კოკერ სპანიელი

ძაღლის ეს საყვარელი და ყურებპარტყუნა ჯიში დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანმა იცის. საქართველოში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრს ოჯახის ნებიერადაც ჰყავს. ადრე რატომღაც სულ მინდოდა, მყოლოდა ეს ძაღლი, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩალისფერი, სანამ ძაღლის სხვა ჯიშებს უფრო გულდასმით არ გავეცანი და საერთოდ განსხვავებული ჯიშის ყოლა არ გადავწყვიტე სამომავლოდ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ კოკერ სპანიელს:

ინგლისური კოკერ სპანიელი

ინგლისური კოკერ სპანიელი

ამერიკული კოკერ სპანიელი

ამერიკული კოკერ სპანიელი

ძაღლის ჯიში:                                         კოკერ სპანიელი

სხვა სახელი:                                           ამერიკული კოკერ სპანიელი                                                                                                                                                             ინგლისური კოკერ სპანიელი

მეტსახელი:                                  კოკერი

წარმომავლობა:                           ინგლისი; აშშ

ფერი:                                                          ამერიკული კოკერ სპანიელი: თეთრი, შავი, ყავისფერი,                                                                                            ჩალისფერი, ნაცრისფერი, წითური

                                                       ინგლისური კოკერ სპანიელი: ჩალისფერი, წითური,                                                                                                   შავ-ყავისფერი, შავ-თეთრი, ღვიძლისფერ-თეთრი,                                                                                                             ნარინჯისფერ-თეთრი, სამფეროვანი (ფერფლისფერი, თეთრი                                                                                       და შავი)

ბეწვის ტიპი:                                ამერიკული კოკერ სპანიელი: საშუალო სიგრძის, სქელი

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: გრძელი, მბზინვარე,                                                                                                     აბრეშუმისებრი

სიმაღლე:                                                 ამერიკული კოკერ სპანიელი: ხვადი – 37-39 სმ; ძუ – 34-37 სმ

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: ხვადი – 39-41 სმ; ძუ – 38-39 სმ

წონა:                                            ამერიკული კოკერ სპანიელი: 11 – 14 კგ

                                                      ინგლისური კოკერ სპანიელი: 13 – 15 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     12 – 15 წელი

ზოგადი ინფორმაცია კოკერ სპანიელზე:

კოკერ სპანიელი წარმოადგენს ძაღლს, რომელიც მიეკუთვნება სპანიელის ტიპის ძაღლის ორ ჯიშს: ამერიკულ კოკერ სპანიელსა და ინგლისურ კოკერ სპანიელს. თითოეულ მათგანს უბრალოდ კოკერ სპანიელს უწოდებენ თავიანთ სამშობლოში.

კოკერ სპანიელი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყვანეს, როგორც მონადირე ძაღლი. სიტყვა ”კოკერი” (ინგ: Cocker) მომდინარეობს ამ ძაღლის გამოყენებისაგან ტყის ქათამზე (ინგ: Euroasian Woodcock) სანადიროდ. როდესაც ძაღლის ეს ჯიში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს, მოხდა მისი ცალკე სტანდარტად ჩამოყალიბება, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ახლად ჩამოყალიბებული ჯიშის დახელოვნება ამერიკულ ტყის ქათამზე ნადირობაში. შემდგომი გარეგნული ცვლილებების განხორციელება კოკერზე ამერიკაში მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში.

სპანიელები პირველად ნახსენებია მე-14 საუკუნეში ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ თავის ნაშრომში Livre de Chasse”. ”კოკინგი” ან ”კოკერ სპანიელი” წარმოადგენდა მინდვრის (ფილდ) ან ლენდ (ხმელეთის) სპანიელის ტიპის ძაღლს მე-19 საუკუნეში. 1901 წლამდე, კოკერ სპანიელები მინდვრის (ფილდ) და სპრინგერ სპანიელებისაგან მხოლოდ წონით განსხვავდებოდნენ. კოკერ სპანიელის ორივე თანამედროვე ჯიშის წინაპრად მიიჩნევა ორი ძაღლი. ინგლისური კოკერ სპანიელი წარმოიშვა ძაღლისაგან, სახელად ”ობო”, რომელიც სასექს სპანიელისა და მინდვრის (ფილდ) სპანიელის შეჯვარების შედეგად გაჩნდა, ხოლო მისი ამერიკელი თანამოძმე კი – ობოს შვილისაგან, სახელად ”ობო II”, რომელიც ამერიკაში დაიბადა. აშშ-ში ინგლისური კოკერის, როგორც განცალკავებული ჯიშის აღიარება მოხდა 1946 წელს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ამერიკული კოკერის ცალკე ჯიშად ცნობა კი მოხდა 1970 წელს. ამასთანავე, არსებობს ინგლისური კოკერ სპანიელის ჯიშის მეორე ხაზიც, რომელიც გამოყვანილია არა სტანდარტის, არამედ სამუშაო მიზნებისათვის. ჯიშის ორივე ხაზს გააჩნია ბეწვის ერთნაირი შეფერილობა და ჯანმრთელობის პრობლემები მცირედი გამონაკლისებით.

წარმოშობის ისტორია:

მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომავლობა უცნობია, ”სპაინელები” (ინგ:”spaynels”) ნახსენებია მე-14 საუკუნის ნაწერებში. ზოგადად მიჩნეულია, რომ ძაღლის ეს ჯიში წარმოიშვა ესპანეთში და იორკის მეორე ჰერცოგი ედვარდი თავის მე-15 საუკუნის ნაშრომში ნადირობაზე “The Master of Game” ახდენს სპანიელების შემდეგნაირად წარდგენას :

 “Another kind of hound there is that be called hounds for the hawk and spaniels, for their kind cometh from Spain, notwithstanding that there are many in other countries.”

“The Master of Game” უმეტესად წარმოადგენდა ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ ადრეულ მე-14 საუკუნეში შექმნილი ძველ ფრანგული ნაშრომის  Livre de Chasse”- ს ინგლისურ თარგმანს.

1801 წელს, სიდენჰემ ედვარდსი Cynographia Britannica- ში წერდა, რომ ლენდ (ხმელეთის) სპანიელი იყოფა ორ ტიპად: ქორზე მონადირე, სპრინგერ და კოკერ სპანიელად. მე-19 საუკუნის განმავლობაში, ”კოკერ სპანიელი” პატარა მინდვრის (ფილდ) სპანიელის ტიპს მიეკუთვნებოდა. იმ დროისათვის, ეს ტერმინი ვრცელდებოდა სპანიელის ტიპის სხვა მონადირე ჯიშებზეც, მათ შორის ნორფოლკ სპანიელზე, სასექსის სპანიელსა და ქლამბერ სპანიელზე. მაშინ, როცა არ იყო სასექსისა და ქლამბერ კოკერები, არსებობდა ძაღლის ისეთი ჯიშები, როგორებიც იყო უელსური და დევონშირის კოკერები. ეს უკანასკნელნი კოკერებად ითვლებოდნენ 1903 წლამდე, როდესაც მათი აღიარება მოხდა უელსურ სპრინგერ სპანიელად კენელ კლუბის მიერ. 

1870-იან წლებამდე,  კოკერ სპანიელად ძაღლის კლასიფიკაციისათვის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო 11 კგ-ზე ნაკლები, თუმცა მომშენებლებმა მოახდინეს კოკერ სპანიელის განცალკავება კინგ ჩარლზ სპანიელისაგან, რომელიც დღემდე რჩება უფრო მცირე ზომის ჯიშის სპანიელად. კოკერ სპანიელისათვის მაქსიმალური წონის შეზღუდვა ძალაში იყო 1901 წლამდე, როცა უფრო დიდი ზომის ძაღლების კლასიფიცირება მოხდა სპრინგერ სპანიელებად. 1892 წელს, კენელ კლუბის მიერ მოხდა ინგლისური კოკერ სპანიელისა და ინგლისური სპრინგერ სპანიელის განცალკევებულ ჯიშებად ცნობა.

თანამედროვე ჯიშები:

არსებობს კოკერ სპანიელის ორი თანამედროვე ჯიში: ინგლისური კოკერ სპანიელი და ამერიკული კოკერ სპანიელი. მათი გამოყვანა მოხდა სამონადირეო ძაღლებად. თავიანთი ყნოსვის წყალობით მათ უნდა ევლოთ პატრონის ფეხდაფეხ და ჰაერში აეფრინათ ფრინველები, ხოლო შემდეგ კი თვალებისა და ცხვირის გამოყენებით დაედგინათ ჩამოვარდნილი ფრინველის ადგილსამყოფელი და თავიანთი რბილი პირით მიეტანათ ნანადირევი პატრონისათვის. ძირითადი განსხვავება ინგლისურ და ამერიკულ კოკერ სპანიელებს შორის არის ის, რომ ამერიკული კოკერი უფრო მომცრო ტანისაა პატარა ზურგით, გუმბათისებრი თავითა და პატარა დრუნჩით, ხოლო ინგლისური კოკერი კი უფრო მაღალია ვიწრო თავითა და მკერდით.

ქცევა და ხასიათი:

კოკერ სპანიელი ჭკვიანი, გულისხმიერი, ხალისიანი, ძალზე მეგობრული და მოსიყვარულე ძაღლია. იგი მოითხოვს ყურადღებას და იმაზე მეტად არაფერი მოსწონს, ვიდრე პატრონის ოჯახთან, თავის ლეკვებთან და საერთოდ, ადამიანებთან ერთად ყოფნა. მას ძალიან უყვარს ბავშვები და მათთან თამაში – გადაგდებული ბურთის მოტანა ან თუნდაც უბრალოდ ეზოში ხეტიალი. ძაღლის ეს ჯიში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაფერისი.

მოვლა:

კოკერ სპანიელი საკმაოდ აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური ვარჯიში. თავისი მცირე ზომის წყალობით, იგი კარგად ეგუება ქალაქისა და ბინაში ცხოვრების პირობებს, თუმცა სჭირდება სივრცე, სადაც ირბენს და ითამაშებს. სასურველია კოკერს ჰქონდეს პატარა ეზო, სადაც მიეცემა თამაშის საშუალება. მას ძალიან უყვარს სირბილი და გარემოს შესწავლა.

კოკერ სპანიელის ზოგიერთ პატრონს ურჩევნია მის სპანიელს გრძელი ბეწვი ჰქონდეს, ამიტომ ყოველდღე ვარცხნის და ხშირად ჰბანს, ზოგი კი საშუალო ზომამდე უტოვებს. ძაღლს რეგულარული მოვლა სჭირდება, როგორი სიგრძის ბეწვიც უნდა ჰქონდეს. ჯაგრისით ვარცხნისას ფრთხილად იყავით, რომ აბრეშუმივით ბეწვი არ დაუზიანოთ. გასეირნებისას კი მოარიდეთ ბუჩქნარს, რომ ბეწვი არ დაუზიანდეს და მოაშორეთ მიკრული ბალახი, გამხმარი ფოთლები და სხვა.

რეგულარულად უნდა მოხდეს ასევე კოკერ სპანიელისათვის თვალების წირპლებისაგან გასუფთავება და ასევე ყურების გაწმენდაც, რადგან თავიანთი დიდი, დაკიდებული ყურების გამო, არ ხდება მათი სათანადოდ განიავება და შესაძლოა ისინი პარაზიტების, კერძოდ კი ყურის ტკიპების ბუდედ იქცეს. 

ჯანმრთელობა:

კოკერ სპანიელისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:

სიმსივნე – კვლევის შედეგად დადგინდა, რომ როგორც ინგლისური, ასევე ამერიკული კოკერ სპანიელის გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიმსივნეა.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

ყურის ინფექციები

გარეთა ოტიტი – ყურის გარეთა სასმენი მილის ანთება. იგი შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა ფაქტორების მიერ, კერძოდ კი პარაზიტების, მიკროორგანიზმების, უცხო სხეულების, სიმსივნისა და კანის დაავადებებისაგან. გარეთა ოტიტის გამოწვევა შეუძლია ასევე ყურის პარაზიტებს, ჯღიბებსა და რწყილებს, რომლებიც ყურის მილში ბუდობენ.

თვალის დაავადებები

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

გლაუკომა – თვალის მომატებული წნევა, რომელმაც უყურადღებობისა და სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის საბოლოო დაკარგვა გამოიწვიოს.

კატარაქტა – თვალის ეს დაავადება კოკერ სპანიელის ორივე ჯიშს შეიძლება დაემართოს 4 წლამდე ასაკში. სიმპტომები გამოიხატება თვალის გუგის ფერის შეცვლაში. ქირურგიული ჩარევით კი შესაძლებელია კატარაქტის ამოკვეთა.

cocker_spaniel_puppy_wallpaper-1024x768კოკერ სპანიელი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 150 – 250 ლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე კოკერ სპანიელის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

დალმაციელი (დალმატინელი)

ძაღლის ამ ჯიშს ალბათ ყველა იცნობს თავისი გამორჩეული გარეგნობის, უფრო ზუსტად კი მისი კოპლებიანი ფიზიონომიის წყალობით 🙂 ჩემთვის ეს ძაღლი მაინც ბავშვობის დროინდელ მულტფილმთან ასოცირდება, სადაც ძალიან ბევრი და საყვარელი კოპლებიანი ლეკვები დარბიან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ დალმაციელს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ალბათ დალმატინელად იცნობს, თუმცა სწორი ქართული სახელი დალმაციელია და ამიტომ, მეც ამ სახელს გამოვიყენებ პოსტში:

დალმაციელი (დალმატინელი)

დალმაციელი (დალმატინელი)

ძაღლის ჯიში:                                    დალმაციელი (დალმატინელი)

სხვა სახელი:                             ეტლის ძაღლი
                                                                       კოპლებიანი ეტლის ძაღლი                                                                                                                                                                სახანძრო ძაღლი                                                                                                                                                                                      ქლიავის პუდინგის ძაღლი (Plum Pudding Dog)

მეტსახელი:                                          დალ; დალი

წარმომავლობა:                                ხორვატია

ფერი:                                           თეთრ ფონზე შავი ან ღვიძლისფერი ლაქებით 

ბეწვის ტიპი:                              გლუვი, მოკლე, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  53 – 66 სმ;  ძუ – 46 – 64 სმ

წონა:                                            ხვადი – 15 – 32 კგ;  ძუ – 16 – 24 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  6 – 13 ლეკვი (ზოგჯერ მეტიც)

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 13 წელი

წარმოშობის ისტორია:

საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია ხორვატიას, კერძოდ კი მის ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონს – დალმაციას მიიჩნევს დალმაციელის (დალმატინელის) წარმოშობის ადგილად და ამის დასასაბუთებლად მოჰყავს რამოდენიმე ისტორიული წყარო.

