აკიტა-ინუ

გადავწყვიტე, რომ პირველი ძაღლის ჯიში, რომლის შესახებაც გავხსნიდი ბლოგს, ყოფილიყო აკიტა-ინუ. შეიძლება რომელიმე თქვენგანმა არ იცოდეს ძაღლის ეს ჯიში, თუმცა ქვემოთ ისეთ ისტორიას მოგითხრობთ, რომ საკუთარი თვალით ნანახი თუ არა, ვინმესგან მოსმენილი არ წაკითხული მაინც გექნებათ სადმე და უმალვე გაიხსენებთ. სწორედ ამ ამბავმა შემაყვარა ასე ძალიან ძაღლის ეს ჯიში.

მაშ ასე:

აკიტა-ინუ

აკიტა-ინუ

ძაღლის ჯიში:         აკიტა-ინუ  (იაპონურად ”აკიტას ძაღლი”, ”დიდი ძაღლი”)

წარმომავლობა:      იაპონია

სიმაღლე:                     იაპონური აკიტა:        ხვადი – 64 – 70 სმ ;   ძუ – 58 – 64 სმ

                                 ამერიკული აკიტა * :  ხვადი – 66 – 71 სმ ;   ძუ – 61 – 66 სმ

წონა:                       იაპონური აკიტა:         ხვადი – 32 – 39 კგ ; ძუ – 23 – 29 კგ

                                ამერიკული აკიტა:      ხვადი – 45 – 66 კგ ; ძუ – 36 – 54 კგ

ბეწვის ტიპი:          იაპონური აკიტა – სამმაგი; ამერიკული აკიტა – ორმაგი

ფერი:                           ამერიკული აკიტა – ყველა ფერის

                               იაპონური აკიტა – წითური, მოყავისფრო, ქათქათა თეთრი

ლეკვების რაოდენობა:   3 – 12 ლეკვამდე;   საშუალოდ – 7 – 8 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა:  10 წელი

 

წარმოშობის ისტორია:

აკიტა (აკიტა-ინუ) დიდი, შპიცის ტიპის ძაღლია, რომელიც წარმოიშვა ჩრდილოეთ იაპონიის მთიან რეგიონებში. აკიტას წინაპარს მატაგის ძაღლი ერქვა (იაპონურად ”მატაგი” – სანადირო ძაღლი”, ”დათვზე მონადირე”, ”ირემზე მონადირე ძაღლი”). მას იყენებდნენ გარეულ ღორზე, ირემზე და დათვზე სანადიროდ. დღევანდელი აკიტა განვითარდა და ჩამოყალიბდა იმ ძაღლებისაგან, რომლებიც ბინადრობდნენ კუნძულ ჰონსიუს უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონში , რომელიც აკიტას პრეფექტურას ეკუთვნის. სწორედ აქედან მოდის  ჯიშის სახელიც.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელმაც აკიტას, როგორც ჯიშს სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში მე-20 საუკუნის დასაწყისში, იყო შემდეგი:

 ამბავი ჰაჩიკოზე:

იაპონური აკიტა, სახელად ჰაჩიკო დაიბადა 1923 წლის 10 ნოემბერს და იგი ეკუთვნოდა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ ჰიდესაბურო უენოს, რომელმაც თავის მხრივ ეს ძაღლი მისი ერთ-ერთი სტუდენტისაგან საჩუქრად მიიღო. ჰაჩიკო რიგით მერვე იყო დედის ნაყარში, სწორედ ამიტომ მისი სახელი  შემდეგნაირად იშიფრება:  ”ჰაჩი” იაპონურად ”რვა”-ს ნიშნავს, ხოლო ”კო” – პრინცს”, ”ჰერცოგს” აღნიშნავს.

