოყვანილი ძაღლები აგრესიულები და თავისებური ხასიათის არიან. წარმოგიდგენთ სტაფორდშირულ ბულტერიერს, იგივე სტაფს:

სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

ძაღლის ჯიში:                                    სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

მეტსახელი:                                          სტაფი; სტაფ; SBT (Staffordshire Bull Terrier)                                                                                                                          სტაფორდი; სტაფი ბული

წარმომავლობა:                                ინგლისი

ფერი:                                           წითური, ჩალისფერი, ვეფხვისებრი, თეთრი,                                                                                                                          შავი ან მოლურჯო, ან ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი                                                                                                  ფერი თეთრით

ბეწვის ტიპი:                              გლუვი, მოკლე და კანზე მჭიდროდ მიკრული

სიმაღლე:                                                 ხვადი –  36 – 41 სმ;  ძუ – 33 – 38 სმ

წონა:                                            ხვადი – 13 – 17 კგ;  ძუ – 11 – 15 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 16 წელი

წარმოშობის ისტორია:

მე-19 საუკუნემდე, სისხლიანი სპორტის სახეობები, როგორებიც იყო ხარებთან და დათვებთან ძაღლების ორთაბრძოლები და მამლების ჩხუბი ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა. ძაღლები თავს ესხმოდნენ ბაზარში მოყვანილ ხარებს და ეს სანახაობა ერთის მხრივ საქონლის ხორცის დამუშავების, მეორეს მხრივ კი მაყურებლის გართობის საშუალება იყო. ძაღლების ორთაბრძოლა დათვებთან, ხარებთან თუ სხვა ცხოველებთან ხშირად ეწყობოდა როგორც დიდგვაროვნების, ასევე მდაბიოების გასართობად.

ადრინდელი ბულტერიერები იყვნენ გამოყვანილნი არა ისეთ კომპანიონ ცხოველებად, რომელთაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, არამედ ხასიათის იმ თავისებურების გამო, რასაც ”მოჩხუბარობა” ქვია და რომელიც გამოიხატებოდა ძაღლების თავდასხმაში დათვზე, ხარზე ან სხვა რომელიმე ეგზოტიკურ ცხოველზე. ამით კი ძაღლის ძალა და შესაძლებლობები ფასდებოდა. ამ ადრეულმა ”პროტო-სტაფორდებმა” შეუმზადეს მემკვიდრეობითი ნიადაგი ძაღლის ისეთ ჯიშებს, როგორებიცაა სტაფორდშირული ბულტერიერი, ბულტერიერი, ამერიკული პიტბულ ტერიერი და ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი. ამ ჯიშების საერთო წინაპარი ცნობილი იყო, როგორც ”ბულტერიერი”.

სისხლიანი სპორტის სახეობები ოფიციალურად გაუქმდა 1835 წელს, როდესაც ბრიტანეთმა დაიწყო კანონების გაცნობა ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ. მას შემდეგ ძაღლების ჩხუბების ორგანიზება გაცილებით იაფი ჯდებოდა და უფრო ადვილიც იყო ამის მიჩქმალვა კანონის წინაშე, ვიდრე ეს ხდებოდა ხარებთან და დათვებთან ორთაბრძოლების დროს. ამის სანაცვლოდ, სისხლიანი სპორტის დამცველებმა დაიწყეს ძაღლების ერთმანეთთან შერკინება. ძაღლების ჩხუბი ისევ ითვლებოდა სისხლიანი სპორტის სახეობად (რომელიც ხშირად გულისხმობდა აზარტულ თამაშებს) და ამასთანავე წარმოადგენდა ძაღლის შესაძლებლობებისა და ხარისხის შემოწმების საშუალებასაც. ათწლეულების შემდეგაც კი ძაღლების ორთაბრძოლები ფარულად ხდებოდა ბრიტანეთსა და ამერიკაში. ძაღლებს უშვებდნენ ე.წ. რინგზე და ბოლო მოჩხუბარი ძაღლი (დროდადრო კი ბოლო გადარჩენილი ძაღლი) ითვლებოდა გამარჯვებულად. ”მოჩხუბარობის” ხარისხი ჯერ კიდევ დიდად ფასობდა და ის ძაღლები, რომლებიც ნებდებოდნენ ჩხუბისას, ითვლებოდნენ ”ფინიებად”. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძაღლების წვრთნა ხდებოდა იმისათვის, რომ მათ უნდა ჰქონოდათ აგრესია სხვა ძაღლების მიმართ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ კარგი ხასიათისა ადამიანებთან მიმართებაში, რადგანაც მათ პატრონებს უნდა მოემზადებინათ ისინი თითოეული რაუნდისათვის. 