ამ ძაღლის პირველი ილუსტრაციები აღმოჩენილია ხორვატიაში. ესენია საკურთხევლის ნახატი დასავლეთ ხორვატიის ერთ-ერთ სოფელში – ველი ლოშინში (Veli Lošinj), რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება და ასევე ფრესკა სამხრეთ დალმაციის ქალაქ ზაოსტროგში. დალმაციელის პირველი დოკუმენტალური აღწერა ადრეული მე-18 საუკუნიდან, ჯიაკოვო-ოსიეკის არქიეპარქიის (Archdiocese of Đakovo-Osijek) არქივიდან იწყება, სადაც ეს ძაღლი მოხსენიებული და აღწერილია, როგორც Canis Dalmaticus ეპისკოპოს პეტარ ბაკიჩის მიერ ეკლესიის ქრონიკებში 1719 წლიდან და შემდგომ ანდრეას კეცზკემეტის მიერ კვლავ ეკლესიის ქრონიკებში 1739 წელს. 1771 წელს თომას პენანტმა დალმაციელი თავის წიგნში ”Synopsis of Quadrupeds” აღწერა, რომელშიც ძაღლის ამ ჯიშის წარმოშობის ადგილად დალმაცია, ხოლო ჯიშის სახელად კი – დალმაციელი განსაზღვრა.

დალმაციელის ჯიში უმთავრესად ინგლისში განვითარდა. ძაღლის ამ ჯიშის პირველი არაოფიციალური სტანდარტის წარდგენა 1882 წელს მოხდა ინგლისელ ვერო შოს მიერ. 1890 წელს კი ინგლისში დალმაციელების პირველი კლუბის დაარსებისთანავე, სტანდარტი ოფიციალური გახდა.

დალმაციელის მოვალეობები:

ძაღლის ამ უძველეს ჯიშს სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. დალმაციელები იყვნენ საომარი ძაღლები, რომლებიც დალმაციის საზღვრებს იცავდნენ. დღევანდელ დღემდე, დალმაციელს შერჩენილი აქვს მოდარაჯის ძლიერი ინსტინქტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი მეგობრული და ერთგულია იმათთან, ვისაც იცნობს და ენდობა, თავს შორს იჭერს უცხოებისა და სხვა ძაღლებისაგან. დალმაციელებს ასევე გააჩნიათ ძლიერი სამონადირეო ინსტინქტიც და ვირთხებისა და პარაზიტების შესანიშნავ გამანადგურებლებად ითვლებიან. სპორტში კი მათ იყენებენ ჩიტებზე, გარეულ ღორებზე და ხარირმებზე სანადიროდ და ასევე რეტრივერებად და კვალის ამღებ ძაღლებად. თავიანთი გამორჩეული ექსტერიერისა და ინტელექტის წყალობით, ეს ძაღლები წლების განმავლობაში ცირკშიც კი წარმატებით გამოდიან. დალმაციელები შესაძლოა ყველაზე მეტად ცნობილნი იყვნენ თავიანთი როლით სახანძრო აპარატის ესკორტში და აგრეთვე სახანძროს თილისმად. რადგანაც დალმაციელები და ცხენები შესანიშნავად ეთავსებიან ერთმანეთს, ამ ძაღლებს წვრთნიდნენ იმისათვის, რომ ცხენებშებმული ეტლისათვის გზა გაეთავისუფლებინათ და სწრაფად გაეწიათ მეგზურობა მეხანძრეებისათვის ცეცხლის ჩასაქრობად. ძაღლის ამ ჯიშს სახანძრო ბრიგადები სახანძროსა და მასში განთავსებული ინვენტარის სამეთვალყურეოდაც იყენებდნენ. სახანძრო ეტლების წაყვანა ხდებოდა სწრაფი და ძლიერი ცხენების მიერ, რომლებიც ქურდებისათვის მაცდურ სამიზნეს წარმოადგენდა, ამიტომაც დალმაციელები ჰყავდათ სახანძროში ქურდების შესაჩერებლად. 

101 დალმაციელი:

როგორც პოსტის შესავალში აღვნიშნე, ჩემთვის და ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც დალმაციელი იმ მულტფილმთან ასოცირდება, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის მიერ იქნა გადაღებული 1961 წელს; 1996 წელს კი შეიქმნა ამ მულტფილმის რიმეიქი ამჯერად კინოფილმის სახით. წიგნი 101 კოპლებიანი ლეკვის შესახებ, სახელად ”101 დალმაციელი” ეკუთვნის ბრიტანელ ავტორს – დოდი სმიტს, რომელიც დაიწერა 1956 წელს. სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა დალმაციელის ჯიშის მასიური პოპულარიზაცია.

”101 დალმაციელი”

”101 დალმაციელი”

აქვე გიტოვებთ ამ მულტფილმის, ისევე, როგორც ფილმის ლინკებს.

101 დალმაციელი (მულტფილმი)

101 დალმაციელი (ფილმი)

ქცევა და ხასიათი:

დალმაციელი აქტიური, ენერგიული, მხიარული, დამცველი, ერთგული, გონიერი და დამჯერი ძაღლია. იგი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მის სავარჯიშოდ და გასაწვრთნელად საკმარისი დრო აქვს. ხალისიან და ცელქ დალმაციელებს ბავშვები ძალიან უყვართ და მათგანაც იმავეს გრძნობენ. სიამოვნებთ ასევე პატრონებთან ერთად ყოფნაც. პატრონისაგან საკმარისი რაოდენობით ყურადღებისა და სითბოს მიუღებლობის შემთხვევაში, ისინი დეპრესიულები და შესაბამისად ნაკლებად აქტიურნი ხდებიან.

ეს ძაღლები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ამიტომ მათი წვრთნისას საჭიროა მოთმინება, დაყვავება, მაგრამ თანამიმდევრულობა.

მოვლა:

სანამ ძაღლის ამ ჯიშის მოვლაზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო შემდეგი რამ:

დალმაციელი ლაქებით დაფარული ძაღლის ერთადერთი ჯიშია. ამ ჯიშის ლეკვები კოპლების გარეშე, სულ თეთრები იბადებიან, ლაქები კი დაბადებიდან 3 კვირაში უჩნდებათ. ერთი თვის შემდეგ მათ უკვე თითქმის ყველა ლაქა აქვთ, თუმცა კოპლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობენ განვითარებას დალმაციელის ტანზე, ოღონდ უფრო ნაკლები ტემპით.

შავლაქებიან ძაღლებს აქვთ შავი ცხვირი, ხოლო ღვიძლისფერლაქებიანს კი – ყავისფერი.

დალმაციელს შეიძლება ჰქონდეს მუქი ყავისფერი, ქარვისფერი ან ცისფერი თვალები. ზოგიერთს კი შესაძლოა სხვადასხვა ფერის თვალებიც კი ჰქონდეს, მაგალითად ერთი თაფლისფერი და მეორე – ცისფერი. (თვალის ჰეტეროქრომია)

ძაღლის ამ ჯიშს ბეწვი მთელი წლის განმავლობაში ცვივა, თუმცა ეს განსაკუთრებით უხვად წელიწადში ორჯერ ხდება. დალმაციელის მოკლე ბეწვი ხშირად მჭიდროდ ეკრობა ხალიჩას, ტანსაცმელს ან თითქმის ნებისმიერი სახის ქსოვილს და ძნელი მოსაშორებელია. სწორედ ამიტომ, ხშირად საჭიროა მისი ჯაგრისით მსუბუქად დავარცხნა.

ბეწვში ზეთის მინიმალური რაოდენობით არსებობის გამო, დალმაციელს არ აქვს სუნი და საკმაოდ სუფთა ძაღლად ითვლება. ეს ძაღლი ცნობილია იმითაც, რომ სხვა ძაღლების მსგავსად, არ იცის ტალახში თათების ჩადგმა და დასვრა. ბანაობა საჭიროა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ძაღლის ამ ჯიშისათვის აუცილებელია ასევე თათებზე ფრჩხილების დაჭრაც. დალმაციელს ძალიან სწრაფად ეზრდება ფრჩხილები, ამიტომ რამოდენიმე კვირაში ერთხელ მისთვის ფრჩხილების დაჭრა ურიგო არ იქნება.

დალმაციელისათვის აუცილებელია ბევრი და ინტენსიური (ყოველდღიური) ვარჯიში. მისთვის საჭიროა უსაბელოდ დიდხანს სირბილი. ძაღლის ამ ჯიშს უნდა ჰქონდეს დიდი ეზო სარბენად და სათამაშოდ. ბინაში ცხოვრება დალმაციელისათვის შესაფერისი არაა.

ჯანმრთელობა:

დალმაციელი შედარებით ჯანმრთელი და ადვილად მოსავლელი ჯიშია, თუმცა მასაც ახასიათებს ჯიშისათვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა მაგალითად სიყრუე, ალერგია და კენჭები შარდის ბუშტშსა და თირკმელებში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, რომელიც მხოლოდ სუფთა ჯიშის დალმაციელების 4,6 %-ს ემართება, არ წარმოადგენს ამ ჯიშისათვის დამახასიათებელ სერიოზულ პრობლემას.

უკვე ხანშიშესულ ძუ და ხვად დალმაციელებს (ცამეტ წელზე ზევით) შესაძლოა დაემართოთ ოსტეოფიტი და ართრიტ.

ოსტეოფიტი – ძვლოვანი კორძი ძვლის სახსროვანი ზედაპირის კიდეებზე ართროზისას. ეს წანაზარდი იწვევს მოძრაობის შეზღუდვას და თან ახლავს ტკივილი.

ართრიტი – სახსრის დაავადება; ერთი ან მეტი სახსრის ანთება.

სიყრუე – გენეტიკური მიდრეკილება სიყრუისაკენ დალმაციელებში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ძაღლის ამ ჯიშის დაახლოებით 70 %-ს გააჩნია ნორმალური სმენა. ადრეული მომშენებლების მიერ სიყრუის აღიარება არ ხდებოდა და ამიტომ დალმაციელის ჯიში უჭკუოდ ითვლებოდა. მას შემდეგაც კი, როდესაც მოხდა ამ პრობლემის გენეტიკურ ნაკლად აღიარება, მომშენებლებმა მაინც ვერ გაიგეს ძაღლის ბუნება და სიყრუე დალმაციელებში კვლავაც ითვლება ხშირ პრობლემად.

ცისფერთვალება დალმაციელებს უფრო მეტი შემთხვევითობით უვითარდებათ სიყრუე, ვიდრე თაფლისფერთვალა ინდივიდებს, თუმცა კავშირი ამ ორ თავისებურებას შორის ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული. 

ჰიპერურიკემია – დალმაციელებს, ადამიანების მსგავსად შეიძლება დაემართოთ ჰიპერურიკემია. ეს არის ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება. იგი ვლინდება შარდმჟავის მომატებული შემცველობით შარდში და იწვევს პოდაგრას. შარდმჟავა შესაძლოა მაღალი კონცენტრაციით გამოიყოს შარდში, რაც იწვევს კენჭებს თირკმელსა და შარდის ბუშტში. ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება შუახნის ხვად დალმაციელებში. 10 წელზე მეტი ხნის ხვადი ინდივიდები მიდრეკილნი არიან თირკმლის კენჭებისაკენ, ამიტომ უნდა მოხდეს მათთვის კალციუმის მიღების შემცირება ან შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის ჩატარება.

Dalmatian-dog6

დალმაციელი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250-300 ლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე დალმაციელის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

კავკასიური ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

10 დღიანი პაუზის შემდეგ, ვაგრძელებ ნაგაზების თემას და გთავაზობთ პოსტს ძაღლის იმ ჯიშის შესახებ, რომელიც საქართველოში (და არა მარტო) ძალიან უყვართ თავისი დიდი, ფუმფულა ზომისა და პატრონისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო. თქვენს ყურადღებას დღეს დავუთმობ კავკასიურ ნაგაზს:

კავკასიური ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

კავკასიური ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

ძაღლის ჯიში:                                    კავკასიური ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

სხვა სახელი:                              Zhaul Zhali (ჩეჩნური, ინგუშური)                                                                                                                                                    ქართული ნაგაზი                                                                                                                                                                                    Kavkasiuri Nagazi                                                                                                                                                                                    Kavkazty Uasahichala                                                                                                                                                                            Kavkazskaïa Ovtcharka                                                                                                                                                                        კავკასიური ავჩარკა                                                                                                                                                                                კავკასიური მთის ძაღლი                                                                                                                                                                      ჩერქეზული მეცხვარული ძაღლი                                                                                                                                                    სომხური ხობუნი                                                                                                                                                                                    Sage Ghafghazi                                                                                                                                                                                          Kars Çoban Köpeği                                                                                                                                                                                  კავკასიური ნაგაზი                                                                                                                                                                                  Адыгэ Мэлыхъуахь (Adyghe melekhuah)

მეტსახელი:                                           ბომბორა;  CO;  კავკასიური

წარმომავლობა:                                საქართველო, დაღესტანი, სომხეთი,                                                                                                                                            აზერბაიჯანი, ისტორიული ჩერქეზეთი

ფერი:                                           მთლიანად რუხი, რუხი თეთრი ნიშნებით,                                                                                                                               მოყვითალო, ყავისფერი, წითური

ბეწვის ტიპი:                              სქელი, მკვრივი, ხშირი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  68 – 75 სმ;  ძუ – 64 – 70 სმ

წონა:                                            ხვადი – 50 – 90კგ;  ძუ – 45 – 60 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 12 წელი

 

წარმოშობის ისტორია:

კავკასიის მთები ითვლება ერთ-ერთი უძველესი მოლოსური ჯიშის – კავკასიური მთის ძაღლის სამშობლოდ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ქართველთა წინაპარ ტომებს – ხეთებსა და სუბარებს ჰყოლიათ ეს ჯიში მოშენებული. კავკასიურ ნაგაზს ბრძოლის დროსაც იყენებდნენ, თუმცა მის ძირითად დანიშნულებას ცხვრის მწყემსვა და დარაჯობა წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში მას ასევე იყენებდნენ საკუთრების დასაცავად, მგლების მოსაკლავად და დათვებზე სანადიროდ. დღესდღეობით კი იგი კომპანიონობას უწევს ადამიანს და შესანიშნავი მოდარაჯე ძაღლია. კავკასიურ ნაგაზს მეორენაირად ქართულ მეცხვარულასაც უწოდებენ.