პროფესორი უენო შიბუიას რკინიგზის სადგურთან ახლოს, ტოკიოს გარეუბანში ცხოვრობდა და სამსახურში ყოველდღე მატარებლით დადიოდა. ჰაჩიკოც აცილებდა პატრონს ყოველდღე სახლიდან სამსახურში და უკან. 1925 წლის 25 მაისს, როდესაც ჰაჩიკო სულ წლინახევრისა იყო, ჩვეულებისამებრ ელოდა პატრონს სადგურში 4 საათიან მატარებელზე, თუმცა ამაოდ: პატრონი არ დაბრუნებულა სახლში. პროფესორს ლექციის კითხვისას გულის შეტევა დამართნოდა და ეს მისთვის ფატალური აღმოჩნდა. ჰაჩიკო კი ჯიუტად განაგრძობდა პატრონისათვის ცდას რკინიგზი სადგურში მომდევნო 9 წლის განმავლობაში. იგი უფლებას აძლევდა მისი პატრონის ნათესავებსა და რკინიგზის სადგურის თანამშრომლებს, ეზრუნათ მასზე და გამოეკვებათ, თუმცა მის მოსაცდელ ადგილს სადგურში არასოდეს ტოვებდა იმ იმედით, რომ ერთ დღესაც სადგურიდან გამომავალ პატრონს დაინახავდა და შეეგებებოდა. სწორედ ჰაჩიკოს მიერ სადგურის ეს ამორჩეული მოსაცდელი ადგილი იქცა მსოფლიოში ცნობილად, როდესაც 1934 წელს, ჰაჩიკოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მის საპატივსაცემოდ შიბუიას რკინიგზის სადგურში ბრინჯაოს ქანდაკება აღიმართა. ცერემონიას თავად ჰაჩიკოც ესწრებოდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰაჩიკოს ქანდაკება გადაადნეს საომარი მარაგის შესავსებად, თუმცა ომის დასრულების შემდეგ, ისევ იმ სადგურში, ისევ ჰაჩიკოს ადგილას, ახალი ქანდაკება აღმართეს.

ჰაჩიკოს ქანდაკება

ჰაჩიკო 1935 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. 2011 წლის მარტში, მეცნიერებმა დაასახელეს ჰაჩიკოს გარდაცვალების მიზეზი. ეს იყო სიმსივნე და ასევე ჭიები.ჰაჩიკოს ნაწილები ინახება უენოს ეროვნულ მეცნიერებათა მუზეუმში, ტოკიოში.

1936 წლიდან ყოველწლიურად, 8 აპრილს შიბუიას რკინიგზის სადგურში იმართება ჰაჩიკოს ხსოვნისა და ერთგულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი.

ჰაჩიკო – აკიტას ჯიშის ეს უერთგულესი წარმომადგენელი იაპონიის ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ, იაპონიის მთავრობამ ძაღლის ეს ჯიში ეროვნულ საგანძურად გამოაცხადა და უკვე 50 წელზე მეტია, რაც მფარველობს მას.

Hachi: A Dog’s Tale  – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას ძაღლზე, რომელიც თითქმის იდენტურია ჰაჩიკოს თავგადასავლისა. მთავარ როლშია ულამაზესი წითური აკიტა და რიჩარდ გირი. აუცილებლად უყურეთ. ძლიერი ემოციისა და განცდების მომტანი ფილმია, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ!

აი ფილმის ლინკიც

გაგრძელება იქნება! 🙂

მაშ ასე, იხილეთ გაგრძელება პოსტზე ”აკიტა-ინუ”! 🙂

აკიტას ჯიშმა 1800-იანი წლების ბოლოს გამოიარა ის პერიოდიც, როცა ამ ჯიშის ძაღლები საჩხუბრადაც კი გამოიყენებოდა და ასევე ზოგიერთი მათგანი შეაჯვარეს კიდეც სხვა ჯიშებთან იმ მცდელობით, რომ საბრძოლო თვისებები განევითარებინათ ამ ჯიშისათვის.

1931 წელს მოხდა მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევა, რამაც აკიტა-ინუს ჯიში იაპონიის ეროვნულ საგანძურად აქცია. აკიტას პრეფექტურაში შემავალი ქალაქის – ოდატის მერმა ჩამოაყალიბა აკიტა ინუს ჰოზანკაის საზოგადოება, რათა შეენარჩუნებინათ ძაღლის ეს ჯიში ძალიან ფრთხილი შეჯვარებით.