დროსთან ერთად, თანამედროვე ჯიში ჩამოყალიბდა შინაური ცხოველისა და კომპანიონისათვის შესაფერისი ხასიათით. მან მოიპოვა პატივისცემა, გახდა ისეთი ძაღლი, რომლის ჩვენებაც ღირდა და გაერთიანებული სამეფოს (ინგლისის) კენელ კლუბის მიერ მოხდა მისი სტაფორდშირულ ბულტერიერად აღიარება 1935 წელს; ზუსტად 40 წლის შემდეგ კი ძაღლის ეს ჯიში აღიარა ამერიკულმა კენელ კლუბმაც.

ქცევა და ხასიათი:

სტაფი გონიერი, ერთგული, უშიშარი, სანდო და მოალერსე ჯიშია, თუმცა აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ. იგი მართალია მომცრო ზომისაა, თუმცა საოცრად ძლიერი ძაღლია. თამაშის მოყვარული და უწყინარიც კი სჩანს, მაგრამ საჭიროა ადრეული ასაკიდანვე მისი მკაცრი გაწვრთნა ბუნებითი აგრესიულობის შესამცირებლად, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ზრდასრულ ასაკში და სირთულეები შექმნას. ასევე აუცილებელია მისი სოციალიზაცია სხვა ძაღლებთან ადრეული ასაკიდანვე , რადგან სტაფი ვერ ეგუება მათ, განსაკუთრებით კი თავისივე ჯიშის სხვა ინდივიდებს. სწორად გაწვრთნილი სტაფორდშირული ბულტერიერი საუკეთესო კომპანიონია, მაგრამ გახსოვდეთ – გარეთ სეირნობისას არასოდეს იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი ძაღლი უცხო ძაღლების მიმართ აგრესიას არ გამოავლენს. ყოველთვის გაითვალისწინეთ შესაძლო გართულებები – კარგი იქნება, თუ თქვენს ძაღლს ალიკაპის ტარებას მიაჩვევთ.

სტაფი კარგად ეპყრობა ბავშვებს და ხშირად მას ძიძა ძაღლსაც უწოდებენ, რადგან გასაოცარი ხასიათი და ამტანობა გააჩნია ბავშვებთან ყოფნისას. იგი შესანიშნავი მოდარაჯე ძაღლია, რომელიც დაუპატიჟებელ სტუმარს აფრთხობს. იგი კარგად ეგუება ოჯახში ცხოვრებას და მალევე ეჩვევა ახალ გარემოს. ყურადღების მისაქცევად იცის შეხტომა და საჭიროა გადაჩვევა.

მოვლა:

სტაფორდშირული ბულტერიერის გლუვი და მოკლე ბეწვი ადვილი მოსავლელია. ვარცხნეთ ყოველდღე ჯაგრისით. აბანავეთ ან გაასუფთავეთ მშრალი შამპუნით, თუკი აუცილებელი გახდა. რეგულარულად შეუმოწმეთ ყურები და ბრჭყალები.

ძაღლის ამ ჯიშს სჭირდება რეგულარული ვარჯიში და უსაბლოდ სიარული, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველთვის იყოლიეთ საბლით. ლეკვობაში მათ ჩვევად აქვთ ყველაფრის ღეჭვა, ამიტომ თუ გსურთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი გადაარჩინოთ, ეს ძაღლები უნდა მოამარაგოთ ბევრი სათამაშოთი.

ნუ მისცემთ სტაფს ზედმეტ საკვებს, რადგან სწრაფად სუქდება, განსაკუთრებით კი კასტრაციის შემდეგ (კასტრაციას ძაღლის ამ ჯიშს უკეთებენ აგრესიულობის შესამცირებლად).

ჯანმრთელობა:

სტაფორდშირულ ბულტერიერს (სტაფს) ახასიათებს ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები:

მემკვიდრეობითი კატარაქტა და L-2 ჰიდროქსი გლუტარის აციდურია, რომელიც წარმოადგენს ნევრომეტაბოლურ დარღვევას და იწვევს ქცევის ცვლილებებსა და დემენციის (ჭკუასუსტობის) მსგავს სიმპტომებს. ზემოაღნიშნული ორივე დაავადების გამოვლენა შესაძლებელია დნმ-ის ანალიზის შედეგად.

დისტიქიაზი – ასევე ცნობილი, როგორც ”ორმაგი წამწამი” წარმოადგენს წამწამების დამატებით მწკრივს, რომელიც თვალს ეხახუნება და აღიზიანებს.