ქცევა და ხასიათი:

კავკასიურ ნაგაზს პატრონის ოჯახის წევრების, ასევე შინაური ცხოველების დაცვის ძლიერი ინსტინქტი აქვს, უცხოების მიმართ კი – აგრესიულია. თავის ოჯახში იგი კეთილი და ალერსიანი, ერთგული და დამჯერია. იგი უაღრესად კეთილშობილი, გულადი და შეუდრეკელი ჯიშია, თუმცა არასწორი გაწვრთნის შემთხვევაში საშინლად ავი ხდება. ვერ იტანს უსამართლოდ დასჯას, მაგრამ ადვილად შეუძლია პატიება და წყენას არ იმახსოვრებს. არასოდეს დაჩაგრავს თავისზე სუსტ თანამოძმეს.

კავკასიური ნაგაზისათვის აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე სოციალიზაცია, რათა უცნობებს მშვიდად შეხვდეს. მისთვის მნიშვნელოვანია მკაცრი და თანამიმდევრული გაწვრთნა. ძაღლის ეს ჯიში ძალიან ტერიტორიულია და აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ, ამიტომ საჭიროა მისთვის იდეალური მორჩილების გამომუშავება, რათა თავიდან ავიცილოთ მისი აგრესიულობა და უმართვადობა. ლეკვის სოციალიზაცია უნდა მოხდეს ყველა საშუალებით: მას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვებთან და დიდებთან, სხვა ძაღლებთან და შინაურ ცხოველებთან. ნუ შეზღუდავთ მას თამაშისა და სხვებთან კონტაქტის დროს.

მოვლა:

კავკასიური ნაგაზი დიდი და ძლიერი ჯიშის ძაღლია, ამიტომ ესაჭიროება ყოველდღიური, ინტენსიური ვარჯიში. ეს ძაღლი შეუფერებელია ბინაში ცხოვრებისათვის, რადგან ბევრი თავისუფალი სივრცე სჭირდება. მისთვის იდეალურია ქალაქგარეთ ცხოვრება. მთავარი პირობა კი მისთვის საიმედოდ დაცული და შემოსაზღვრული ტერიტორიაა.

კავკასიური ნაგაზი შესანიშნავად ეგუება ცივ კლიმატურ პირობებს. მისი სქელი ბეწვი საუკეთესო იზოლატორია.

არსებობს კავკასიური ნაგაზის ორი ვარიანტი: მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი. მოკლე ბეწვს ესაჭიროება ყოველკვირეული ვარცხნა და გასუფთავება, ხოლო გრძელ ბეწვს კი უფრო ხშირი და გულმოდგინე მოვლა. ძაღლის ამ ჯიშს ბევრი  კვება სჭირდება, ასე, რომ სასურველი ძაღლის შერჩევისას ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია.

ჯანმრთელობა:

კავკასიური ნაგაზი ზოგადად ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი ჯიშია, თუმცა მისთვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

კატარაქტა

სიმსუქნე

გულის დაავადებები

სიმსივნე

caucasian-shepherd-dogs-winter-photo

კავკასიური ნაგაზი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 300 – 600 დოლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ დოკუმენტურ ფილმს Youtube-ზე კავკასიური ნაგაზის შესახებ ქართულ ენაზე ინგლისური ტიტრებით.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                              პროგრამა – Породы Собак (გუგლ ფლეიდან)                         

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

დღეს გადავწყვიტე, კიდევ ერთი ახალი პოსტი დამეწერა. ზოგადად არ მახასიათებს ხოლმე პოსტების ხშირი წერა და მითუმეტეს ყოველდღიური ხასიათის მიცემა ამ ყველაფრისთვის, რადგან ყოველი ახალი პოსტის შექმნა შრომატევადი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მე მსიამოვნებს ამ საქმის კეთება, რადგან  მიყვარს ძაღლები და მინდა თქვენც შეგაყვაროთ ისინი. 🙂

დღეს ძაღლის ისეთ ჯიშზე ვაპირებ პოსტის გამოცხობას, რომელზეც ინტერნეტში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა დადებული. თუმცა შევეცდები, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გამოვიყენო და ახალი პოსტის სახით შემოგთავაზოთ. მაშ ასე, მიესალმეთ აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს (ე.წ. ”ვასტოჩნიკს”):

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

ძაღლის ჯიში:                                    აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი

სხვა სახელი:                              ბელარუსული ავჩარკა; აღმოსავლეთ ევროპული ავჩარკა;                                                                                                   Owczarek Wschodnioeuropejski

წარმომავლობა:                                რუსეთი; ბელარუსი

ფერი:                                           შავ-ყავისფერი, შავ-წითური, შავი, ყავისფერი, წითური, თეთრი

ბეწვის ტიპი:                              დაბალი, ხშირი და სქელი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  66 – 76 სმ;  ძუ – 61 – 71 სმ

წონა:                                            ხვადი – 35 – 60 კგ;  ძუ – 30 – 50 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 14 წელი

 

წარმოშობის ისტორია:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი (ე.წ. ავჩარკა) წარმოიშვა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანული ნაგაზების (მეცხვარული ძაღლების) და რუსული წარმოშობის ჰასკის ტიპის ძაღლებთან შეჯვარების შედეგად, რათა შეჯვარების შედეგად მიღებულ ნაყარს ჰქონოდა უკიდურესი სიცივისადმი გამძლეობა. ეს ჯიში თავდაპირველად გამოიყვანეს, როგორც სამუშაო ძაღლი სამხედრო და საპოლიციო დანიშნულებისათვის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში სამუშაოდ და გამორჩეულად კი მისი ინტელექტის გამო. თანამედროვე ბელარუსული ავჩარკის დნმ-ში აღმოჩენილია აღმოსავლეთ ციმბირული ლაიკების, ისევე, როგორც გერმანული ნაგაზების კვალი. ეს უკანასკნელნი კი რუსული არმიის მიერ იქნა მემკვიდრეობით მიღებული გერმანიის ტერიტორიიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლოს.  

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის ჯიშის პირველი სტანდარტის დამტკიცება მოხდა 1964 წელს სსრკ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კინოლოგიური საბჭოს მიერ. ძაღლის ეს ჯიში აღიარებულია რუსული კინოლოგიური ფედერაციის, კონტინენტური კენელ კლუბისა და ამერიკის ძაღლთა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. 

ქცევა და ხასიათი:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი მარდი, მგრძნობიარე, ერთგული და თავდადებულია პატრონის მიმართ. ეს ძაღლი გაწონასწორებული, თავდაჯერებული, ჭკვიანი და თამაშის მოყვარულია, თუმცა არ ენდობა უცხოებს. ძაღლის ეს ჯიში შესაძლოა იყოს აგრესიული, რაც მას შესანიშნავ მოდარაჯე ძაღლად აქცევს. მიუხედავად თავისი რბილი ხასიათისა, აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი შეიძლება არ იყოს შესაფერისი ოჯახის ძაღლი, განსაკუთრებით კი ისეთი ოჯახებისათვის შესაფერისი, სადაც პატარა ბავშვები არიან, რადგან იგი ცნობს მხოლოდ ერთ პატრონს და ამჯობინებს ერთ, მისთვის გამორჩეულ ადამიანთან თამაშს.

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზები სამუშაო ძაღლები არიან და ამიტომ ესაჭიროებათ რეგულარული, ყოველდღიური ვარჯიში. თავიანთი ინტელექტის წყალობით, მათ გააჩნიათ ნასწავლის სწრაფად ათვისების უნარი. ამ ძაღლს მისი სხვადასხვაგვარი კლიმატისადმი გამძლეობის გამო შეუძლია იცხოვროს გარეთ (ეზოში), ისევე როგორც სახლში. იგი გამოიყენება ასევე, როგორც მონადირე და ურმის გამწევი ძაღლი.

მოვლა:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის ხშირ და უხეშ ბეწვს კვალიფიციური მოვლა არ სჭირდება. საჭიროა დროდადრო ბეწვის ჯაგრისით დავარცხნა, ხოლო განგურის დროს თივთიკის გულდასმით გამოხშირვა.

ჯანმრთელობა:

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია –  ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

იდაყვის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც იდაყვის სახსრის შემადგენელი ნაწილები (მხრის, სხივისა და იდაყვის ძვლები)  სათანადოდ არ ვითარდება. იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

დისკის დეგენერაციული დაავადება – ხერხემლის მალთაშუა დისკის დეგენერაცია (გადაგვარება).

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

ენტროპიონი – ქუთუთოს შიგნით შებრუნება თვალის ბროლისაკენ.

ექტროპიონი – ქუთუთოს შიდა ზედაპირის გარეთ ამობრუნება.

შებერილობა

two-lovely-east-european-shepherd-dogs-photo

აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250 – 350 დოლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ ვიდეოს Youtube-ზე აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის წვრთნის შესახებ რუსულ ენაზე.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Породы Собак (გუგლ ფლეიდან)

                               ლინკი

დობერმან პინჩერი

ბევრი ვიფიქრე, ძაღლის რომელ ჯიშზე დამეწერა შემდეგი პოსტი, რადგან ჩემს ბლოგზე დადებულ რიგით მეორე გამოკითხვაში ჩამოთვლილი ოთხი ჯიშიდან, სამს აქვს უკვე თანაბარი ხმები და პლიუს მეხუთე ჯიში ჩემი ბლოგის ერთ-ერთმა სტუმარმა თავისი სურვილისამებრ აირჩია. ამას გარდა, პირველი გამოკითხვიდანაც არის დარჩენილი ძაღლის ორი ჯიში, რომლებზეც აუცილებლად დავწერ პოსტებს, ოღონდ მოგვიანებით. ახლა კი გადავწყვიტე, ეს პოსტი მივუძღვნა ძაღლს, რომელსაც მე პირადად დიდად არ ვწყალობ თავისი ფიზიონომიიდან გამომდინარე. ცოტა მეშინია კიდეც, რომ არ დაგიმალოთ, თუმცა გამოკითხვის შედეგებს და აქედან გამომდინარე, ხალხის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, გამოკითხვებში იღებს მონაწილეობას ან თუნდაც ფოტოებს ათვალიერებს 🙂 თქვენს ყურადღებას კი დღეს დავუთმობ დობერმან პინჩერს, ან უბრალოდ დობერმანს:

დობერმან პინჩერი

დობერმან პინჩერი

ძაღლის ჯიში:                                    დობერმან პინჩერი

სხვა სახელი:                              დობერმანი

მეტსახელი:                                          დობი; Dobermann; Dobynm (ზოგიერთ ქვეყანაში)

წარმომავლობა:                                გერმანია

ფერი:                                           შავი, ყავისფერი, წითური, ნაცრისფერ-მოლურჯო,                                                                                                               ჩალისფერი და თეთრი (ალბინოსი)

ბეწვის ტიპი:                              მბზინავი, მოკლე, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  66 – 72 სმ;  ძუ – 61 – 68 სმ

წონა:                                            ხვადი – 34 – 45 კგ;  ძუ – 27 – 41 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     10 – 13 წელი

 

წარმოშობის ისტორია:

დობერმან პინჩერის პირველად გამოყვანა მოხდა საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდგომ, 1890 წელს გერმანიაში, თიურინგიის ქალაქ აპოლდაში კარლ ფრიდრიხ ლუის დობერმანის მიერ. იგი ადგილობრივი გადასახადების ამკრები იყო და მართავდა აპოლდას ძაღლების ხუხულას (თავშესაფარს). ძაღლების სხვადასხვა ჯიშებთან წვდომის წყალობით, დობერმანს სურდა შეექმნა ძაღლის ისეთი ჯიში, რომელიც იდეალური იქნებოდა მისთვის დახმარების გასაწევად გადასახადების აკრების დროს, რომლის დროსაც მას უწევდა ბანდიტებით სავსე ტერიტორიებზე ყოფნა. მისი მიზანი ასევე იყო ისეთი ტიპის ძაღლის გამოყვანა, რომელიც მისივე აზრით ძალის, სისწრაფის, ამტანობის, ერთგულების, ინტელექტისა და მძვინვარების სრულყოფილი კომბინაცია იქნებოდა. მოგვიანებით კი ოტო გოელერმა და ფილიპ გროინიგმა განაგრძეს ძაღლის ამ ჯიშის ჩამოყალიბება ისეთად, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.

ძაღლის ეს ჯიში შეიქმნა სხვადასხვა ძაღლის ჯიშისაგან. მათ შორის: გერმანული პინჩერი, ბოსერონი, როტვეილერი, თიურინგიული ტყის ძაღლი, გრეიჰაუნდი, გერმანული დოგი, ვეიმარანერი, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი, მანჩესტერული ტერიერი, ძველგერმანული მეცხვარული ძაღლი და ამერიკული პიტ ბულ ტერიერი.  ძაღლის ამ ჯიშებს გააჩნდათ ის თვისებები, რაც კარლ დობერმანისთვის მნიშვნელოვანი იყო. შეჯვარების ზუსტი პროპორციები ისევე, როგორც შეჯვარებისას გამოყენებული ძაღლის ჯიშების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა ბევრი ექსპერტის აზრით, დობერმანი სულ მცირე, ზემოთ მოცემული ოთხი ჯიშის შეჯვარებით მაინც არის გამოყვანილი. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს დოკუმენტურად აღრიცხული დართვა გრეიჰაუნდთან და მანჩესტერულ ტერიერთან. საკმაოდ სარწმუნოა ასევე ისიც, რომ ძველგერმანული მეცხვარე ძაღლის გენოფონდი წარმოადგენდა ერთადერთ უდიდეს ხელშემწყობს დობერმანის ჯიშის შექმნაში. 