მესამე შემთხვევა უკავშირდება ამერიკელი ჰელენ კელერის ჩასვლას იაპონიაში 1937 წელს. იგი იყო ავტორი 12 გამოქვეყნებული წიგნისა, ასევე პოლიტიკური აქტივისტი და ლექტორი. იგი ასევე წარმოადგენდა  პირველ ყრუ-მუნჯ ადამიანს, რომელმაც მოიპოვა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. როდესაც იგი ეწვია აკიტას პრეფექტურას იაპონიაში 1937 წელს, მან გამოიკითხა ინფორმაცია ჰაჩიკოზე და გამოთქვა სურვილი, ჰყოლოდა აკიტას ჯიშის ძაღლი. მისი სურვილი დააკმაყოფილეს და 1 თვეში მისცეს კიდეც აკიტას ლეკვი, სახელად ”კამიკაძე-გო”. იგი გარდაიცვალა ძაღლის შავი ჭირით და ჰელენს მისი უფროსი ძმა, ”კენზან-გო” გადაეცა საჩუქრად იაპონიის მთავრობისაგან 1938 წელს. ჰელენ კელერი მიიჩნევა ადამიანად, რომლის სახელსაც უკავშირდება აკიტას ჯიშის გაცნობა ამერიკის შეერთებულ შტატებისათვის ამ ორი ძაღლის ამერიკაში ჩაყვანით. მან Akita Journal-ში ასეთი რამ დაწერა:

If ever there was an angel in fur, it was Kamikaze. I know I shall never feel quite the same tenderness for any other pet. The Akita dog has all the qualities that appeal to me — he is gentle, companionable and trusty.”
Kenzan-go

ჰელენ კელერი კენზან-გოსთან ერთად

ამერიკული ისტორია:

იაპონური და ამერიკული ჯიშის აკიტებს შორის განსხვავება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. იმ პერიოდში,როდესაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობდნენ საოკუპაციო ძალებში იაპონიაში,  მოუხდათ კონტაქტი აკიტას ჯიშის ძაღლებთან. ამ ჯიშმა ისინი იმდენად მოხიბლა, რომ ბევრმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გადაწყვიტა კიდეც, რომ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდგომ, შინ-ამერიკაში აკიტათი დაბრუნებულიყვნენ. ამერიკელ ჯარისკაცებზე  დიდი შთაბეჭდილება დიდმა, დათვის მსგავსმა, საბრძოლო აკიტამ უფრო მოახდინა, ვიდრე მომცრო ზომის, მელიისებრმა აკიტა-ინუმ. იაპონური სტილის აკიტას მოყვარულებმა ფოკუსირება მოახდინეს ისეთი ჯიშის აღდგენაზე, რომელიც იაპონური ხელოვნების ნიმუში იქნებოდა. ამერიკული სტილის აკიტას მოყვარულებმა კი არჩიეს გამოეყვანათ უფრო დიდი ზომის, ძვალმსხვილი და დასაშინებელი ძაღლები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშის ორივე ტიპი საერთო წინაპრისაგან წარმოიშვა, მაინც არსებობს მათ შორის განმასხვავებელი ნიშნები. პირველი ისაა, რომ ამერიკული აკიტა დასაშვებია ყველა შეფერილობის, მაშინ, როცა იაპონური ჯიშის აკიტა შეიძლება იყოს მხოლოდ წითური, მოყვითალო-ყავისფერი, მოყავისფრო, თეთრი და ზოლიანი. ამერიკული ჯიშის აკიტა ზოგადად არის უფრო ძვალმსხვილი, დიდი, დათვისებური თავით; ხოლო იაპონური ჯიშის აკიტა უფრო მსუბუქია და უფრო მეტად დახვეწილი, მელიისებრი თავით.

ქცევა და ხასიათი:

აკიტა ძლიერი, დამოუკიდებელი და დომინანტი ჯიშია, რომელიც უცხოებთან თავდაჭერილია, ხოლო ოჯახის წევრებთან – მოსიყვარულე. ძაღლის ეს ჯიში ცნობილია ძაღლების ბევრ შეჯიბრში გამარჯვების მოპოვებით, თუმცა ზოგჯერ არატოლერანტულები არიან სხვა, განსაკუთრების იგივე სქესის ძაღლების მიმართ და საჭიროებენ მცოდნე და მტკიცე ნებისყოფის მქონე პატრონებს.