მასტოციტომა კანის ან კანქვეშა უჯრედის კეთილთვისებიანი სიმსივნე.

Animals___Dogs_The_Brown_Staffordshire_Bull_Terrier_on_the_grass_048455_

გიტოვებთ ვიდეოს Youtube-ზე სტაფის შესახებ. ამ ვიდეოში, როგორც მასში მონაწილე ადამიანები ამბობენ, ჩანს სტაფორდშირული ბულტერიერის ნამდვილი ბუნება.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

კოკერ სპანიელი

ძაღლის ეს საყვარელი და ყურებპარტყუნა ჯიში დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანმა იცის. საქართველოში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრს ოჯახის ნებიერადაც ჰყავს. ადრე რატომღაც სულ მინდოდა, მყოლოდა ეს ძაღლი, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩალისფერი, სანამ ძაღლის სხვა ჯიშებს უფრო გულდასმით არ გავეცანი და საერთოდ განსხვავებული ჯიშის ყოლა არ გადავწყვიტე სამომავლოდ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ კოკერ სპანიელს:

ინგლისური კოკერ სპანიელი

ინგლისური კოკერ სპანიელი

ამერიკული კოკერ სპანიელი

ამერიკული კოკერ სპანიელი

ძაღლის ჯიში:                                         კოკერ სპანიელი

სხვა სახელი:                                           ამერიკული კოკერ სპანიელი                                                                                                                                                             ინგლისური კოკერ სპანიელი

მეტსახელი:                                  კოკერი

წარმომავლობა:                           ინგლისი; აშშ

ფერი:                                                          ამერიკული კოკერ სპანიელი: თეთრი, შავი, ყავისფერი,                                                                                            ჩალისფერი, ნაცრისფერი, წითური

                                                       ინგლისური კოკერ სპანიელი: ჩალისფერი, წითური,                                                                                                   შავ-ყავისფერი, შავ-თეთრი, ღვიძლისფერ-თეთრი,                                                                                                             ნარინჯისფერ-თეთრი, სამფეროვანი (ფერფლისფერი, თეთრი                                                                                       და შავი)

ბეწვის ტიპი:                                ამერიკული კოკერ სპანიელი: საშუალო სიგრძის, სქელი

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: გრძელი, მბზინვარე,                                                                                                     აბრეშუმისებრი

სიმაღლე:                                                 ამერიკული კოკერ სპანიელი: ხვადი – 37-39 სმ; ძუ – 34-37 სმ

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: ხვადი – 39-41 სმ; ძუ – 38-39 სმ

წონა:                                            ამერიკული კოკერ სპანიელი: 11 – 14 კგ

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: 13 – 15 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     12 – 15 წელი

ზოგადი ინფორმაცია კოკერ სპანიელზე:

კოკერ სპანიელი წარმოადგენს ძაღლს, რომელიც მიეკუთვნება სპანიელის ტიპის ძაღლის ორ ჯიშს: ამერიკულ კოკერ სპანიელსა და ინგლისურ კოკერ სპანიელს. თითოეულ მათგანს უბრალოდ კოკერ სპანიელს უწოდებენ თავიანთ სამშობლოში.

კოკერ სპანიელი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყვანეს, როგორც მონადირე ძაღლი. სიტყვა ”კოკერი” (ინგ: Cocker) მომდინარეობს ამ ძაღლის გამოყენებისაგან ტყის ქათამზე (ინგ: Euroasian Woodcock) სანადიროდ. როდესაც ძაღლის ეს ჯიში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს, მოხდა მისი ცალკე სტანდარტად ჩამოყალიბება, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ახლად ჩამოყალიბებული ჯიშის დახელოვნება ამერიკულ ტყის ქათამზე ნადირობაში. შემდგომი გარეგნული ცვლილებების განხორციელება კოკერზე ამერიკაში მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში.