1894 წელს კარლ დობერმანის გარდაცვალების შემდეგ, მის საპატივსაცემოდ გერმანელებმა ძაღლის ამ ჯიშს დობერმან-პინჩერი უწოდეს. თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ, გერმანული სიტყვა “პინჩერი” , რაც ინგლისურ ”ტერიერს” ნიშნავდა, ჩამოშორდა ჯიშის დასახელებას იმის საფუძველზე, რომ ეს სიტყვა ჯიშისათვის შეუფერებელი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ინგლისელებმაც იგივე გააკეთეს. 

მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს საზღვაო ძალების კორპუსმა დობერმან პინჩერი თავის ოფიციალურ საომარ ძაღლად გამოაცხადა, თუმცა გამორჩეულად ამ საქმისათვის არ გამოუყენებია.

ომის შემდგომ პერიოდში დობერმანის ჯიში თითქმის დაიკარგა. დასავლეთ გერმანიაში, 1949 წლიდან 1958 წლამდე არ მომხდარა ლეკვების ახალი ნაყარის რეგისტრაცია. ვერნერ იუნგი ითვლება ძაღლის ამ ჯიშის გადამრჩენლად. იგი დასავლეთ გერმანიის ფერმებში ეძებდა ტიპიურ პინჩერებს და მათ იყენებდა ოთხ სხვა, დიდი ზომის მინიატურულ პინჩერებთან და აღმოსავლეთ გერმანულ შავ და წითურ ძუებთან ერთად. იუნგმა თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, როცა მალულად გადმოიყვანა ეს ძაღლები დასავლეთ გერმანიაში. გერმანული პინჩერების უმეტესობა სწორედ ამ ძაღლების შთამომავლებს წარმოადგენს.

ქცევა და ხასიათი:

მიუხედავად იმისა, რომ დობერმან პინჩერი სამუშაო ძაღლადაა მიჩნეული, ხშირად იგი სასტიკ და აგრესიულ ძაღლად ითვლება. მისი, როგორც პირადი მცველი ძაღლის გამოყვანა სწორედ ამ თვისებების გამო მოხდა: იგი უნდა ყოფილიყო დიდი და საშიში, უშიშარი და პატრონის დასაცავად მზადმყოფი, თუმცა საკმარისად დამჯერი და თავშეკავებული თავისი მოვალეობის შესასრულებლად მხოლოდ პატრონის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ. ეს თვისებები გამოსადეგი იყო მხოლოდ დობერმანის, როგორც პირადი მცველის, საპოლიციო ან საომარი ძაღლის ფუნქციების შესრულებისათვის და არა მისი, როგორც კომპანიონი ძაღლის როლისათვის. დობერმან პინჩერების აგრესია მომშენებლების წყალობით წლების განმავლობაში შემცირდა და დღევანდელი დობერმანები ცნობილნი არიან გაცილებით უფრო გაწონასწორებული და კარგი ბუნებით, უზომო ერთგულებით, მაღალი ინტელექტითა და წვრთნისადმი შესანიშნავი დაქვემდებარებით. დღესდღეობით, დობერმანის ზომა, დაბალი ბეწვი და ინტელექტი მას ოჯახის სასურველ  ძაღლად აქცევს. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, დობერმანს მე-5 ადგილი უჭირავს ძაღლის მორჩილებით ბრძანებებზე წვრთნის კატეგორიაში. სხვადასხვა კვლევების მიხედვით კი, დობერმანი ბორდერ კოლისთან, გერმანულ ნაგაზთან, ოქროსფერ რეტრივერთან და სტანდარტულ პუდელთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ადვილად გასაწვრთნელ ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება.

დობერმანები ადვილად სწავლობენ პატრონის პატივისცემასა და დაცვას და ამის გამო ბრწყინვალე მოდარაჯე ძაღლებად ითვლებიან, რომელთაც შეუძლიათ დაიცვან თავიანთი საყვარელი ადამიანები. ზოგადად ისინი მეგობრულნი არიან ადამიანებისა და სხვა ძაღლების მიმართ, თუმცა მიეკუთვნებიან ძაღლის ისეთ ჯიშებს, რომელთაც შესაძლოა აგრესია გამოავლინონ უცხოებისა და სხვა ძაღლებისადმი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დობერმანებმა თავიანთი პატრონების მიმართ გამოხატონ აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევები დობერმანს არ მიიჩნევს ყველაზე აგრესიულ ჯიშად, მისი ზომა, ძალა და უცხოებისადმი მკვეთრად გამოხატული აგრესია მას პოტენციურად საშიშ ჯიშად აქცევს.

თუკი მოხდება დობერმანის ლეკვობიდანვე სწორი, მტკიცე და საფუძვლიანი წვრთნა და სოციალიზაცია, მისგან შესანიშნავი კომპანიონი დადგება. იგი ძალიან ღონიერია, ამიტომ მუდამ თვალყური უნდა ადევნოთ მის ურთიერთობას ბავშვებთან. 

მოვლა:

თავისი მოკლე და გლუვი ბეწვის გამო დობერმანს მინიმალური მოვლა სჭირდება. ბეწვი დავარცხნეთ ჯაგრისით ან სპეციალური ხელთათმნით. გაასუფთავეთ მშრალი შამპუნით ან სველი ნაჭრით მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასევე საჭიროა მისთვის თათებზე ფრჩხილების დაჭრა 2-3 კვირაში ერთხელ.

დობერმანი აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ სჭირდება ყოველდღიური და ხანგრძლივი ვარჯიში (სირბილი) მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად. იგი არ გამოდგება ბინებში ან პატარაეზოიან სახლებში საცხოვრებლად. შეუფერებელია ამ ძაღლის ყოლა ისეთი ადგილებისათვის, სადაც იცის დიდი ყინვები, რადგან ეს მოკლებეწვიანი ჯიში სიცივეს ცუდად იტანს.

დობერმანს ძალიან უყვარს სხვადასხვა საგნის ღეჭვა, ამიტომ საჭიროა მისთვის ბევრი მაგარი (მყარი) სათამაშოს მიცემა.

ჯანმრთელობა:

დობერმანისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:

დილატაციური კარდიომიოპათია – ამ დროს ირღვევა გულის ძირითადი ფუნქცია – კუმშვადობა. იგი სუსტდება. ამასთანავე, დიფუზიურად დიდდება გულის პარკუჭები და აღარ ხდება სისხლის ეფექტური მიმოქცევა. გულის ფუნქციის შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფილტვებზე, ღვიძლზე და სხეულის სხვა სისტემებზე. ეს დაავადება დობერმანებს უფრო მეტად ემართებათ, ვიდრე ძაღლის სხვა ჯიშებს.

ვობლერის დაავადება –  კისრის მალების არასტაბილურობა, რაც იწვევს არამყარ სიარულსა და სისუსტეს ძაღლებსა და ცხენებში.

ფონ ვილებრანდის დაავადება – მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწვევს.

პროსტატის დაავადებები – როგორებიცაა მაგალითად: ბაქტერიული პროსტატიტი, პროსტატის კისტა და პროსტატის ადენოკარცინომა.

ჰიპოთიროიდიზმი – მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირყვალი არ გამოყოფს საკმარის ჰორმონებს – თიროქსინსა (T4) და ტრიიოდოთირონინს (T3).

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

doberman_dog

დობერმანი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250 დოლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე დობერმან პინჩერის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

ლაბრადორ რეტრივერი

ძაღლის ეს უსაყვარლესი ჯიში ალბათ ყველა თქვენთაგანმა იცის და უყვარს. იგი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები (1991 წლიდან). ეს ჯიში მე ყველაზე უწყინარ ჯიშად მიმაჩნია იმიტომ, რომ შეხედვისთანავე დადებითი ემოცია მეუფლება. ეს ძაღლი თითქოს გიღიმის, როცა გიყურებს და ისეთ სითბოს გამოხატავს, რომ არ შეიძლება მის მიმართ დადებითად არ განეწყო. მას გამორჩეულად უყვარს ბავშვები და ქვემოთ აუცილებლად დავდებ ვიდეოს, თუ როგორი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული ავადმყოფ ბავშვსა და ძაღლის ამ ჯიშს შორის. ჩემი ბლოგის შემდეგი სტუმარია ლაბრადორ რეტრივერი, ან უბრალოდ ლაბრადორი:

ლაბრადორ-რეტრივერი

ლაბრადორ რეტრივერი

ძაღლის ჯიში:                                    ლაბრადორ რეტრივერი

სხვა სახელი:                              Labradour

მეტსახელი:                                          ლაბი

წარმომავლობა:                                კანადა

ფერი:                                           შავი, შოკოლადისფერი ან ყვითელი                                                                                                                                             (ღია ყვითელი (თითქმის თეთრი) ტონიდან                                                                                                                           მელიისფერ წითურ ტონამდე)

ბეწვის ტიპი:                              გლუვი, მოკლე, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  56 – 63 სმ;  ძუ – 54 – 60 სმ

წონა:                                            ხვადი – 27 – 40 კგ;  ძუ – 27 – 35 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  5 – 10 ლეკვი (საშუალოდ 7 ლეკვი)

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     12 – 13 წელი

წარმოშობის ისტორია:

თანამედროვე ლაბრადორის წინაპარი წარმოიშვა კუნძულ ნიუფაუნდლენდზე, რომელიც დღეს უკვე ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციის ნაწილია და  კანადის ტერიტორიას ეკუთვნის. დღევანდელი ლაბრადორის ფუძემდებელი ჯიში იყო სენტ ჯონსის წყლის ძაღლი, რომელიც თავის მხრივ, მე-16 საუკუნეში კუნძულის ადრეული მაცხოვრებლების მიერ სპეციფიური ბრიდინგის მეშვეობით წარმოიშვა. სენტ ჯონსის ძაღლის წინაპარი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ იგი ინგლისური, ირლანდიური და პორტუგალიური სამუშაო ჯიშების შემთხვევითი შეჯვარებით მიღებული ძაღლი იყო. ნიუფაუნდლენდი (მაშინდელი დიდი ნიუფაუნდლენდი) სავარაუდოდ წარმოადგენს სენტ ჯონსის ძაღლის მასტიფებთან შეჯვარების შედეგს, რომლებიც მე-16 საუკუნიდან პორტუგალიელ მეთევზეებს ჩამოჰყავდათ კუნძულზე. უფრო პატარა ზომის, დაბალბეწვიანი სენტ ჯონსის ძაღლი (მაშინდელი პატარა ნიუფაუნდლენდი) გამოიყენებოდა ნანადირევის მოსატანად და წყლიდან ბადის ამოსაქაჩად. ეს პატარა ძაღლები იყვნენ ლაბრადორ რეტრივერის წინაპრები. თეთრი გულმკერდი, თათები, ნიკაპი და დრუნჩი – სენტ ჯონსის ძაღლისათვის დამახასიათებელი ეს ნიშნები ასევე ჩნდება თანამედროვე ლაბრადორის შერეულ ჯიშებში და ლაბრადორებში დროგამოშვებით ვლინდება გულმკერდზე პატარა, თეთრი ლაქისა (ე.წ. მედალიონი) ან  თეთრი თმის სახით თათებსა და დრუნჩზე.

ნიუფაუნდლენდის სენტ ჯონსის ტერიტორია ძირითადად დასახლებული იყო ინგლისელებითა და ირლანდიელებით. ადგილობრივი მეთევზეები თავდაპირველად სენტ ჯონსის ძაღლს იყენებდნენ ნავებს შორის თოკების გასაჭიმად, სათევზაო ნავების გამოსაყვანად და სათევზაო ბადეების წყლიდან გამოსატანად.

სენტ ჯონსის ძაღლების ნაწილის უკან, ინგლისში – პულის ტერიტორიაზე დაბრუნება მოხდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, სადაც ეს ძაღლები იქცნენ სპორტულ და წყლის ფრინველებზე სანადირო ძაღლებად.

სენტ ჯონსის ძაღლის ინგლისში ჩამოყვანა სავარაუდოდ მოხდა დაახლოებით 1820 წელს, თუმცა ძაღლის ამ ჯიშის სახელი გაცილებით ადრე იღებს სათავეს ინგლისში. არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც მელმსბერის გრაფმა (the Earl of Malmesbury) დაინახა სათევზაო ნავზე მყოფი სენტ ჯონსის ძაღლი და დაუყოვნებლივ მოახდინა შეთნხმება იმ ვაჭრებთან, რომლებიც ახორციელებდნენ ამ ძაღლების ინგლისში ექსპორტს. პირველი ლაბრადორების წინაპრებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მელმსბერის გრაფზე თავიანთი უნარებითა და წყლიდან და სანაპიროდან ნებისმიერი რამის გამოტანით, რომ მან მთელი თავისი ძაღლსაშენი დაუთმო ძაღლის ამ ჯიშის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. სწორედ მელმსბერის მიერ ბექლუს ჰერცოგისათვის (Duke of Buccleuch) 1880-იან წლებში ჰერცოგის მიერ ჩატარებული ბრიდინგის პროგრამისათვის გადაცემული ძაღლები, სახელად ეივონი და ნედი არიან მიჩნეული თანამედროვე ლაბრადორის წინაპრებად.