აკიტა დღესდღეობით მიიჩნევა ღირსების, გამბედაობის, სიფხიზლისა და ოჯახისადმი უსაზღვრო ერთგულების უნიკალურ სიმბოლოდ. იგი არაჩვეულებრივად მოსიყვარულე და ლოიალურია თავისი ოჯახისა და მეგობრების მიმართ,ტერიტორიულია თავისი საკუთრებისადმი და შეიძლება იყოს ჩაკეტილიც უცხოების მიმართ. იგი განსაკუთრებით კარგადაა ბავშვებთან, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა მაინცაა საჭირო ბავშვისა და დიდი ზომის ძაღლის ურთიერთობისას. ძაღლის ეს ჯიში იდეალურია ერთი ძაღლის მეპატრონე ადამიანისათვის და არაა რეკომენდირებული ახალბედებისათვის.აკიტა საკმაოდ აქტიური ჯიშია, ამიტომ სჭირდება ხშირი ვარჯიში, რათა არ მოიწყინოს და სახლში მავნებლობა არ დაიწყოს. მისი გაწვრთნა და ადრეული ასაკიდანვე სოციალიზაცია აუცილებელია, რათა არ გახდეს აგრესიული. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ აკიტა საკმაოდ ჯიუტია, ასე, რომ დამატებითი მოთმინებაა საჭირო, რომ მივაჩვიოთ და ვასწავლოთ კარგი მანერები.

მოვლა:

აკიტას შეუძლია კარგად იგრძნოს თავი ბინაში, თუკი ექნება ვარჯიშის საშუალება. გაცილებით უკეთესად იქნება იგი, თუკი საშუალო ზომის ეზოში ექნება სირბილისა და თამაშის შესაძლებლობა. კარგად მოვლის, კვებისა და რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10-დან 12 წლამდეა.

მას ასევე ესაჭიროება ბეწვის მნიშვნელოვნად მოვლა. ბეწვის დასავარცხნად უნდა გამოვიყენოთ მაგარი ჯაგრისი და ვვარცხნოთ ყოველდღე,რათა ბეწვი კარგ მდგომარეობაში იყოს. უნდა ვიყოთ მზად იმისათვისაც, რომ ამ ჯიშს საკმაო რაოდენობით ცვივა ბეწვი წელიწადში ორჯერ. ხშირი დაბანა არაა რეკომენდირებული, რადგან ეს მისი ბუნებრივი, წყალგამძლე ბეწვის გარე საფარის მოშორებას იწვევს. აკიტას ჯიში ძალიან სუფთაა და ბევრი ადამიანი მას კატასაც კი ადარებს, რადგან ჭამის შემდეგ სახეს იწმენდს და არ აქვს სუნი.

ჯანმრთელობა:

სხვა ჯიშის ძაღლების მსგავსად,აკიტას ჯიშის ძაღლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის:

შებერილობა – ეს საკმაოდ სერიოზულ და სიცოცხლისათვის საშიშ კონდიციას წარმოადგენს აკიტასათვის. შებერილობისას, ძაღლის კუჭი იწყებს გრეხვას და არხები მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იბლოკება, რაც ხელს უშლის ძაღლის საჭმლის მომნელებელ სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამ დაავადების სიმპტომებია: მოუსვენრობა, მღელვარება, ნერწყვის გამოყოფა და პირღებინება. ამ სიმპტომების გამომჟღავნებისთანავე, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ და მიმართეთ ვეტერინარს.

გლაუკომა – თვალის მომატებული წნევა.

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

იდაყვის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც იდაყვის სახსრის შემადგენელი ნაწილები (მხრის, სხივისა და იდაყვის ძვლები)  სათანადოდ არ ვითარდება. იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

ფონ ვილებრანდის დაავადება – მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწვევს.

დიაბეტი – პირველი ტიპის დიაბეტი, რომელიც გავლენას ახდენს პანკრეასზე (კუჭქვეშა ჯირყვალზე).

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე აკიტა ინუს შესახებ რუსულად და ასევე მეორე ვიდეოს ულამაზეს აკიტაზე.

წყარო:                     ვიკიპედია

                           პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)