სპანიელები პირველად ნახსენებია მე-14 საუკუნეში ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ თავის ნაშრომში Livre de Chasse”. ”კოკინგი” ან ”კოკერ სპანიელი” წარმოადგენდა მინდვრის (ფილდ) ან ლენდ (ხმელეთის) სპანიელის ტიპის ძაღლს მე-19 საუკუნეში. 1901 წლამდე, კოკერ სპანიელები მინდვრის (ფილდ) და სპრინგერ სპანიელებისაგან მხოლოდ წონით განსხვავდებოდნენ. კოკერ სპანიელის ორივე თანამედროვე ჯიშის წინაპრად მიიჩნევა ორი ძაღლი. ინგლისური კოკერ სპანიელი წარმოიშვა ძაღლისაგან, სახელად ”ობო”, რომელიც სასექს სპანიელისა და მინდვრის (ფილდ) სპანიელის შეჯვარების შედეგად გაჩნდა, ხოლო მისი ამერიკელი თანამოძმე კი – ობოს შვილისაგან, სახელად ”ობო II”, რომელიც ამერიკაში დაიბადა. აშშ-ში ინგლისური კოკერის, როგორც განცალკავებული ჯიშის აღიარება მოხდა 1946 წელს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ამერიკული კოკერის ცალკე ჯიშად ცნობა კი მოხდა 1970 წელს. ამასთანავე, არსებობს ინგლისური კოკერ სპანიელის ჯიშის მეორე ხაზიც, რომელიც გამოყვანილია არა სტანდარტის, არამედ სამუშაო მიზნებისათვის. ჯიშის ორივე ხაზს გააჩნია ბეწვის ერთნაირი შეფერილობა და ჯანმრთელობის პრობლემები მცირედი გამონაკლისებით.

წარმოშობის ისტორია:

მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომავლობა უცნობია, ”სპაინელები” (ინგ:”spaynels”) ნახსენებია მე-14 საუკუნის ნაწერებში. ზოგადად მიჩნეულია, რომ ძაღლის ეს ჯიში წარმოიშვა ესპანეთში და იორკის მეორე ჰერცოგი ედვარდი თავის მე-15 საუკუნის ნაშრომში ნადირობაზე “The Master of Game” ახდენს სპანიელების შემდეგნაირად წარდგენას :

 “Another kind of hound there is that be called hounds for the hawk and spaniels, for their kind cometh from Spain, notwithstanding that there are many in other countries.”

“The Master of Game” უმეტესად წარმოადგენდა ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ ადრეულ მე-14 საუკუნეში შექმნილი ძველ ფრანგული ნაშრომის  Livre de Chasse”- ს ინგლისურ თარგმანს.

1801 წელს, სიდენჰემ ედვარდსი Cynographia Britannica- ში წერდა, რომ ლენდ (ხმელეთის) სპანიელი იყოფა ორ ტიპად: ქორზე მონადირე, სპრინგერ და კოკერ სპანიელად. მე-19 საუკუნის განმავლობაში, ”კოკერ სპანიელი” პატარა მინდვრის (ფილდ) სპანიელის ტიპს მიეკუთვნებოდა. იმ დროისათვის, ეს ტერმინი ვრცელდებოდა სპანიელის ტიპის სხვა მონადირე ჯიშებზეც, მათ შორის ნორფოლკ სპანიელზე, სასექსის სპანიელსა და ქლამბერ სპანიელზე. მაშინ, როცა არ იყო სასექსისა და ქლამბერ კოკერები, არსებობდა ძაღლის ისეთი ჯიშები, როგორებიც იყო უელსური და დევონშირის კოკერები. ეს უკანასკნელნი კოკერებად ითვლებოდნენ 1903 წლამდე, როდესაც მათი აღიარება მოხდა უელსურ სპრინგერ სპანიელად კენელ კლუბის მიერ. 

1870-იან წლებამდე,  კოკერ სპანიელად ძაღლის კლასიფიკაციისათვის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო 11 კგ-ზე ნაკლები, თუმცა მომშენებლებმა მოახდინეს კოკერ სპანიელის განცალკავება კინგ ჩარლზ სპანიელისაგან, რომელიც დღემდე რჩება უფრო მცირე ზომის ჯიშის სპანიელად. კოკერ სპანიელისათვის მაქსიმალური წონის შეზღუდვა ძალაში იყო 1901 წლამდე, როცა უფრო დიდი ზომის ძაღლების კლასიფიცირება მოხდა სპრინგერ სპანიელებად. 1892 წელს, კენელ კლუბის მიერ მოხდა ინგლისური კოკერ სპანიელისა და ინგლისური სპრინგერ სპანიელის განცალკევებულ ჯიშებად ცნობა.