ქცევა და ხასიათი:

ლაბრადორი კეთილი, დამჯერი და ერთგული ძაღლის ჯიშია. გასაოცარი ყნოსვის წყალობით, მას შეუძლია მისდიოს სუნს მანამ, სანამ არ იპოვნის. სწორედ ამიტომ, საზღვაო და სამხედრო ძალები და ასევე პოლიცია იყენებს ლაბრადორებს კონტრაბანდისტების, ქურდების, ტერორისტებისა და სხვა დამნაშავეების გამოსავლენად. ლაბრადორი ინსტინქტურადაა მიდრეკილი სხვადასხვა საგნების დაკავებისაკენ და ამას დიდი სიფრთხილით აკეთებს (მას შეუძლია კვერცხი პირით გადაიტანოს ისე, რომ არ გატეხოს). ლაბრადორები მიდრეკილნი არიან ასევე საგნების ღეჭვისაკენ, რასაც შეიძლება გადაეჩვიონ სათანადო წვრთნის შემთხვევაში.

ლაბრადორს გააჩნია ძალიან გაწონასწორებული ჯიშის რეპუტაცია და ოჯახის შესანიშნავ კომპანიონს წარმოადგენს. იგი კარგად ეპყრობა ყველა ასაკის ბავშვებსა და სხვა ცხოველებს. მისი მხიარული და უშიშარი ბუნება ზოგჯერ საჭიროებს სათანადო წვრთნასა და მტკიცე ხელს, რათა არ მოხდეს ძაღლის ასე რომ ვთქვათ, ხელიდან წასვლა. ზრდასრული, უკონტროლო ლაბრადორი საკმაოდ პრობლემატური შეიძლება იყოს. ძუები შესაძლოა ოდნავ უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე ხვადი ლაბრადორები. ძაღლის ამ ჯიშის მომწიფება დაახლოებით სამი წლის ასაკში ხდება. მანამდე კი მათ გააჩნიათ ე.წ. ლეკვობის მსგავსი ენერგია, რასააც ხშირად ჰიპერაქტიურობასთან აიგივებენ. ლაბრადორის საბლით წვრთნა ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს, რათა შემდგომ თავიდან იქნას აცილებული უკვე მოზრდილი ძაღლის საბლით გაწევა (გაქაჩვა). ლაბრადორებს ძალიან უყვართ  ბურთით დაუსრულებლად თამაში და ასევე სხვადასხვა სახის აქტივობები, როგორიცაა მაგალითად დაბრკოლებების გადალახვა და პლასტმასის მფრინავი თეფშის გადაგდება და მოტანა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლაბრადორს ზოგჯერ ახასიათებს ყეფა ხმაურზე, განსაკუთრებით კი ისეთ ხმაურზე, რასაც ვერ ხედავს (”განგაშის ყეფა”), ზოგადად იგი არ არის ხმაურიანი ან ტერიტორიული. ლაბრადორები ძალიან კონტაქტურები და მიმნდობნი არიან უცხოების მიმართ, ამიტომ კარგ მცველ ძაღლებს არ წარმოადგენენ.

ლაბრადორი ყველასათვის ცნობილი რეპუტაციით სარგებლობს  მადის მხრივ და ზოგიერთი მათგანი შეიძლება განურჩევლად ყველა ტიპის, მათ შორის ადვილად მოსანელებელ და ასევე არასაკვებ ნივთებსაც კი ჭამდეს. სწორედ ამიტომ, ძაღლის პატრონს ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს, რათა სათანადოდ აკონტროლოს ძაღლის მიერ საკვების მიღება სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

ლაბრადორის მტკიცე ხასიათი და სწრაფად ათვისების უნარი ამ ძაღლს იდეალურ ჯიშად აქცევს სამძებრო და სამაშველო, საპოლიციო და თერაპიული სამუშაოების შესასრულებლად. იგი ძალიან ჭკვიანი ჯიშია. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, ლაბრადორს მე-7 ადგილი უჭირავს.

ლაბრადორი, როგორც სამუშაო ძაღლი:

ლაბრადორი ჭკვიანი ჯიშია კარგი სამუშაო ეთიკითა და ზოგადად გაწონასწორებული ხასიათით. ლაბრადორის ჩვეული სამუშაო როლი მოიცავს: ნადირობას, სამძებრო და აღმომჩენ სამუშაოებს (თავისი კარგი ყნოსვის წყალობით), უნარშეზღუდული ადამიანების დახმარებასა და თერაპიულ სამუშაოებს. კანადაში მეგზური ძაღლების 60-70 % ლაბრადორია. სათანადო წვრთნის შედეგად, ზოგიერთი ლაბრადორი პატრონს ეხმარება ბანკომატიდან ფულისა და საკრედიტო ბარათის გამოტანაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მეგზურობას ასევე უწევენ ოქროსფერი რეტრივერები და გერმანული ნაგაზები (ავჩარკები).

ლაბრადორები ძლიერი და დაუღალავი მოცურავეები არიან და შეუძლიათ ცივ წყალში გაძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მათი უნარი, მონადირეებთან ერთად ჩუმად იმუშაონ მინდორში ისე, რომ დააკვირდნენ თუ სად ვარდება დაჭრილი თუ მოკლული ფრინველი და შემდეგ თავიანთი უბადლო ყნოსვის წყალობით გამოიტანონ ნანადირევი, ამ ძაღლებს წყლის ფრინველებზე მონადირე რეტრივერების მეფედ აქცევს.

ძაღლის ეს ჯიში ასევე გამოიყენება სამაშველო სამუშაოებისათვის (წყლიდან ადამიანის გამოსაყვანად და სიცოცხლის გადასარჩენად). ლაბრადორის ეს სამუშაო როლი დღესაც გრძელდება ძაღლის სხვა ჯიშებთან, კერძოდ კი ლეონბერგერთან, ნიუფაუნდლენდთან და ოქროსფერ რეტრივერთან ერთად.

მოვლა:

ლაბრადორის სწორი და მოკლე ბეწვი ადვილი მოსავლელია. მას სჭირდება რეგულარულად დავარცხნა და გამოხშირვა მაგარი ჯაგრისით, მაგრამ თივთიკი არ დაუზიანოთ. ბეწვი ძლიერი ცვენა მას არ ახასიათებს, თუმცა როგორც ძაღლის უმეტეს ჯიშებს, მასაც წელიწადში ორჯერ, განგურის დროს უხვად ცვივა ბეწვი. აბანავეთ ან გაწმინდეთ მშრალი შამპუნით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ძაღლის ეს ჯიში აქტიური და ცოცხალი ჯიშია, ამიტომ სჭირდება საკმაო ვარჯიში უმჯობესია დიდ ეზოში, სადაც ბევრს ირბენს. მისთვის საუკეთესოა სოფლის გარემო. სჭირდება დღეში ერთხელ ან ორჯერ გასეირნება. თვალყური ადევნეთ, როდესაც წყლის სიახლოვეს იქნება, რადგან ცურვა ძალიან უყვარს.

მოერიდეთ ლაბრადორისათვის ზედმეტი საჭმლის მიცემას, რადგან სიმსუქნისაკენ არის მიდრეკილი და ზარმაცდება.

ჯანმრთელობა:

ლაბრადორებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრის დისპლაზია – განსაკუთრებით დიდ ძაღლებში, თუმცა არა იმდენად ხშირად, როგორც ეს ძაღლის სხვა ჯიშებს ემართებათ.

ლაბრადორებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ მუხლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა მაგალითად კვირისტავის ამოვარდნილობა.

ძაღლის ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია ასევე თვალის დაავადებები, კერძოდ: პროგრესირებადი რეტინალური ატროფია, კატარაქტა, რქოვანის დისტროფია და რეტინალური დისპლაზია. 

მემკვიდრეობითი მიოპათია – იშვიათი მემკვიდრული დაავადება; ნელა პროგრესირებადი კუნთების ატროფია ნერვული სისტემის დაზიანების გარეშე.

სიმსუქნე – სათანადო ვარჯიშისა და კვების კონტროლის გარეშე, ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და სახსრების პრობლემები, ასევე მეორადი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და ოსტეოართრიტი.

labrador-puppies-9728-1920x1200

ლაბრადორის ხსენებაზე მაშინვე მახსენდება მოურჯულებელი, მოუსვენარი და ცელქი მარლი ფილმიდან ”მარლი და მე”, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის – ჯონ გროგენის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს 2008 წელს. აქვე გიტოვებთ ამ ფილმის ლინკს:

Marley and Me

ლაბრადორი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი საშუალოდ 250-დან 600 ლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე ლაბრადორის შესახებ და ასევე ლაბრადორისა და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვის თამაშს.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

როტვეილერი

ძაღლის შემდეგი ჯიში, რომელზეც პოსტის დაწერას ვაპირებ, რატომღაც აგრესიულ ჯიშადაა მიჩნეული ხალხის მიერ. მე პირადად ძალიან გამიკვირდა, როცა იუთუბზე ისევ და ისევ სეზარ მილანის ”Dog Whisperer”-ის ერთ-ერთ ეპიზოდს ვუყურე და გავიგე, რომ ძაღლის ეს ჯიში ამერიკაში რიგით მესამე ყველაზე აგრესიულ ჯიშად დასახელდა გამოკითხვის მიხედვით 😦 მეორე ადგილზე გერმანული ნაგაზი (ავჩარკა) გავიდა, ხოლო პირველი ადგილი ამერიკულ პიტბულტერიერს ხვდა წილად. ვისაც დააინტერესებს ნახვა, აქვე გიტოვებთ ვიდეოს 🙂

სიმართლე რომ ვთქვა, არასოდეს მქონია შეხება ძაღლის ამ ჯიშთან, თუმცა ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერები და ენერგიულები არიან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არ არიან ეს ძაღლები ისეთი აგრესიულები, როგორც ამას ხალხი აღიქვამს. ყველაფერი ხომ მაინც ძაღლის პატრონზეა დამოკიდებული და მის მიერ ძაღლის სწორად აღზრდაზე. მაშ ასე, თქვენს წინაშეა როტვეილერი:

როტვეილერი

როტვეილერი

ძაღლის ჯიში:                                    როტვეილერი

მეტსახელი:                                           როტ ; როტი

წარმომავლობა:                                გერმანია

ფერი:                                           შავ-ყავისფერი ან შავ-მუქი წითელი

ბეწვის ტიპი:                              ორმაგი ბეწვი – მოკლე, მაგარი და სქელი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  61 – 69 სმ;  ძუ – 56 – 63 სმ

წონა:                                            ხვადი – 50 – 60 კგ;  ძუ – 35 – 48 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  საშუალოდ 8 – 12 ლეკვი (შეიძლება მეტიც)

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     9 – 10 წელი

წარმოშობის ისტორია:

მიუხედავად იმისა, რომ როტვეილერი ბოლო ხანებში მრავალმხრივ ჯიშად ითვლება და მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისათვის, იგი არის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) უძველესი ჯიში მწყემს ძაღლთა ჯიშებს შორის. ეს მრავალწახნაგოვანი ძაღლი საქონლის მწყემსი და დამცველია. მას ასევე შეუძლია ყველა სახის შინაური პირუტყვთან მუშაობა გარკვეულ პირობებში.

ძაღლის ამ ჯიშის ისტორია სათავეს იღებს რომაული იმპერიიდან. შესაძლებელია, რომ როტვეილერი იყოს ძველრომაული მენახირე ძაღლების შთამომავალი, რომლებიც მასტიფის ტიპის ძაღლები იყვნენ და საიმედო, ძლიერ და ჭკვიან ძაღლებს წარმოადგენდნენ, რომელთაც გააჩნდათ მოდარაჯის ინსტინქტი. ევროპის დაპყრობის მიზნით წასული რომაული ლეგიონი ბევრს მოგზაურობდა მთელს კონტინენტზე. გასაცივებელი მოწყობილობის არარსებობის გამო, რომაელებს უწევდათ თავიანთი საქონლის ჯოგის თან წაყვანა და საკვებად გამოყენება. მენახირე ძაღლებს არა მხოლოდ საქონლის ჯოგის მწყემსვა, არამედ ღამით სურსათ-სანოვაგის დაცვაც ევალებოდათ. ჩვენი წელთ აღრიცხვით 74 წელს, რომაულმა არმიამ იმოგზაურა ალპების გასწვრივ და ასევე თანამედროვე გერმანიის სამხრეთ ნაწილში. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში, რომაული მენახირე ძაღლების გამოყენება ხდებოდა საქონლის ჯოგების მწყემსვისა და მათი სავაჭროდ გარეკვის მიზნით მას შემდეგაც კი, როდესაც მოხდა რომაელების გამოდევნა შვაბების მიერ თავიანთი ტერიტორიიდან.

ამ რეგიონს საბოლოოდ ეწოდა როტვაილი. იგი გადაიქცა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად და რომაული მენახირე ძაღლები კვლავინდებურად ემსახურებოდნენ თავიანთ საქმეს: მიჰყავდათ ნახირი ბაზარში და იცავდნენ მათ ქურდებისა და გარეული ცხოველებისაგან. ამბობენ, რომ შუა საუკუნეებში, ამ ძაღლებს ბაზრობებზე იყენებდნენ მოგზაური ყასბებიც ყელზე შემოხვეული ფულის ქისების დასაცავად. საბოლოოდ კი ამ ძაღლებს ეწოდათ ყასაბი ძაღლები (გერმ: Rottweiler Metzgerhunds; ინგ: butcher dogs). რკინიგზის, როგორც ცოცხალი პირუტყვის ბაზარში გადაყვანის მთავარ მეთოდად ქცევამ, ძაღლის ამ ჯიშის საჭიროება შეამცირა და შესაბამისად შემცირდა როტვეილერების რიცხვიც. მათმა რიცხვმა ისე სწრაფად განიცადა კლება, რომ 1882 წელს, ჰაილბრონში გამართული ძაღლების შოუს დროს, ძაღლის ამ ჯიშის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იყო წარმოდგენილი.

პირველი მსოფლიო ომის განვითარებამ მოიტანა საპოლიციო ძაღლების საჭიროება და სწორედ ამან შეუწყო ხელი როტვეილერების მიმართ ინტერესის ხელახალ გაღვივებას. პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როტვეილერების გამოყენება ხდებოდა შიკრიკებად და ასევე სასწრაფო დახმარების, ურმების გამწევ და მოდარაჯე ძაღლებად.

ქცევა და ხასიათი:

როტვეილერი ძლიერი, თვითდაჯერებული, მამაცი, უშიშარი და გონიერი ძაღლია. ამავდროულად არის ძალიან თავდადებული პატრონის მიმართ, მშვიდი, დამჯერი და მუშაობისთვის მზადმყოფი. იგი ძალიან დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით აკვირდება მის ირგვლივ შექმნილ გარემოს და მალევე არ ამყარებს მეგობრობას ადამიანებთან. როტვეილერს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი სურვილი, დაიცვას ოჯახი და სახლი; უყვარს თავისი ოჯახი და მეგობრები და ზოგჯერ ჯამბაზივით იქცევა, თუმცა იგი ასევე თავისი ტერიტორიის დამცველიცაა და არ ენდობა უცხოებს, სანამ წესიერად არ გაიცნობს.

როტვეილერი ძლიერი ჯიშია კარგად განვითარებული, მემკვიდრეობითი მწყემსვისა და დაცვის ინსტინქტებით. მისი პოტენციურად საშიში ქცევა ჩვეულებრივ გამოწვეულია პატრონის ძაღლისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, შეურაცხყოფით, უარყოფით ან სოციალიზაციისა და წვრთნის ნაკლებობით. შეუგნებელი პატრონები ძაღლის ამ ჯიშის ბუნების  აგრესიულ მხარეს ბოროტად იყენებენ. სწორედ ამის გამო ჯიშის ექსპერტები აცხადებენ, რომ როტვეილერისათვის აუცილებელია მორჩილებაზე წვრთნა და ფართო სოციალიზაცია. მასთან მუშაობა დიდ მოთმინებას და ნებისყოფას მოითხოვს, ამიტომ ესაჭიროება ადრეული, თანამიმდევრული წვრთნა გამოცდილი მწვრთნელის მიერ, რომელიც მის მართვას შეძლებს.

სწორად გაწვრთნილი როტვეილერი შესანიშნავი კომპანიონი დგება. მისი ყოლა მიზანშეუწონელია სახლში, სადაც უმცროსი ასაკის ბავშვები არიან. ვინც ძაღლს გააღიზიანებს ან რამეს დაუშავებს, აგრესიულ პასუხსაც მიიღებს. თავისი სიძლიერის გამო, როტვეილერს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ საბელმობმულმა არ გაიწიოს. ხალხმრავალ ადგილებში საჭიროა მისი საბლით ყოლა.

მოვლა:

როტვეილერის მოკლე, გლუვი და პრიალა ბეწვი ადვილი მოსავლელია. მას ბეწვი ძალიან არ ცვივა და კარგია მისი მაგარი ჯაგრისით დავარცხნა ზედმეტი თივთიკის მოსაშორებლად, რათა ბეწვს უფრო მეტი ბზინვარება ჰქონდეს. დაბანეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. გაწმინდეთ ზამშით, რომ მისმა ბეწვმა იბზინოს.

ძაღლის ამ ჯიშისათვის საჭიროა ბევრი ვარჯიში და სირბილი და ეს მას ახარებს. როტვეილერს ვარჯიში და მუშაობა არ ღლის. მისთვის შესანიშნავი იქნება ცურვა და სირბილი, როდესაც ატარებთ ველოსოპედს. როტვეილერს უყვარს ასევე ბურთით თამაში და გადაგდებული ბურთის მოტანა.

როტვეილერი არაა წუნია მჭამელი, თუმცა მიდრეკილია გასუქებისაკენ, ამიტომ მოარიდეთ ზედმეტ საკვებს და აკონტროლეთ ძაღლის წონა.

ჯანმრთელობა:

როტვეილერი შედარებით ჯანმრთელი ძაღლის ჯიშია, თუმცა როგორც ძაღლის სხვა დიდ ჯიშებს, მასაც შეიძლება დაემართოს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. 

ზრდის სწრაფი ტემპის გამო, როტვეილერს შეიძლება განუვითარდეს ოსტეოქონდრიტი, რაც გავლენას ახდენს მხრის სახსარზე. ესაა სახსრის დაავადება, როდესაც ბზარები ჩნდება სასახსრე ხრტილსა და მის ქვეშ მოთავსებულ ხრტილქვეშა ძვალში.

ენტროპიონი – ქუთუთოს შიგნით შებრუნება თვალის ბროლისაკენ.

ექტროპიონი – ქუთუთოს შიდა ზედაპირის გარეთ ამობრუნება.

როტვეილერი ასევე მიდრეკილია სიმსივნისაკენ, რაც მისი ადრეულ ასაკში სიკვდილის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.

ზედმეტი კვების ან ვარჯიშის ნაკლებობის შედეგად როტვეილერს შეიძლება ჩამოუყალიბდეს სიმსუქნე. მისი შედეგები კი საკმაოდ სერიოზულია და იწვევს ართრიტს, სუნთქვის გაძნელებას, დიაბეტს, გულის უკმარისობას, რეპროდუქციულ პრობლემებს, კანის დაავადებებს, ორგანიზმის შემცირებულ წინააღმდეგობას დაავადებებისადმი და გადახურებას კანქვეშ მდებარე ცხიმის სქელი ფენის გამო.

Beautiful-Rottweiler-rottweiler-13378967-1280-800

როტვეილერი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი საშუალოდ 400-დან 600 დოლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე როტვეილერის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

პომერანიული შპიცი

ძაღლის ამ ჯიშზე ადრეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ მაინც გამოკითხვის შედეგები დავაყენე პირველ ადგილზე და ყურადღება სხვა ჯიშებს დავუთმე. ახლა კი დადგა დრო, ამ უსაყვარლეს, უფუმფულეს ჯიშსაც მივუძღვნა ერთი პოსტი. მქონდა ბედნიერება, ამ ჯიშის ძაღლი ჯერ კიდევ სექტემბერში მენახა, როდესაც ქობულეთში ვისვენებდი. უსაყვარლესი ძაღლი იყო მართლაც, შავი ფერის, ხვადი და ბობო ერქვა სახელად. ეგრევე ვიცანი, რომ დავინახე რა ჯიშიც იყო და პატრონს ძალიან გაუკვირდა.თქვა, ზოგადად, ბევრი ვერ ცნობს რა ჯიშის ძაღლიაო 😦 იმდენი ვეფერე, სულ დამავიწყდა, სეზარ მილანის ”No Touch, No Talk, No Eye Contact” (”არ შეეხოთ, არ დაელაპარაკოთ, არ შეხედოთ”), როდესაც უცხო ძაღლთან გიწევს შეხვედრა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენს წინაშეა პომერანიული შპიცი:

პომერანული შპიცი

პომერანიული შპიცი

ძაღლის ჯიში:                                                    პომერანიული შპიცი

სხვა სახელი:                                                      გერმანული შპიცი, ჯუჯა შპიცი,                                                                                                                                                      Spitz nain; Spitz enano; პომი; Zwers

მეტსახელი:                                                          პომპომი, პომი

წარმომავლობა:                                                 გერმანია                                                                                                                                                                                                      (დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანია                                                                                                                    და ჩრდილო-დასავლეთ პოლონეთი)

ფერი:                                                                         თეთრი, შავი, ყავისფერი, კრემისფერი, წითური,                                                                                                                  ნარინჯისფერი, ნაცრისფერი

სიმაღლე:                                                              13 – 28 სმ

წონა:                                                                         1,9 – 3,5 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:                     12 – 16 წელი

წარმოშობის ისტორია:

დღევანდელი პომერანიული შპიცის ჯიშის წინამორბედები იყვნენ არქტიკის რეგიონების დიდი მუშა ძაღლები. ეს ძაღლები ცნობილნი იყვნენ შპიცის ტიპის ძაღლებად, რაც გერმანულად ნიშნავს ”მკვეთრ წერტილს”. ამ ტერმინს თავდაპირველად იყენებდა გრაფი ებერჰარდ ცუ ზაინი მე-16 საუკუნეში და იგი აღნიშნავდა ძაღლის ცხვირსა და დრუნჩს. მიჩნეულია, რომ პომერანიული შპიცი წარმოიშვა გერმანული შპიცისაგან.

ძაღლის ამ ჯიშმა თავისი სახელი მიიღო იმ ტერიტორიისაგან, რომელსაც პომერანია ეწოდება და იგი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლონეთსა და გერმანიაში, ბალტიის ზღვის გასწვრივ.

ადრეული ჩანაწერები პომერანიული შპიცის ჯიშის შესახებ მოიპოვება 1764 წლის 2 ნოემბრიდან, ჯეიმს ბოსველის დღიურში, სახელწოდებით ”Boswell on the Grand Tour: Germany and Switzerland“. დღიურში აღნიშნულია: ”ფრანგ კაცს ჰყავდა პომერანიული შპიცი, სახელად პომერი, რომელიც მას ძლიერ უყვარდა”. პომერანიული შპიცისა და მგლის შეჯვარებით მიღებული შთამომავლობა, რომელიც გამოიყვანა ლონდონელმა ცხოველებით მოვაჭრემ, განხილულია თომას პენანტის წიგნში ”A Tour in Scotland from 1769”.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ორმა წევრმა დიდი გავლენა იქონია ძაღლის ამ ჯიშის ევოლუციაზე. 1767 წელს, დედოფალმა შარლოტამ,ინგლისის მეფის – ჯორჯ მესამის მეუღლემ ინგლისში ჩამოიყვანა  ორი პომერანიული შპიცი. ეს ძაღლები, სახელად ფები და მერკური სერ თომას გეინსბოროს ნახატებში იქნენ უკვდავყოფილნი. სურათებში ასახული ძაღლი იყო უფრო დიდი, ვიდრე თანამედროვე პომერანიული შპიცი. გადმოცემით, იგი იწონიდა დაახლოებით 14 – 23 კგ-ს, თუმცა ჰქონდა თანამედროვე პომერანიული შპიცისათვის დამახასიათებელი სქელი ბეწვი, დაცქვეტილი ყურები და ზურგზე დახვეული კუდი.

თომას გეინსბორო - ”მისტერ და მისის უილიამ ჰოლეტის პორტრეტი”

თომას გეინსბორო – ”ბატონი და ქალბატონი უილიამ ჰოლეტის პორტრეტი”

დედოფალი ვიქტორია, დედოფალ შარლოტას შვილიშვილიც ენთუზიასტი გახლდათ და დაარსა კიდეც დიდი ძაღლსაშენი. მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ძაღლი იყო შედარებით პატარა, წითურ-შავი ფერის პომერანიული შპიცი, რომელსაც მან სახელად ”Windor’s Marco” დაარქვა. იგი გადმოცემით იწონიდა მხოლოდ 5,4 კგ-ს. 1891 წელს, როდესაც დედოფალმა ვიქტორიამ პირველად გამოიყვანა მარკო გამოფენაზე, ამან გამოიწვია პატარა ტიპის პომერანიული შპიცების პოპულარობის დაუყოვნებლივი ზრდა და მომშენებლებმაც დაიწყეს მხოლოდ უფრო პატარა ზომის ინდივიდების შერჩევა მოშენებისათვის. დედოფალი ვიქტორიას სიცოცხლის განმავლობაში, პომერანიული შპიცის ჯიში ზომაში 50%-ით დაპატარავდა. დედოფალი ვიქტორია მუშაობდა ძაღლის ამ ჯიშის გაუმჯობესებაზე და ეწეოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ფერის, პატარა ზომის პომერანიული შპიცების იმპორტს თავის ბრიდინგის პროგრამაში ჩართვის მიზნით. პომერანიული შპიცების სამეფო გვარის მფლობელები იყვნენ ასევე საფრანგეთის იმპერატორის – ნაპოლეონ პირველის მეუღლე – ჟოზეფინა და ინგლისის მეფე – ჯორჯ მეოთხე.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 1912 წელს სამგზავრო ხომალდ ”ტიტანიკი”-ს ჩაძირვის შედეგად გადარჩენილი სამი ძაღლიდან ორი იყო პომერანიული შპიცი (მესამე კი იყო პეკინესი).

ქცევა და ხასიათი:

პომერანიული შპიცი მკვირცხლი და მოსიყვარულე ძაღლია.  უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მოფერება და ნებივრობა, თუმცა ასევე მოსწონს თამაში და ცელქობა, იგი საუკეთესო მეგობარია მარტოხელებისათვის, განსაკუთრებით ხანში შესულთათვის, თუმცა ასევე ძალიან მოსიყვარულე და ლოიალურია ბავშვების მიმართაც. ამ ჯიშის ძაღლი საკმაოდ ჭკვიანია და ამიტომ მისი გაწვრთნა ადვილია. პატარა, მხიარული პომერანიული შპიცი კარგი მოდარაჯე ძაღლია და მიუხედავად მცირე ზომისა, ხმამაღალი ყეფით უმალ გაცნონებთ, თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავს. იგი ადვილად აღგზნებადია, თუმცა მალევე მშვიდდება და დამჯერი ხდება. მისი ყეფა შეიძლება პრობლემად იქცეს, თუკი ლეკვობიდანვე არ მოხდება ამის გადაჩვევა. სათანადო წვრთნის შემთხვევაში, პომერანიული შპიცი უპრობლემოდ ეგუება სხვა ცხოველებს (ძაღლებსა და კატებს).

მოვლა:

პომერანიული შპიცისათვის სავარჯიშოდ რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა საჭირო არ არის. კარგი იქნება, თუკი დროდადრო პარკში გავასეირნებთ და ასევე შემოღობილ ეზოში თამაშის ნებას მივცემთ, რათა სათანადოდ მოხდეს მისი ვარჯიში, თუმცა არ უნდა მოხდეს მისი ვარჯიში შუადღის სიცხეში, რადგან შეიძლება მზის დაკვრა მიიღოს.

პომერანიულ შპიცს აქვს  სქელი, გრძელი, ორმაგი ბეწვი, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური მოვლა – ვარცხნა, რადგანაც ბეწვი ადვილად იბურდება და იკეთებს კვანძებს განსაკუთრებით განგურის დროს, რაც წელიწადში ორჯერ ხდება. ბეწვი უნდა დაივარცხნოს კუდიდან თავისაკენ – ბეწვის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. მართალია, ამ საქმეს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ რთული გასაკეთებელი არ არის. ბეწვის შეკრეჭა უნდა მოხდეს 1-2 თვეში ერთხელ. ასევე საჭიროა ბეწვის გასუფთავება მშრალი შამპუნით, როცა ამის საჭიროება იქნება.