თანამედროვე ჯიშები:

არსებობს კოკერ სპანიელის ორი თანამედროვე ჯიში: ინგლისური კოკერ სპანიელი და ამერიკული კოკერ სპანიელი. მათი გამოყვანა მოხდა სამონადირეო ძაღლებად. თავიანთი ყნოსვის წყალობით მათ უნდა ევლოთ პატრონის ფეხდაფეხ და ჰაერში აეფრინათ ფრინველები, ხოლო შემდეგ კი თვალებისა და ცხვირის გამოყენებით დაედგინათ ჩამოვარდნილი ფრინველის ადგილსამყოფელი და თავიანთი რბილი პირით მიეტანათ ნანადირევი პატრონისათვის. ძირითადი განსხვავება ინგლისურ და ამერიკულ კოკერ სპანიელებს შორის არის ის, რომ ამერიკული კოკერი უფრო მომცრო ტანისაა პატარა ზურგით, გუმბათისებრი თავითა და პატარა დრუნჩით, ხოლო ინგლისური კოკერი კი უფრო მაღალია ვიწრო თავითა და მკერდით.

ქცევა და ხასიათი:

კოკერ სპანიელი ჭკვიანი, გულისხმიერი, ხალისიანი, ძალზე მეგობრული და მოსიყვარულე ძაღლია. იგი მოითხოვს ყურადღებას და იმაზე მეტად არაფერი მოსწონს, ვიდრე პატრონის ოჯახთან, თავის ლეკვებთან და საერთოდ, ადამიანებთან ერთად ყოფნა. მას ძალიან უყვარს ბავშვები და მათთან თამაში – გადაგდებული ბურთის მოტანა ან თუნდაც უბრალოდ ეზოში ხეტიალი. ძაღლის ეს ჯიში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაფერისი.

მოვლა:

კოკერ სპანიელი საკმაოდ აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური ვარჯიში. თავისი მცირე ზომის წყალობით, იგი კარგად ეგუება ქალაქისა და ბინაში ცხოვრების პირობებს, თუმცა სჭირდება სივრცე, სადაც ირბენს და ითამაშებს. სასურველია კოკერს ჰქონდეს პატარა ეზო, სადაც მიეცემა თამაშის საშუალება. მას ძალიან უყვარს სირბილი და გარემოს შესწავლა.

კოკერ სპანიელის ზოგიერთ პატრონს ურჩევნია მის სპანიელს გრძელი ბეწვი ჰქონდეს, ამიტომ ყოველდღე ვარცხნის და ხშირად ჰბანს, ზოგი კი საშუალო ზომამდე უტოვებს. ძაღლს რეგულარული მოვლა სჭირდება, როგორი სიგრძის ბეწვიც უნდა ჰქონდეს. ჯაგრისით ვარცხნისას ფრთხილად იყავით, რომ აბრეშუმივით ბეწვი არ დაუზიანოთ. გასეირნებისას კი მოარიდეთ ბუჩქნარს, რომ ბეწვი არ დაუზიანდეს და მოაშორეთ მიკრული ბალახი, გამხმარი ფოთლები და სხვა.

რეგულარულად უნდა მოხდეს ასევე კოკერ სპანიელისათვის თვალების წირპლებისაგან გასუფთავება და ასევე ყურების გაწმენდაც, რადგან თავიანთი დიდი, დაკიდებული ყურების გამო, არ ხდება მათი სათანადოდ განიავება და შესაძლოა ისინი პარაზიტების, კერძოდ კი ყურის ტკიპების ბუდედ იქცეს. 

ჯანმრთელობა:

კოკერ სპანიელისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:

სიმსივნე – კვლევის შედეგად დადგინდა, რომ როგორც ინგლისური, ასევე ამერიკული კოკერ სპანიელის გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიმსივნეა.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

ყურის ინფექციები

გარეთა ოტიტი – ყურის გარეთა სასმენი მილის ანთება. იგი შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა ფაქტორების მიერ, კერძოდ კი პარაზიტების, მიკროორგანიზმების, უცხო სხეულების, სიმსივნისა და კანის დაავადებებისაგან. გარეთა ოტიტის გამოწვევა შეუძლია ასევე ყურის პარაზიტებს, ჯღიბებსა და რწყილებს, რომლებიც ყურის მილში ბუდობენ.

თვალის დაავადებები

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

გლაუკომა – თვალის მომატებული წნევა, რომელმაც უყურადღებობისა და სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის საბოლოო დაკარგვა გამოიწვიოს.

კატარაქტა – თვალის ეს დაავადება კოკერ სპანიელის ორივე ჯიშს შეიძლება დაემართოს 4 წლამდე ასაკში. სიმპტომები გამოიხატება თვალის გუგის ფერის შეცვლაში. ქირურგიული ჩარევით კი შესაძლებელია კატარაქტის ამოკვეთა.

cocker_spaniel_puppy_wallpaper-1024x768კოკერ სპანიელი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 150 – 250 ლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე კოკერ სპანიელის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

დალმაციელი (დალმატინელი)

ძაღლის ამ ჯიშს ალბათ ყველა იცნობს თავისი გამორჩეული გარეგნობის, უფრო ზუსტად კი მისი კოპლებიანი ფიზიონომიის წყალობით 🙂 ჩემთვის ეს ძაღლი მაინც ბავშვობის დროინდელ მულტფილმთან ასოცირდება, სადაც ძალიან ბევრი და საყვარელი კოპლებიანი ლეკვები დარბიან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ დალმაციელს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ალბათ დალმატინელად იცნობს, თუმცა სწორი ქართული სახელი დალმაციელია და ამიტომ, მეც ამ სახელს გამოვიყენებ პოსტში:

დალმაციელი (დალმატინელი)

დალმაციელი (დალმატინელი)

ძაღლის ჯიში:                                    დალმაციელი (დალმატინელი)

სხვა სახელი:                             ეტლის ძაღლი
                                                                       კოპლებიანი ეტლის ძაღლი                                                                                                                                                                სახანძრო ძაღლი                                                                                                                                                                                      ქლიავის პუდინგის ძაღლი (Plum Pudding Dog)

მეტსახელი:                                          დალ; დალი

წარმომავლობა:                                ხორვატია

ფერი:                                           თეთრ ფონზე შავი ან ღვიძლისფერი ლაქებით 

ბეწვის ტიპი:                              გლუვი, მოკლე, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  53 – 66 სმ;  ძუ – 46 – 64 სმ

წონა:                                            ხვადი – 15 – 32 კგ;  ძუ – 16 – 24 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  6 – 13 ლეკვი (ზოგჯერ მეტიც)

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 13 წელი

წარმოშობის ისტორია:

საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია ხორვატიას, კერძოდ კი მის ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონს – დალმაციას მიიჩნევს დალმაციელის (დალმატინელის) წარმოშობის ადგილად და ამის დასასაბუთებლად მოჰყავს რამოდენიმე ისტორიული წყარო.

ამ ძაღლის პირველი ილუსტრაციები აღმოჩენილია ხორვატიაში. ესენია საკურთხევლის ნახატი დასავლეთ ხორვატიის ერთ-ერთ სოფელში – ველი ლოშინში (Veli Lošinj), რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება და ასევე ფრესკა სამხრეთ დალმაციის ქალაქ ზაოსტროგში. დალმაციელის პირველი დოკუმენტალური აღწერა ადრეული მე-18 საუკუნიდან, ჯიაკოვო-ოსიეკის არქიეპარქიის (Archdiocese of Đakovo-Osijek) არქივიდან იწყება, სადაც ეს ძაღლი მოხსენიებული და აღწერილია, როგორც Canis Dalmaticus ეპისკოპოს პეტარ ბაკიჩის მიერ ეკლესიის ქრონიკებში 1719 წლიდან და შემდგომ ანდრეას კეცზკემეტის მიერ კვლავ ეკლესიის ქრონიკებში 1739 წელს. 1771 წელს თომას პენანტმა დალმაციელი თავის წიგნში ”Synopsis of Quadrupeds” აღწერა, რომელშიც ძაღლის ამ ჯიშის წარმოშობის ადგილად დალმაცია, ხოლო ჯიშის სახელად კი – დალმაციელი განსაზღვრა.

დალმაციელის ჯიში უმთავრესად ინგლისში განვითარდა. ძაღლის ამ ჯიშის პირველი არაოფიციალური სტანდარტის წარდგენა 1882 წელს მოხდა ინგლისელ ვერო შოს მიერ. 1890 წელს კი ინგლისში დალმაციელების პირველი კლუბის დაარსებისთანავე, სტანდარტი ოფიციალური გახდა.

დალმაციელის მოვალეობები:

ძაღლის ამ უძველეს ჯიშს სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. დალმაციელები იყვნენ საომარი ძაღლები, რომლებიც დალმაციის საზღვრებს იცავდნენ. დღევანდელ დღემდე, დალმაციელს შერჩენილი აქვს მოდარაჯის ძლიერი ინსტინქტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი მეგობრული და ერთგულია იმათთან, ვისაც იცნობს და ენდობა, თავს შორს იჭერს უცხოებისა და სხვა ძაღლებისაგან. დალმაციელებს ასევე გააჩნიათ ძლიერი სამონადირეო ინსტინქტიც და ვირთხებისა და პარაზიტების შესანიშნავ გამანადგურებლებად ითვლებიან. სპორტში კი მათ იყენებენ ჩიტებზე, გარეულ ღორებზე და ხარირმებზე სანადიროდ და ასევე რეტრივერებად და კვალის ამღებ ძაღლებად. თავიანთი გამორჩეული ექსტერიერისა და ინტელექტის წყალობით, ეს ძაღლები წლების განმავლობაში ცირკშიც კი წარმატებით გამოდიან. დალმაციელები შესაძლოა ყველაზე მეტად ცნობილნი იყვნენ თავიანთი როლით სახანძრო აპარატის ესკორტში და აგრეთვე სახანძროს თილისმად. რადგანაც დალმაციელები და ცხენები შესანიშნავად ეთავსებიან ერთმანეთს, ამ ძაღლებს წვრთნიდნენ იმისათვის, რომ ცხენებშებმული ეტლისათვის გზა გაეთავისუფლებინათ და სწრაფად გაეწიათ მეგზურობა მეხანძრეებისათვის ცეცხლის ჩასაქრობად. ძაღლის ამ ჯიშს სახანძრო ბრიგადები სახანძროსა და მასში განთავსებული ინვენტარის სამეთვალყურეოდაც იყენებდნენ. სახანძრო ეტლების წაყვანა ხდებოდა სწრაფი და ძლიერი ცხენების მიერ, რომლებიც ქურდებისათვის მაცდურ სამიზნეს წარმოადგენდა, ამიტომაც დალმაციელები ჰყავდათ სახანძროში ქურდების შესაჩერებლად. 

101 დალმაციელი:

როგორც პოსტის შესავალში აღვნიშნე, ჩემთვის და ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც დალმაციელი იმ მულტფილმთან ასოცირდება, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის მიერ იქნა გადაღებული 1961 წელს; 1996 წელს კი შეიქმნა ამ მულტფილმის რიმეიქი ამჯერად კინოფილმის სახით. წიგნი 101 კოპლებიანი ლეკვის შესახებ, სახელად ”101 დალმაციელი” ეკუთვნის ბრიტანელ ავტორს – დოდი სმიტს, რომელიც დაიწერა 1956 წელს. სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა დალმაციელის ჯიშის მასიური პოპულარიზაცია.

”101 დალმაციელი”

”101 დალმაციელი”

აქვე გიტოვებთ ამ მულტფილმის, ისევე, როგორც ფილმის ლინკებს.

101 დალმაციელი (მულტფილმი)

101 დალმაციელი (ფილმი)

ქცევა და ხასიათი:

დალმაციელი აქტიური, ენერგიული, მხიარული, დამცველი, ერთგული, გონიერი და დამჯერი ძაღლია. იგი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მის სავარჯიშოდ და გასაწვრთნელად საკმარისი დრო აქვს. ხალისიან და ცელქ დალმაციელებს ბავშვები ძალიან უყვართ და მათგანაც იმავეს გრძნობენ. სიამოვნებთ ასევე პატრონებთან ერთად ყოფნაც. პატრონისაგან საკმარისი რაოდენობით ყურადღებისა და სითბოს მიუღებლობის შემთხვევაში, ისინი დეპრესიულები და შესაბამისად ნაკლებად აქტიურნი ხდებიან.

ეს ძაღლები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ამიტომ მათი წვრთნისას საჭიროა მოთმინება, დაყვავება, მაგრამ თანამიმდევრულობა.

მოვლა:

სანამ ძაღლის ამ ჯიშის მოვლაზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო შემდეგი რამ:

დალმაციელი ლაქებით დაფარული ძაღლის ერთადერთი ჯიშია. ამ ჯიშის ლეკვები კოპლების გარეშე, სულ თეთრები იბადებიან, ლაქები კი დაბადებიდან 3 კვირაში უჩნდებათ. ერთი თვის შემდეგ მათ უკვე თითქმის ყველა ლაქა აქვთ, თუმცა კოპლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობენ განვითარებას დალმაციელის ტანზე, ოღონდ უფრო ნაკლები ტემპით.

შავლაქებიან ძაღლებს აქვთ შავი ცხვირი, ხოლო ღვიძლისფერლაქებიანს კი – ყავისფერი.

დალმაციელს შეიძლება ჰქონდეს მუქი ყავისფერი, ქარვისფერი ან ცისფერი თვალები. ზოგიერთს კი შესაძლოა სხვადასხვა ფერის თვალებიც კი ჰქონდეს, მაგალითად ერთი თაფლისფერი და მეორე – ცისფერი. (თვალის ჰეტეროქრომია)

ძაღლის ამ ჯიშს ბეწვი მთელი წლის განმავლობაში ცვივა, თუმცა ეს განსაკუთრებით უხვად წელიწადში ორჯერ ხდება. დალმაციელის მოკლე ბეწვი ხშირად მჭიდროდ ეკრობა ხალიჩას, ტანსაცმელს ან თითქმის ნებისმიერი სახის ქსოვილს და ძნელი მოსაშორებელია. სწორედ ამიტომ, ხშირად საჭიროა მისი ჯაგრისით მსუბუქად დავარცხნა.

ბეწვში ზეთის მინიმალური რაოდენობით არსებობის გამო, დალმაციელს არ აქვს სუნი და საკმაოდ სუფთა ძაღლად ითვლება. ეს ძაღლი ცნობილია იმითაც, რომ სხვა ძაღლების მსგავსად, არ იცის ტალახში თათების ჩადგმა და დასვრა. ბანაობა საჭიროა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ძაღლის ამ ჯიშისათვის აუცილებელია ასევე თათებზე ფრჩხილების დაჭრაც. დალმაციელს ძალიან სწრაფად ეზრდება ფრჩხილები, ამიტომ რამოდენიმე კვირაში ერთხელ მისთვის ფრჩხილების დაჭრა ურიგო არ იქნება.

დალმაციელისათვის აუცილებელია ბევრი და ინტენსიური (ყოველდღიური) ვარჯიში. მისთვის საჭიროა უსაბელოდ დიდხანს სირბილი. ძაღლის ამ ჯიშს უნდა ჰქონდეს დიდი ეზო სარბენად და სათამაშოდ. ბინაში ცხოვრება დალმაციელისათვის შესაფერისი არაა.

ჯანმრთელობა:

დალმაციელი შედარებით ჯანმრთელი და ადვილად მოსავლელი ჯიშია, თუმცა მასაც ახასიათებს ჯიშისათვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა მაგალითად სიყრუე, ალერგია და კენჭები შარდის ბუშტშსა და თირკმელებში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, რომელიც მხოლოდ სუფთა ჯიშის დალმაციელების 4,6 %-ს ემართება, არ წარმოადგენს ამ ჯიშისათვის დამახასიათებელ სერიოზულ პრობლემას.

უკვე ხანშიშესულ ძუ და ხვად დალმაციელებს (ცამეტ წელზე ზევით) შესაძლოა დაემართოთ ოსტეოფიტი და ართრიტ.

ოსტეოფიტი – ძვლოვანი კორძი ძვლის სახსროვანი ზედაპირის კიდეებზე ართროზისას. ეს წანაზარდი იწვევს მოძრაობის შეზღუდვას და თან ახლავს ტკივილი.

ართრიტი – სახსრის დაავადება; ერთი ან მეტი სახსრის ანთება.

სიყრუე – გენეტიკური მიდრეკილება სიყრუისაკენ დალმაციელებში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ძაღლის ამ ჯიშის დაახლოებით 70 %-ს გააჩნია ნორმალური სმენა. ადრეული მომშენებლების მიერ სიყრუის აღიარება არ ხდებოდა და ამიტომ დალმაციელის ჯიში უჭკუოდ ითვლებოდა. მას შემდეგაც კი, როდესაც მოხდა ამ პრობლემის გენეტიკურ ნაკლად აღიარება, მომშენებლებმა მაინც ვერ გაიგეს ძაღლის ბუნება და სიყრუე დალმაციელებში კვლავაც ითვლება ხშირ პრობლემად.

ცისფერთვალება დალმაციელებს უფრო მეტი შემთხვევითობით უვითარდებათ სიყრუე, ვიდრე თაფლისფერთვალა ინდივიდებს, თუმცა კავშირი ამ ორ თავისებურებას შორის ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული. 

ჰიპერურიკემია – დალმაციელებს, ადამიანების მსგავსად შეიძლება დაემართოთ ჰიპერურიკემია. ეს არის ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება. იგი ვლინდება შარდმჟავის მომატებული შემცველობით შარდში და იწვევს პოდაგრას. შარდმჟავა შესაძლოა მაღალი კონცენტრაციით გამოიყოს შარდში, რაც იწვევს კენჭებს თირკმელსა და შარდის ბუშტში. ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება შუახნის ხვად დალმაციელებში. 10 წელზე მეტი ხნის ხვადი ინდივიდები მიდრეკილნი არიან თირკმლის კენჭებისაკენ, ამიტომ უნდა მოხდეს მათთვის კალციუმის მიღების შემცირება ან შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის ჩატარება.

Dalmatian-dog6

დალმაციელი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250-300 ლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე დალმაციელის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

გამოკითხვა 3