პომერანიული შპცისათვის აუცილებელია ასევე  თვალების ამოწმენდა წკირზე დახვეული ბამბის ტამპონით და ფრჩხილების დაჭრა თათებზე. ასევე საჭიროა კბილების ხშირი შემოწმება. სათანადო მოვლის გარეშე, პომერანიულ შპიცს შეიძლება კბილები ადრე დასცვივდეს, ამიტომ რეკომენდირებულია მისთვის მშრალი საკვების მიცემა.

ჯანმრთელობა:

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

კვირისტავის ამოვარდნილობა – მდგომარეობა, როდესაც ხდება კვირისტავის (მუხლის თავის) ამოვარდნა მისთვის ჩვეული მდებარეობიდან.

ტრაქეის კოლაფსი  ტრაქეის ხრტილოვანი რგოლების არასრული ფორმაცია ან დასუსტება, რაც იწვევს ტრაქეის გაბრტყელებას.

“შავი კანის დაავადება” – ალოპეციის (თმის ცვენისა) და ჰიპერპიგმენტაციის (კანის გამუქების) კომბინაცია. ეს დაავადება ემართებათ უფრო მეტად ხვად პომერანიულ შპიცებს და იგი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი.

პომერანიული შპიცი - ბუუ

პომერანიული შპიცი – ბუუ

პომერანიული შპიცი საქართველოშიც იყიდება და მისი შეძენა საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს. მისი ფასი საშუალოდ 1000-დან 3500 დოლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე პომერანიული შპიცის შესახებ და ასევე ჰიპერ პოპულარულ პომერანიულ შპიცს – სახელად ბუუს.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

წინა უზარმაზარი პოსტის შემდგომ, რომელსაც ერთ კვირაზე მეტი შევალიე და ძლივს დავასრულე, გადავწყვიტე ისევ და ისევ ჩემს ბლოგზე განთავსებული გამოკითხვის შედეგებით მეხელმძღვანელა და დამეწერა ახალი პოსტი ხმების უმრავლესობით მეორე ადგილზე გასულ ძაღლის ჯიშზე. ეს ჯიში საკმაოდ პოპულარული და საზოგადოებისათვის ძალიან საყვარელია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. მის ღირსებებზე ქვემოთ ვისაუბრებ.

მაშ ასე: ჩემი ბლოგის შემდეგი სტუმარია გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი), რომელსაც ჩვენ ძველად და ახლაც გერმანულ ”ავჩარკად” მოვიხსენიებთ, თუმცა სწორი იქნება, თუკი გერმანულ ნაგაზს ან მეცხვარულ ძაღლს ვუწოდებთ და მეც პოსტში ამ სახელს გამოვიყენებ.

გერმანული ნაგაზი (ავჩარკა)

გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

ძაღლის ჯიში:                                    გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

სხვა სახელი:                             ელზასელი                                                                                                                                                                                                 ელზასური მგელძაღლა                                                                                                                                                                        Berger Allemand                                                                                                                                                                                      Deutscher Schäferhund                                                                                                                                                                        Schäferhund

მეტსახელი:                                           GSD (German Shepherd Dog)

წარმომავლობა:                                გერმანია

ფერი:                                           უმეტესად ყავისფერი შავი ზურგით; შავი; თეთრი

ბეწვის ტიპი:                              ორმაგი ბეწვი

სიმაღლე:                                                 ხვადი –  61 – 66 სმ;  ძუ – 56 – 61 სმ

წონა:                                            ხვადი – 30 – 40 კგ;  ძუ – 23 – 33 კგ

ლეკვების რაოდენობა:                  5 – 10 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა:     9 – 13 წელი

წარმოშობის ისტორია:

1850-იან წლებში, ევროპაში ადგილი ჰქონდა ძაღლის ჯიშების სტანდარტიზაციის მცდელობებს. ძაღლები გამოყავდათ იმისათვის, რათა მათში მომხდარიყო ისეთი თვისებების შენარჩუნება, რაც მათ ეხმარებოდა ცხვრების მწყემსვასა და ფარის მტაცებელი ცხოველებისაგან დაცვაში. გერმანიაში ეს პროცესი ხორციელდებოდა ადგილობრივი თემებში, სადაც მწყემსები ირჩევდნენ და გამოყავდათ ისეთი ძაღლები, რომელთაც მათი აზრით გააჩნდათ ცხვრების მწყემსვისათვის საჭირო თვისებები. მაგალითად გონიერება, სისწრაფე, ძალა და ყნოსვის კარგი უნარი. შედეგად ღებულობდნენ ძაღლებს, რომელთაც გააჩნდათ ზემოაღნიშნული თვისებები, თუმცა ისინი გარეგნულადაც და შესაძლებლობების მხრივაც განსხვავდებოდნენ თემიდან თემში.

ამ სხვაობის აღმოსაფხვრელად, გერმანიაში არსებული ადგილობრივი ძაღლის ჯიშებისათვის სტანდატიზებული განვითარების გეგმის შექმნის მიზნით  1891 წელს ჩამოყალიბდა ფილაქსის საზოგადოება (Phylax Society). ეს საზოგადოება დაიშალა სამი წლის შემდეგ გაუთავებელი შიდა კონფლიქტების გამო ძაღლებში გარკვეული თვისებების წინა პლანზე წამოწევასთან დაკავშირებით. საზოგადოების ზოგიერთ წევრს სწამდა, რომ ძაღლები უნდა გამოეყვანათ მხოლოდ სამუშაო მიზნებისათვის, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ძაღლებში გარეგნობა ფასობდა. თავიანთი განზრახვის წარუმატებლობის მიუხედავად, ფილაქსის საზოგადოებამ ხალხს მისცა ბიძგი ძაღლების ჯიშების დამოუკიდებლად სტანდარტიზაციისა.

გერმანიაში დიდი ინდუსტრიული ქალაქების აღმშენებლობასთან ერთად, მოსახლეობამ, რომელთაც შინაური პირუტყვი ჰყავდათ, კლება დაიწყო და მეცხვარე ძაღლებიც თითქოს უფუნქციოდ დარჩა, თუმცა მეორეს მხრივ, ცნობიერებამ მეცხვარული ძაღლის, როგორც უნივერსალური და გონიერი ძაღლის კლასის შესახებ აღმასვლა იწყო. კავალერიის ექს-კაპიტანი და ბერლინის ვეტერინარული კოლეჯის ყოფილი სტუდენტი – მაქს ფონ შტეფანიცი ფილაქსის საზოგადოების ყოფილი წევრი იყო, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ ძაღლების გამოყვანა უნდა მომხდარიყო სამუშაო მიზნებისათვის. იგი აღტაცებული იყო ადგილობრივი გერმანული მეცხვარე ძაღლების გონიერებით, ძალითა და შესაძლებლობებით, თუმცა ვერ მოეძებნა ძაღლის ერთი ჯიშიც კი, რომელიც დააკმაყოფილებდა სრულყოფილი მუშა ძაღლის განმსაზღვრელ მის მოთხოვნებს.

1899 წელს ფონ შტეფანიცი ესწრებოდა ძაღლების შოუს, როცა მას წარუდგინეს ძაღლი, სახელად ჰექტორ ლინკსრაინი (Hektor Linksrhein). ჰექტორი იყო რამოდენიმე თაობის სელექციური ბრიდინგის შედეგად მიღებული ძაღლი და სრულებით აკმაყოფილებდა ფონ შტეფანიცის წარმოდგენას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მუშა ძაღლი. მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძაღლის სიძლიერემ, გონიერებამ, ერთგულებამ და სილამაზემ, რომ დაუყოვნებლივ იყიდა იგი. ძაღლის შეძენის შემდეგ, ფონ შტეფანიცმა გადაარქვა ძაღლს სახელი, უწოდა ჰორანდ ფონ გრაფრატი (Horand von Grafrath) და დააარსა გერმანული მეცხვარული ძაღლის საზოგადოება. ჰორანდი გამოცხადდა პირველ გერმანულ მეცხვარე ძაღლად და იყო ასევე პირველი ძაღლი დაფუძნებული საზოგადოების ჯიშის ჟურნალში.

ჰორანდი იყო შემდგომი ბრიდინგის პროგრამების ამოსავალი წერტილი და მისი შეჯვარება ხდებოდა სხვა საზოგადოებების წევრების ისეთ ძაღლებთან, რომელთაც გააჩნდათ სასურველი თვისებები და ასევე ძაღლებთან, რომლებიც იყვნენ თიურინგიიდან, ფრანკონიიდან და ვურტემბერგიდან. ჰორანდის ყველაზე წარმატებული შვილი იყო ჰექტორ ფონ შვაბენი (Hektor von Schwaben).  ჰექტორის შეჯვარება მოხდა ჰორანდის სხვა შთამომავლებთან და შედეგად გაჩნდნენ ჰაინც ფონ შტარკენბურგი, ბეოვულფი და პილოტი (Heinz von Starkenburg, Beowulf and Pilot), რომლებმაც შემდეგ 84 ლეკვი გააჩინეს, რომელთა უმეტესობაც ჰექტორის შთამომავლებთან შეჯვარების შედეგად გაჩნდა. ასეთი ვიწრონათესაური გამრავლება საჭიროდ მიიჩნეოდა, რათა მომხდარიყო ჯიშში სასურველი თვისებების ჩანერგვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული მეცხვარული ძაღლის სარეგისტრაციო ჟურნალში დაფიქსირებულია  ოთხი ლეკვი. რომლებიც მგელთან შეჯვარების შედეგს წარმოადგენდა. რაც შეეხება ფონ შტეფანიცს, იგი ითვლება გერმანული მეცხვარული ძაღლის შემქმნელად.

ისტორია რინ-ტინ-ტინზე:

რინ-ტინ-ტინი (რინტი) იყო ხვადი გერმანული ნაგაზი, რომელიც ჯერ კიდევ ლეკვობისას, პირველი მსოფლიო ომის დროს, 1918 წელს საფრანგეთში გადაარჩინა აშშ-ს არმიის კაპრალმა – ლი დუნკანმა და მომდევნო წელს, მეორე გადარჩენილ, ძუ გერმანულ ნაგაზ – ნანეტთან ერთად წაიყვანა ამერიკაში. დუნკანმა რინტი გაწვრთნა და ასწავლა სხვადასხვა სახის ტრიუკების შესრულება, მათ შორის დიდ სიმაღლეებზე გადახტომა. ლოს-ანჯელესში გამართული გერმანული ნაგაზების შოუს დროს, რინ-ტინ-ტინმა გააკეთა ნახტომი 3,58 მ-ზე და გაიმარჯვა კიდეც. ეს მომენტი დუნკანის მეგობარმა – ჩარლი ჯოუნსმა თავისი ნელი მოძრაობის კამერით აღბეჭდა. ფირის ნახვის შემდეგ, დუნკანი დარწმუნდა იმაში, რომ მისი ძაღლი მომავალი სთრონგჰართი იქნებოდა,რომელიც ძალიან წარმატებული ფილმების მსახიობი ძაღლი იყო; გააჩნდა საკუთარი სახლი და მისი სახელი ქუჩასაც კი ერქვა.

რინტის დებიუტი 1922 წელს შედგა ფილმში ”The Man From Hell’s River”, რომელშიც მან მგელი შეცვალა. მგელი კამერასთან სათანადოდ ვერ მუშაობდა და როლსაც ვერ ასრულებდა, ხოლო რინტისთან მუშაობა ძალიან გაადვილდა დუნკანის ხმოვანი ბრძანებების დახმარებით. რინ-ტინ-ტინს თავისი ”კარიერის” განმავლობაში ბევრჯერ მოუწია მგლის ან მგლის ჰიბრიდის განსახიერება, რადგან ფილმების შემქმნელებისათვის გაცილებით ადვილი იყო გაწვრთნილ ძაღლთან მუშაობა. რინტიმ ითამაშა სხვა მუნჯ ფილმებშიც, რომლებმაც მას საოცარი პოპულარობა, ხოლო ”ვორნერ ბროს” (ფილმების გადამღებ კომპანიას) კი არნახული მოგება მოუტანა. იგი იქცა ჰოლივუდის ლეგენდად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1929 წლის აკადემიური ჯილდოს (ოსკარის) გადაცემის ცერემონიისათვის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე რინტიმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა აკადემიამ მეტი სერიოზულობის გამოჩენის მიზნით განსაზღვრა, რომ ჯილდო უნდა მიეღო ადამიან მსახიობს. რინ-ტინ-ტინის კანდიდატურა მოიხსნა და მოხდა ხმის ხელახალი მიცემა. შედეგად, საუკეთესო მსახიობის ტიტული და შესაბამისი ოსკარიც ერგო გერმანელ მსახიობ – ემილ ჯენინგსს.

რინ-ტინ-ტინს ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში 1963 წელს.

რინ-ტინ-ტინი

რინ-ტინ-ტინი

აქვე ვტოვებ ფილმს რინ-ტინ-ტინზე, სახელად ”Finding Rin-Tin-Tin”, რომელიც 2007 წელს გადაიღეს. ფილმში ასახულია ლი დუნკანის მიერ რინტის პოვნისა და მის მიერ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ჩადენილი გმირობების ისტორია.

ფილმის ლინკი

გერმანული ნაგაზი, როგორც სამუშაო ძაღლი:

გერმანული ნაგაზების მოშენება მოხდა განსაკუთრებით მათი გონიერების გამო. ესაა ის თვისება, რითაც ძაღლის ამ ჯიშმა სახელი გაითქვა. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, გერმანულ ნაგაზს მესამე ადგილი უჭირავს ბორდერ კოლისა და პუდელის შემდეგ.

გერმანული ნაგაზების გონიერებისა და ძალის წყალობით, მათი გაწვრთნა ხდება სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად. ისინი ჩინებულად ასრულებენ საპოლიციო, სამძებრო, სამაშველო, კვალის ამღებ და სამხედრო დავალებებს. გერმანული ნაგაზი შესანიშნავი საპოლიციო ძაღლია და შეუძლია კრიმინალების დევნა, განსაკუთრებით საშიში ტერიტორიების პატრულირება და ეჭვმიტანილების დაკავება. ბრწყინვალე ყნოსვის წყალობით, მას იყენებენ სხვადასხვა სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შესასრულებლად; გარდაცვლილი ადამიანების, ნარკოტიკებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად. იგი ასევე მეგზურობას უწევს უსინათლო და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

გერმანული ნაგაზების გამოყენება დღემდე ხდება ასევე ცხვრების სამწყემსად. ისინი აკონტროლებენ მინდვრის საზღვრებს, რათა ცხვრები არ გადავიდნენ საზღვარს მიღმა და არ დააზიანონ მოსავალი.

ქცევა და ხასიათი: 

გერმანული ნაგაზი ძლიერი და ათლეტური ჯიშის ძაღლია, ამიტომ არასწორად აღზრდის ან ადრეულ ასაკიდანვე სოციალიზაციის არქონის შემთხვევაში, შეიძლება გამოხატოს აგრესია და საშიში გახდეს. სწორად აღზრდილი გერმანული ნაგაზი კი ერთგული და დინჯი, ოჯახის საყვარელი წევრი იქნება. ამ ძაღლს ესაჭიროება ძლიერი, ზრდასრული ადამიანის მიერ მკაცრად მართვა და მის მეგობრობას დამსახურება უნდა. თუ ამას მიაღწევთ, მისი სახით უერთგულეს მეგობარს შეიძენთ.

გამორჩეული გონიერების წყალობით, ძაღლის ეს ჯიში ადვილად იწვრთნება და დამჯერი ხდება. გერმანული ნაგაზი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ყეფს და არ უნდა მოხდეს მისი დიდი ხნით მარტო დატოვება სახლში. იგი შესანიშნავი მოდარაჯე და მცველი ძაღლია. გერმანულ ნაგაზს სჭირდება დიდი ეზო ან რეგულარული (ყოველდღიური) და ბევრი ვარჯიში ენერგიის დახარჯვისა და ფორმაში ყოფნისათვის. მან იცის კარგი ხტომა და ცურვა და ასევე ძალიან უყვარს თამაში.

მოვლა:

გერმანულ ნაგაზს სჭირდება მცირედი მოვლა. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს მისი ყოველდღიური ვარჯიში და არა სახლში ჩაკეტვა. იგი არის ძაღლის ის ჯიში, რომელსაც მუდმივად ცვივა თავისი უხეში ბეწვი,ამიტომ საჭიროა მისი ხშირი (კვირაში რამოდენიმეჯერ) დავარცხნა. განსაკუთრებით განგურის დროს არის აუცილებელი მკვდარი თივთიკის მოცილება სპეციალური ჯაგრისით, რადგან ის ახალამოსულ ბეწვს ეკრობა. ბანაობა სასურველია საჭიროების შემთხვევაში ან მშრალი შამპუნით გასუფთავება. ასევე საჭიროა გერმანული ნაგაზისათვის ფრჩხილების დაჭრაც, თუკი იგი სახლშია. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი გერმანული ნაგაზი ეზოს ძაღლია, იგი თავად დაიცვეთს ფრჩხილებს სირბილითა და მიწის თხრით.

ჯანმრთელობა:

გერმანული ნაგაზის ჯიშის ჩამოყალიბების საწყის პერიოდში ვიწრონათესაური შეჯვარების შედეგს წარმოადგენს ბევრი ისეთი ავადმყოფობა, რაც ძაღლის ამ ჯიშისთვისაა დამახასიათებელი. ასეთია მაგალითად მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრის დისპლაზია, რამაც შეიძლება შემდგომ ართრიტი გამოიწვიოს.

დეგენერაციული მიელოპათია – ნევროლოგიური დაავადება – ზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანება.

ფონ ვილებრანდის დაავადება – მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწვევს.

კუჭქვეშა ჯირყვლის (პანკრეასის) უკმარისობა – რაც აფერხებს საჭმლის მონელებას და იწვევს წონის კლებას.

german-shepherd-Suppelements

გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი) საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი საშუალოდ 250-დან 700 ლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე გერმანული ნაგაზის შესახებ.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

სამოედი

ჩემი შემდეგი პოსტი ეხება ძაღლის ძალიან საყვარელ და ლამაზ ჯიშს თავისი ულამაზესი თეთრი ფუმფულა ბეწვითა და ”მომღიმარი” სახის გამომეტყველებით – ესაა სამოედი.

სამოედი

სამოედი

ძაღლის ჯიში:                                                    სამოედი

სხვა სახელი:                                                      ბელკიერი, სამოედური ძაღლი,                                                                                                                                                        ნენეტური ლაიკა

მეტსახელი:                                                          სმაილი (ქართ: ღიმილაკი, სიცილაკი)                                                                                                                                          სემი

წარმომავლობა:                                                 ჩრდილო-დასავლეთ რუსეთი,                                                                                                                                                        დასავლეთ ციმბირი

ფერი:                                                                         თეთრი, კრემისფერი, ღია ყავისფერი

სიმაღლე:                                                              აკკ*-ს სტანდარტი: ხვადი – 53 – 60 სმ                                                                                                                                                                                  ძუ – 48 – 53 სმ                                                                                                                                              ბკკ**-ს სტანდარტი:   ხვადი – 51 – 56 სმ                                                                                                                                                                                 ძუ – 46 – 51 სმ

წონა:                                                                          ხვადი – 23 – 30 კგ                                                                                                                                                                                 ძუ – 17 – 25 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:                      12 – 16 წელი

აკკ *ამერიკული კენელ კლუბი

ბკკ ** – ბრიტანეთის კენელ კლუბი

 

წარმოშობის ისტორია: 

სამოედი მიეკუთვნება შპიცების ჯგუფს და წარმოადგენს ძაღლის იმ ჯიშს, რომლის სახელიც მომდინარეობს ციმბირში მცხოვრები სამოედების ტომისაგან. ამ მომთაბარე, ჩრდილოეთის ირმების მწყემსმა ტომმა გამოიყვანა ფუმფულა, თეთრი ფერის ძაღლები იმისათვის, რათა მათთთვის დახმარება გაეწიათ ირმების ჯოგების მწყემსვისას და სამოედებს ასევე იყენებდნენ მარხილის სათრევად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ როალდ ამუნდსენმა სამხრეთ პოლუსზე მისი პირველი ექსპედიციისას დაიხმარა მარხილის ძაღლების ჯგუფი, რომელთა წინამძღოლიც იყო სამოედი, სახელად ეტა. უკანასკნელ ხანებში ჩატარებული ძაღლის ამ ჯიშის დნმ-ის ანალიზის შედეგად, სამოედი შევიდა 14 უძველეს ძაღლის ჯიშთა სიაში, რომელშიც ასევე შედიან ციმბირული ჰასკი, ალასკური მალამუტი, ჩაუ-ჩაუ და 10 სხვა ჯიში. სამოედის ჯიში სულ მცირე, 3000 წლის მოშენებული და გაწვრთნილია. ევროპაში სამოედებს მეორენაირად ”ბელკიერებს” უწოდებენ.

ქცევა და ხასიათი:

სამოედი ძალზე სიცოცხლისუნარიანი და ენერგიული ჯიშია. მისი მეგობრული ბუნება ძაღლის ამ ჯიშს ცუდ მოდარაჯე ძაღლად აქცევს. იშვიათია სამოედი იყოს აგრესიული, თუმცა მათი ყეფისადმი მიდრეკილებით, როდესაც ვინმე უახლოვდება მათ ტერიტორიას, სამოედები შეიძლება კარგ მეთვალყურე ძაღლებად ჩამოყალიბდნენ.

სამოედები შესანიშნავი კომპანიონები არიან, თუმცა იციან ოჯახში ერთი ადამიანის გამორჩევა და მისი განსაკუთრებით შეყვარება. მიუხედავად ამისა, ისინი მოსიყვარულენი რჩებიან ოჯახის სხვა წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების მიმართ და სიბერის პერიოდშიც კი ინარჩუნებენ თამაშის სიყვარულს.

როცა სამოედი მოიწყენს, შეიძლება დაიწყოს თხრა; იგი თხრის ორმოს და შიგ გასაგრილებლად წვება. მისი, როგორც მარხილის ძაღლის წარმომავლობის წყალობით, გაუწვრთნელ სამოედს არ ექნება არანაირი პრობლემა პატრონის გვერდზე გაყოლის ნაცვლად, მისი თავისივე საბმელით წათრევისა, ამიტომ აუცილებელია მისი სწორად გაწვრთნა, განსაკუთრებით კი იგი უნდა გადაეჩვიოს გაწევას, როცა საბელმობმულია. სამოედის პატრონი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისთვის სათანადო პირობების შექმნას შეძლებს.

ბავშვებთან თამაშის დროს, შეიძლება ასევე თავი იჩინოს სამოედის, როგორც მწყემსი ძაღლის ინსტინქტმა და ამ დროს ის შეეცდება, ბაშვები შეაბრუნოს და სხვა მიმართულებით წაიყვანოს. სამოედს ესაჭიროება ხანგრძლივი, ყოველდღიური ვარჯიში, რადგან აქტიური მუშა ძაღლია და თან ფიზიკურად ძალზედ ძლიერია. თავნება ხასიათის გამო, იგი ძნელი გასაწვრთნელია, თუმცა თავისი სამუშაო გამოცდილების წყალობით, შეუძლია დაიჭიროს გადაგდებული ნივთები, ირბინოს და იყეფოს. უმჯობესია, თუკი მის ენერგიას რაიმე სამუშაოს ან მოქმედების შესასრულებლად წარვმართავთ. სამოედის წვრთნა უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდანვე და პატრონიც მომთმენი უნდა იყოს წვრთნის პერიოდში.ვარჯიშის ნაკლებობის შემთხვევაში, სამოედი შეიძლება დაითრგუნოს და დაიწყოს ნივთების ღეჭვა, მტვრევა და სხვაგვარი მავნებლობა, ამიტომ ნუ დატოვებთ მას დიდხანს სახლში მარტო.

ძაღლის ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია სახის ფხიზელი და მხიარული გამომეტყველება, როდესაც ზრუნვას იგრძნობს, სამოედი პირის კუთხეებს მაღლა სწევს და სასაცილო გამომეტყველებას იღებს, რის გამოც მას აქვს მეტსახელები:  ”სემის ღიმილი” და ”მომღიმარი” ძაღლი.

Smiley :)

Smiley 🙂

მოვლა: 

სამოედს შეუძლია იცხოვროს ბინაში, თუკი ექნება ვარჯიშის საშუალება. საკმარისი იქნება, თუკი შეეძლება პატარა ეზოში ყოველდღე სირბილი, ასევე ხანგრძლივი, სწრაფი სიარული სეირნობისას. უნდა გაკონტროლდეს მისი წონაც, რადგან ამ ჯიშს სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება.

იმის გამო, რომ სამოედს აქვს სქელი, ორმაგი ბეწვი, რომელიც არქტიკულ ყინვას უძლებს, მას უჭირს ცხელი კლიმატის ატანა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ზედმეტად არ მოხდეს მისი ვარჯიში თბილ ამინდში.

სამოედს მთელი წლის განმავლობაში სცვივა ბეწვი, თუმცა წელიწადში ორჯერ ბღუჯა-ბღუჯად ჩამოსდის თივთიკი, რომელიც ძალზე ადვილად ეკრობა ნაჭერს და ფარფატებს ჰაერში, ამიტომ მის ბეწვს სჭირდება რეგულარული მოვლა. სამოედის ფუმფულა ბეწვი ხშირად, თითქმის ყოველდღე უნდა დაივარცხნოს, რათა თავიდან ავიცილოთ ბეწვის მოთელვა და კვანძები. აღსანიშნავია ის, რომ ხვადების ბეწვი კისრის ირგვლივ უფრო ხშირი და ფუმფულაა, ვიდრე ძუების. ბანაობა არ არის აუცილებელი, რადგან სამოედის თეთრ ბეწვს ჭუჭყი თითქმის არ ეკარება. დროდადრო საჭიროა მისი გასუფთავება მშრალი შამპუნით და უსუნო ტალკის ფხვნილით.

სამოედს არ სჭირდება საგანგებო კვება, თუმცა განსაკუთრებულად უყვარს თევზი.

ჯანმრთელობა:

სამოედს შეიძლება დაემართოს მემკვიდრული დაავადებები, როგორიცაა:

მემკვიდრეობითი გლომერულოპათია – თირკმლის დაავადება (უკმარისობა), რომელიც უფრო მწვავედ ემართებათ ხვად სამოედებს.

მემკვიდრეობითი ნეფრიტი – თირკმლის ანთებითი დაავადება.

შაქრიანი დიაბეტი – ემართებათ შუა ხნის სამოედებს. ამ დიაგნოზისათვის ძაღლის საშუალო ასაკი 7 წელია. დაავადების გამომწვევი მიზეზია პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირყვლის) ქრონიკული ანთება. ამ დაავადების დაძლევა შესაძლებელია ინსულინის რეგულარული ინექციით.

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას). დაავადება ნელ-ნელა იწვევს მხედველობის დაკარგვას და საბოლოოდ ძაღლი ბრმავდება. ამ დაავადების პირველი სიმპტომები 2-დან 5 წლის ასაკამდე ვლინდება.

პულმონარული სტენოზი – ემართებათ უფრო ხშირად სამოედებს, ვიდრე ძაღლის სხვა ჯიშებს. ეს დაავადება იწვევს სუნთქვის შემოკლებას, გულის არითმიას, დაღლილობას მოძრაობისას და ზრდის გულის კონგესტიური უკმარისობის რისკს.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

3165454779_745a4be1fe_b

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე სამოედის შესახებ და ასევე ულამაზეს მოსიყვარულე ”სემი”-ს.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი